კოლუმნეა - მრავალრიცხოვანი ყვავილით გამორჩეული მცენარე საკიდი კალათებისთვის

მებაღის რჩევები

17 თებერვალი 12:00, 2016 წელი
99

საოთახო მემცენარეობაში განსაკუთრებით პოპულარული სახეობები და მათი მოვლისა და გამრავლების წესები.


კოლუმნეა (ლათ. Columnea)
გესნერიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ამპელური (დაკიდებული) მცენარეა, რომელიც, ძირითადად, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკებშია გავრცელებული. ველურ ბუნებაში კოლუმნეა ეპიტიფ მცენარეებს მიეკუთვნება და ხეებზე იზრდება მცოცავი ლიანის სახით.
კოლუმნეას ტოტები სიგრძეში 1-1,5 მ-ს აღწევს და განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება საკიდ კალათაში ან ქოთანში. მცენარე ყოველ გაზაფხულზე ყვავილობს და გამორჩეულია მრავალრიცხოვანი, მილისებური, მკვეთრი წითელი ან ფორთოხლისფერი ყვავილებით.
საოთახო მემცენარეობაში განსაკუთრებით პოპულარული სახეობებია - კოლუმნეა ბანკსი (ლათ. Columnea banksii), კოლუმნეა გლორიოსა (ლათ. Columnea gloriosa) და მსხვილფოთოლა კოლუმნეა (ლათ. Columnea crassifolia).


განათება

კოლუმნეა კარგად განათებულ ადგილას უნდა მოათავსოთ, მხოლოდ ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს.
მცენარე ვერ იტანს ორპირ ქარსა და ღია გარემოს, ამიტომ მის გატანას აივანსა და ბაღში თვით ზაფხულის ყველაზე თბილ დღეებშიც კი მოერიდეთ.

ტემპერატურა
გაზაფხულსა და ზაფხულში ოპტიმალური ტემპერატურა 18-20 გრადუსი უნდა იყოს, მოსვენების პერიოდში კი (განსაკუთრებით შემოდგომაზე) ტემპერატურა 10-12 გრადუსამდე დასწიეთ. თუმცა, მოსვენების პერიოდი, სულ რაღაც, 45-50 დღე გრძელდება, რის შემდეგაც მცენარე კვლავ ჩვეულ ტემპერატურას უნდა დაუბრუნდეს. მოსვენების პერიოდის დასრულებას, როგორც წესი, საყვავილე კვირტების გამოჩენა გვამცნობს.

ჰაერის ტენიანობა
ჰაერის ტენიანობის მიმართ კოლუმნეა განსაკუთრებით მომთხოვნია, ამიტომ მცენარე წყლის შესხურებას რეგულარულად საჭიროებს (განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში).

მორწყვა
მორწყვის მიმართ კოლუმნეა განსაკუთრებით მომთხოვნია. ზამთარში ზომიერად, ხოლო გაზაფხულსა და ზაფხულში შედარებით უხვად მორწყვას საჭიროებს.
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ მცენარის მორწყვა, რადგან ამ მხრივ მცირე უყურადღებობაც კი ფოთლების დაჭკნობასა და ცვენას გამოიწვევს.
მოსარწყავად აუცილებლად ნადგომი ან გაფილტრული წყალი გამოიყენეთ, თუმცა, თუ ამის შესაძლებლობაა, უკეთესია თოვლის ნადნობის ან წვიმის წყლის გამოყენება.

განოყიერება
კოლუმნეა სასუქებით განოყიერებას მაინცდამაინც არ საჭიროებს, თუმცა მოსვენების პერიოდის დასრულების შემდეგ (როცა მცენარე საყვავილე კვირტებს გამოიღებს) კარგი იქნება, თუ კვირაში 1-2-ჯერ, ფოსფორისა და კალიუმის შემცველი რომელიმე მინერალური სასუქით გაანოყიერებთ. სავსებით მისაღებია ყვავილ-დეკორატიული ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი სასუქების ნახევარი დოზით განოყიერებაც.
 

ნიადაგი და გადარგვა

კოლუმნეა ყვავილობის დასრულებისთანავე უნდა გადარგოთ. გადარგვის წინ კი ტოტები 2-3 სმ-ით უნდა დაუმოკლოთ.
შეგიძლიათ, ჩასარგავად ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სუბსტრატი გამოიყენოთ, ან კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწისა და ტორფისგან (2/2/1) თავად მოამზადოთ.
კარგი იქნება, სუბსტრატში ცოტაოდენი ქვიშა, ხის ნახშირი და სფაგნუმიც გადაურიოთ.
ქოთანი ფართო და არაღრმა უნდა იყოს, კარგი დრენაჟისთვის კი ქოთნის ძირში კენჭების ან აგურის ნატეხების თხელი ფენა უნდა მოაყაროთ.

გამრავლება
კოლუმნეა კალმით მრავლდება. გასამრავლებლად საუკეთესო დროდ კი გაზაფხულის შუაგული (აპრილი) ითვლება. კალმით გასამრავლებლად უნდა მოაჭრათ მცენარეს 10-15 სმ-ის სიგრძის ტოტი და თანაბარი რაოდენობის ტორფისა და ქვიშის ნაზავში უნდა დააფესვიანოთ. დასაფესვიანებელ კალამს სასურველია, მინისათბურიც მოუწყოთ, ამისთვის კარგი იქნება ზემოდან შუშის ქილა, ან პოლიეთილენის თხელი ფენა დააფაროთ. ასეთი წესით, კალამი 3-4 კვირაში დაფესვიანდება და შეგიძლიათ, ჩვეულებრივ სუბსტრატში გადაიტანოთ.