ზოლიანი ლამაზმანი - როგორ მოვუაროთ ტროპიკულ რეოს ოთახის პირობებში?!

მებაღის რჩევები

19 მარტი 12:00, 2016 წელი
105

რეო ულამაზესი ტროპიკული მცენარეა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული საოთახო მემცენარეობაში. რა უნდა ვიცოდეთ ამ მცენარის შესახებ და როგორ მოვუაროთ მას ჩვენი ქვეყნის პირობებში?!


რეო (ლათ. Rhoeo) – მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე, რომელიც ძირითადად, მექსიკაში, ფლორიდასა და ანტილიის კუნძულებზე - ტენიან ტროპიკულ ტყეებში, მდინარის ნაპირებსა და კლდიან ადგილებშია გავრცელებული.
მცენარე სიმაღლით 30 სმ-ს არ აღემატება, ფოთლები ჩამჯდარი აქვს, სწორი, ქვემოთ მოწითალო-იასამნისფერი შეფერილობის, ზემოდან კი - მუქი მწვანე და პრიალა. ყვავილობს წვრილ-წვრილი და უსახური ყვავილებით და შესაძლოა, წლის ნებისმიერ დროს აყვავდეს, თუმცა ყვავილობა ხანმოკლე აქვს.

განათება
რეო უპირატესობას კარგად განათებულ ადგილს ანიჭებს, თუმცა აუცილებლად უნდა მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს. არასაკმარისი განათებისას, რეო დეკორატიულობას კარგავს - ფოთლები უხუნდება და უშნოდ უგრძელდება.

ტემპერატურა
გაზაფხულსა და ზაფხულში ოპტიმალური ტემპერატურა 20-24 გრადუსი უნდა იყოს, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი - 17-20 გრადუსი.
არ არის სასურველი მცენარის ორპირ ქარში მოთავსება და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები.

ჰაერის ტენიანობა
რეო კარგად რეაგირებს ჰაერის მაღალ ტენიანობაზე, ამიტომ ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად ფოთლებზე პერიოდულად შეასხურეთ ოთახის ტემპერატურის რბილი წყალი.
გარდა ამისა, ეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად გაანიავოთ ოთახი.


მორწყვა

მარტიდან სექტემბრის ჩათვლით რეო უხვად უნდა მორწყათ, როგორც კი მიწის ზედა ფენა გამოუშრება. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში კი მორწყვა უნდა შეამციროთ და მიწის ზედა ფენის გამოშრობიდან მხოლოდ 1-2 დღეში უნდა დაუსხათ წყალი.
მოსარწყავად აუცილებლად გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის რბილი წყალი.

ნიადაგი და გადარგვა
რეო ყოველწლიურად - გაზაფხულობით უნდა გადარგათ.
ნიადაგი აუცილებლად ფხვიერი და ნოყიერი უნდა იყოს, რომელიც შეგიძლიათ, მზა სახით  შეიძინოთ (ფოთოლ-დეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი სუბსტრატი), ან თანაბარი რაოდენობის კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწის, გადამწვარი ნაკელისა და ქვიშისგან თავად მოამზადოთ.
კარგი დრენაჟიც არ დაივიწყოთ და ქოთნის ფსკერზე თხელ ფენად მოაფინეთ მსხვილი კენჭები ან აგურის ნატეხები.

განოყიერება
გაზაფხულსა და ზაფხულში რეო თვეში 2-ჯერ გაანოყიერეთ ფოთოლ-დეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე კომპლექსური მინერალური სასუქით.
შემოდგომიდან განოყიერება გააიშვიათეთ (თვეში ერთხელ), ზამთარში კი საერთოდ შეწყვიტეთ.

გამრავლება
რეო შეგიძლიათ, თესლით ან გვერდითი ამონაყარის საშუალებით გაამრავლოთ.
თესლით გასამრავლებლად საჭიროა: მოაგროვოთ მცენარის თესლი და ჩათესოთ ტორფისა და ქვიშის ნათესში. ეს აუცილებლად გაზაფხულზე (აპრილში) უნდა გააკეთოთ. ნათესი მოათავსეთ 20-24 გრადუსზე, ხოლო პირველი 3 ყლორტის ამოსვლისთანავე ცალკე ქოთანში  გადარგეთ. რეოს თესლით გამრავლებას ერთი თავისებურება აქვს - ასეთი წესით გამრავლებული მცენარე გამოდის მხოლოდ მწვანე ფოთლებიანი.
რაც შეეხება გვერდითი ამონაყარით გამრავლებას, ეს გაზაფხულობით უნდა გააკეთოთ - უმჯობესია „დედა“ მცენარის გადარგვის პროცესში.