მურრაია - მცენარე გემრიელი და სასარგებლო ნაყოფით

მებაღის რჩევები

26 მარტი 12:00, 2016 წელი
86

მურრაია ციტრუსების მონათესავე ეგზოტიკური მცენარეა, რომელიც სასარგებლო და გემრიელი ნაყოფით გამოირჩევა, ხოლო მის ყვავილებს პარფიუმერიაში იყენებენ. ამ სტატიაში მურრაიას მოვლისა და გამრავლების წესებზე ვისაუბრებთ.


მურრაია (ლათ. Murraya)
- ტეგანისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი და მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც 10-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის კუნძულებსა და ინდოეთში.
მურრაიას მუქი მწვანე, ტყავისებური და არომატული ფოთლები აქვს, რომლებიც ან 7 ფოთოლაკად აქვს დაყოფილი. ტოტებზე ერთეულად განლაგებული ან ყვავილედებად შეკრული თეთრი და ღია კრემისფერი ყვავილებიც ძლიერი არომატით გამოირჩევა. ნაყოფი კენკრაა, წითელი ფერისა და მომწიფებისთვის დაახლოებით 4 თვე სჭირდება.
მურრაიას თითქმის ყველა ნაწილი სასარგებლოა - ფოთლებს, ფესვებსა და ყვავილებს იყენებენ მედიცინაში (მზადდება სამკურნალო ნაყენები და ნახარშები), არომატულ ყვავილებს - პარფიუმერიულ მრეწველობაში, ხოლო ნაყოფს უმად, დაშაქრულს ან ჩირის სახით მიირთმევენ.
ბუნებრივ პირობებში მურრაია 3-4 მ-მდე იზრდება, თუმცა საოთახო მემცენარეობაში რეკომენდებულია შედარებით ტანდაბალი ჯიშები - ეგზოტიკური მურრაია (ლათ. Murraya exotika) და საგველიანი (საგველა - ცოცხისმაგვარი ყვავილედის ტიპია) მურრაია (Murraya paniculata), რომლებიც სიმაღლეში მაქსიმუმ 1-1,5 მეტრს აღწევს და აქედან გამომდინარე, მარტივად მოსავლელია ოთახის პირობებში.


 



განათება
მურრაია კარგად განათებულ ადგილას უნდა მოათავსოთ, მხოლოდ ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს (განსაკუთრებით ზაფხულობით). ზამთრის მოკლე და პირქუშ დღეებში, კარგი იქნება დამატებით ხელოვნური განათებაც მოუწყოთ, რადგან სინათლის ნაკლებობა ტოტების უშნოდ დაგრძელებასა და დეკორატიულობის დაკარგვას გამოიწვევს.

ტემპერატურა
ბუნებრივ პირობებში, მურრაია ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა - კლდიან მთებში იზრდება, აქედან გამომდინარე, ნორმალური ზრდისთვის ზომიერ ტემპერატურას საჭიროებს. ზამთარში უკეთესია, თუ შედარებით დაბალ ტემპერატურაზე (17-19 გრადუსზე) გამოაზამთრებთ. ზაფხულობით მცენარე ვერ იტანს ზედმეტ სიცხეს, ამიტომ კარგი იქნება, წელიწადის ამ დროს აივანზე ან ბაღში გაიტანოთ.

ჰაერის ტენიანობა
მურრაიასთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა დიდ აუცილებლობას არ წარმოადგენს, რადგან ჰაერის სიმშრალესაც კარგად უძლებს. თუმცა ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად კარგი იქნება, თუ დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.

მორწყვა
მურრაიას ზომიერი მორწყვა სჭირდება, რადგან ზედმეტი მორწყვისგან შეიძლება ფესვებში წყალი ჩაუდგეს და დალპეს. აქედან გამომდინარე, უმჯობესია, მცენარეს წყალი დააკლოთ, ვიდრე ზედმეტი მოგივიდეთ.

ნიადაგი და გადარგვა
როგორც წესი, მურრაია წელიწადში ერთხელ უნდა გადარგოთ, მაგრამ თუ მცენარე სწრაფად იზრდება, მაშინ უფრო ხშირი გადარგვაც არ აწყენს.
ნიადაგი ფხვიერი და ნოყიერი სჭირდება, კარგი იქნება, თუ მას თანაბარი რაოდენობის ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და მდინარის ქვიშისგან მოამზადებთ.

განოყიერება
მურრაია თვეში 2-ჯერ ციტრუსებისთვის განკუთვნილი სასუქებით გაანოყიერეთ. განოყიერება დაიწყეთ თებერვლიდან და მთელი ზაფხულის განმავლობაში არ შეწყვიტოთ - შუაგულ შემოდგომამდე.

გასხვლა
ოთახის ლიმონისგან განსხვავებით, მურრაია გასხვლასა და ფორმირებას არ საჭიროებს. მხოლოდ ხანდახან (თუ ამის საჭიროება იქნება) ხმელი, ან უშნოდ გამოზრდილი ტოტები მოაცალეთ.

გამრავლება
მურრაიას კალმით ან თესლით ამრავლებენ.
მცენარის კალმით გასამრავლებლად საჭიროა: გაზაფხულზე ან ზაფხულში მოაჭრათ მცენარეს ნახევრად გახევებული კალამი და ქვიშაში, ტორფში ან პერლიტში დააფესვიანოთ. დასაფესვიანებელ კალამს ზემოდან პოლიეთილენის თხელი ფენა ან შუშის ქილა დააფარეთ. ასეთი წესით კალამი დაახლოებით 3-4 კვირაში დაფესვიანდება, რის შემდეგაც ნოყიერი მიწით სავსე ქოთანში გადაიტანეთ.
მცენარის თესლით გასამრავლებლად: ახლად მოგროვებული თესლი ქვიშისა და ტორფის ნაზავში ჩათესეთ, ზემოდან პოლიეთილენის პარკი ან შუშა დააფარეთ და დროდადრო გაანიავეთ. ნათესიდან ყლორტები დაახლოებით 2-3 კვირაში ამოიწვერება, ამის შემდეგ ისინი დააცალკევეთ - ცალკე ქოთანში გადაიტანეთ და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.