ჰოია - „არომატული ვარსკვლავი“ თქვენს ოთახში!

მებაღის რჩევები

27 თებერვალი 12:00, 2016 წელი
347

ჰოია ულამაზესი, ვარსკვლავისებური ფორმისა და არომატული ყვავილებით გამორჩეული ხვიარა მცენარეა, რომელიც ოთახის პირობებში საკმაოდ მარტივად ხარობს და შეგიძლიათ, როგორც საკიდ კალათაში, ისე ჩვეულებრივ ქოთანში გამოზარდოთ.

ჰოია (ლათ. Hoya) ბამბაცასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ამპელური მცენარეა, რომელიც 200-მდე მრავალწლოვან ლიანას აერთიანებს და ძირითადად, გავრცელებულია ინდოეთში,  ავსტრალიაში, ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში.
საოთახო მემცენარეობაში ყველაზე პოპულარული სახეობებია - მშვენიერი ჰოია (ლათ. Hoya bella) და ხორცოვანი ჰოია (ლათ. Hoya carnosa), რომელიც ხალხში „ცვილის სუროს“ სახელითაა ცნობილი.
არსებობს ჰოიას ეგზოტიკური სახეობებიც, მაგალითად: ჰოია კერრი (ლათ. Hoya Kerri) - გულის ფორმის ორიგინალური ფოთლებით, ჰოია რეტუსა (ლათ. Hoya Retusa) - ნაზი, მილისებური ფოთლებით, ჰოია მულტიფლორა (ლათ. Hoya multiflora ) - რომელსაც ყვავილის ფურცლები უკან აქვს გადახრილი და ჰოია ონიხოიდესი (ლათ. Hoya onychoides) - რომელსაც ყვავილის ფურცლები მოხრილი ფრჩხილებივით აქვს ამობურცული.

განათება
ეცადეთ, ჰოია მკვეთრ და გაფანტულ შუქზე გედგათ და ადგილი არ შეუცვალოთ, რადგან მცენარე განათების ცვლილებაზე ცუდად რეაგირებს და შესაძლოა, საყვავილე კვირტები და ფოთლებიც კი დასცვივდეს.


ტემპერატურა
ჰოიას არ უყვარს სიცხე, ამიტომ ეცადეთ, ზაფხულობით ოთახის ტემპერატურა 20-25 გრადუსი იყოს, ზამთარში კი მხოლოდ 15-17 გრადუსს აღწევდეს.



ჰაერის ტენიანობა

ჰოიას სუფთა ჰაერზე ყოფნა უყვარს, მაგრამ რადგან ადგილის მონაცვლეობაზე ცუდად რეაგირებს აივანზე, ან ეზოში გატანის ნაცვლად, ფანჯარა ხშირად გამოუღეთ და ხშირად გაანიავეთ.
მცენარე კარგად იტანს მშრალ ჰაერს, მაგრამ დროდადრო თბილი შხაპის მოწყობა ან წყლის შესხურებაც არ აწყენს. აღნიშნული პროცედურები (შხაპი და წყლის შესხურება) მხოლოდ ყვავილობის პერიოდში უნდა შეწყვიტოთ, რადგან ყვავილზე წყლის მოხვედრა მათ ცვენას გამოიწვევს.

მორწყვა
ჰოია გაზაფხულ-ზაფხულში უხვად მორწყეთ, მხოლოდ ისე, რომ მიწის ზედა ფენა გამოუშრეს. შემოდგომიდან მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ (დაახლოებით 2 კვირაში 1-ჯერ), ხოლო ზამთრის დადგომასთან ერთად (ამ დროს მცენარეს მოსვენების პერიოდი ეწყება) სრულებით შეწყვიტეთ, ან თვეში 1-ჯერ მორწყეთ.
მოსვენების პერიოდიდან მცენარე სწორედ მორწყვით უნდა „გამოიყვანოთ“, ამისთვის ქოთანი ცოტა ხნით თბილი წყლით სავსე ჯამში ჩადგით, ან პირველივე ჯერზე დიდი რაოდენობის თბილი წყლით მორწყეთ.

განოყიერება
მთელი ვეგეტაციის პერიოდში (მარტის დასაწყისიდან ზაფხულის ბოლომდე), ჰოია თვეში 2-ჯერ, რომელიმე კომპლექსური სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში მცენარე განოყიერებას არ საჭიროებს.
 
ნიადაგი და გადარგვა

ჰოია ახალ ქოთანში მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადარგოთ, როდესაც ფესვებით ძველ ქოთანს გადაავსებს (დაახლოებით 2-3 წელიწადში ერთხელ). ახალი ქოთანი ძველზე ოდნავ ფართო უნდა იყოს და ნურც ფსკერზე დრენაჟის მოწყობას დაივიწყებთ.
რაც შეეხება ნიადაგს,  ნოყიერი და წყლის კარგად გამტარი უნდა იყოს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას 2 წილი კორდის მიწის, 2 წილი ნაკელისა და 1 წილი ქვიშისგან მოამზადებთ.

გამრავლება
ჰოია შეგიძლიათ, კალმით ან თესლით გაამრავლოთ.
კალმით გასამრავლებლად საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს დაახლოებით 8-10 სმ-ის კალამი და წყალში, ან ტორფისა და ქვიშის ნაზავში დააფესვიანოთ. ასეთი წესით კალამს დაახლოებით 3-4 კვირაში დააფესვიანებთ.
თესლით გასამრავლებლად: უნდა მოაგროვოთ მცენარის თესლი და გაზაფხულზე, ტორფისა და ქვიშის ნათესში ჩათესოთ. ნათესს ზემოდან პოლიეთილენის ფენა, ან შუშის ქილა უნდა დააფაროთ, 22-24 გრადუს ტემპერატურაზე უნდა მოათავსოთ და დროდადრო გაანიავოთ. როგორც კი მიწიდან რამდენიმე ფოთოლი ამოიწვერება, მცენარე ცალკე ქოთანში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.