ირესინე (ლათ. Iresine) ჯიჯლაყასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც 80-მდე სახეობას აერთიანებს და ბუნებაში გვხვდება როგორც ბალახების, ისე ბუჩქებისა და იშვიათად - ხეების სახით. მცენარე, ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ანტილიის კუნძულებსა და ავსტრალიაში.
მცენარის სახელწოდება ბერძნულიდან მომდინარეობს - „eiresiane“ ქართულად „ბეწვიანს“, „ფუმფულას“ ნიშნავს და ირესინეს სახეობათა უმრავლესობა მართლაც გამოირჩევა ფუმფულა, ბეწვის გორგალის მსგავსი ყვავილებით.
ირესინე სიმაღლეში 50-60 სმ. იზრდება, ფოთლები ამობურცული აქვს, ბოლოებში წვეტიანი.
ფოთლების შეფერილობა, როგორც წესი, წითელი, ჟოლოსფერი ან იასამნისფერია და ხაზებად გასდევს მუქი წითელი, მწვანე, ყვითელი ან თეთრი ხაზები.
საოთახო მემცენარეობაში ყველაზე ფართოდ გავრცელებულია ირესინეს ორი სახეობა:
ირესინე ლინდენია (ლათ. Iresine lindenii) და ირესინე ჰერბსტა (ლათ. Iresine herbstii).
განათება
ირესინეს მთელი წლის განმავლობაში მკვეთრი განათება სჭირდება, რადგან სინათლის ნაკლებობა ფოთლებისა და ტოტების შეფერილობას უფერმკრთალებს (უხუნებს).
უკეთესია მცენარე ისეთ ფანჯარასთან მოათავსოთ, სადაც მზის პირდაპირი სხივები მხოლოდ დილით ან საღამოს ხვდება, რადგან შუადღის მზე მცენარეზე უარყოფითად მოქმედებს.
ტემპერატურა
ირესინე სითბოსმოყვარული მცენარეა, ამიტომ ზამთარ-ზაფხულ ტემპერატურა 18-20 გრადუსს უნდა აღწევდეს. მიუხედავად ამისა, ზამთრის პერიოდში, ხანმოკლე დროით, დაბალ ტემპერატურასაც (12 გრადუსს) უძლებს.
ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობა ირესინესთვის დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ დროდადრო ფოთლებზე წყლის შესხურება ნამდვილად არ აწყენს.
შესასხურებლად აუცილებლად რბილი, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.
მორწყვა
აქტიური ზრდის პერიოდში (გაზაფხულსა და ზაფხულში) ირესინე ხშირად და უხვად მორწყეთ, ზამთარში კი მორწყვა შედარებით შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ მიწის ზედა ფენის გამოშრობის შემთხვევაში მორწყეთ. მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის, რბილი და ნადგომი წყალი გამოიყენეთ.
განოყიერება
კარგი ზრდისა და ფოთლების მკვეთრი შეფერილობისთვის, ირესინე გაზაფხულსა და ზაფხულში, თვეში 2-ჯერ, ფოთოლ-დეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე ორგანული ან მინერალური სასუქით გაანოყიერეთ.
შეგიძლიათ, ხანგრძლივი მოქმედების სასუქების გამოყენებაც, რომელიც მცენარეს გაზაფხულობით, ახალ მიწაში გადარგვისას უნდა მისცეთ (ასეთი სასუქი გადარგვისას პირდაპირ მიწაში ჩაამატეთ).
გასხვლა
ლამაზად ფორმირებისთვის ირესინეს უშნოდ წაგრძელებული ტოტები მოაჭერით, დანარჩენი ტოტები კი დროდადრო 2-3 სმ-ით შეუმოკლეთ.
ნიადაგი და გადარგვა
ირესინე სწრაფად მზარდი მცენარეა, ამიტომ გადარგვას ყოველწლიურად საჭიროებს.
ეს აუცილებლად გაზაფხულზე უნდა გააკეთოთ.
გადარგვისას მცენარეს ძველ მიწას ფესვებზე მთლიანად ნუ მოაშორებთ.
რაც შეეხება ნიადაგს, იგი უნივერსალური უნდა იყოს და კარგი იქნება თუ 3 წილი კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწისა და ტორფის ნაზავისა და 1 წილი მსხვილი ქვიშისგან თავად მოამზადებთ.
გამრავლება
ირესინე შეგიძლიათ, კალმით გაამრავლოთ, რისთვისაც საუკეთესო დრო გაზაფხულის დასაწყისია.
მცენარის კალმით გასამრავლებლად საჭიროა:
მოაჭრათ მცენარეს ტოტი დაახლოებით 10 სმ-ის სიგრძის ტოტი, ჩარგოთ ქვიშისა და ტორფის ნაზავში და დასაფესვიანებლად 20-24 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსოთ.
8-10 დღეში კალამი დაფესვიანდება, რის შემდეგაც შეგიძლიათ, 7-10 სმ-იან ქოთანში გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
დაავადებები
არასწორი მოვლის პირობებში ირესინეს შესაძლოა, მავნებლები გაუჩნდეს.
ასეთ დროს მცენარე სპეციალური პრეპარატებით უნდა შეწამლოთ.
შესაწამლად რეკომენდებულია პირეტრუმის შემცველი ინსექტიციდების გამოყენება.