როგორ გავამრავლოთ „ოთახის ჟენშენი“ - მცენარე უნიკალური სამკურნალო თვისებებით

მებაღის რჩევები

30 მარტი 14:00, 2016 წელი
285

კალლისია, ანუ „ოქროს ულვაში“ მარადმწვანე ხვიარა მცენარეა, რომელსაც სამკურნალო თვისებების გამო ხალხში „ოთახის ჟენშენსაც“ ეძახიან და ზრდიან როგორც ჩვეულებრივ ქოთანში, ისე საკიდ კალათაში. ამ სტატიაში კალლისიას მოვლისა და გამრავლების წესებზე გესაუბრებით:

კალლისია (ლათ. Callisia) - მრავალწლოვანი და მარადმწვანე ბალახოვანი მცენარე, რომელიც გავრცელებულია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული და სუბტროპიკული ტყეების ტენიან და ჩრდილიან ადგილებში.
საოთახო მემცენარეობაში გავრცელებულია კალლისიას რამდენიმე სახეობა - ელეგანტური კალლისია (ლათ.Callisia gentlei), მცოცავი კალლისია (ლათ. Callisia repens) და სურნელოვანი კალლისია (ლათ. Callisia fragrans). მათ შორის ყველაზე პოპულარულია სურნელოვანი კალლისია, ანუ „ოქროს ულვაში“, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და ამის გამო შეარქვეს „ოთახის ჟენშენი“.
„ოთახის ჟენშენის“ წვენი  გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური და  მატონიზებელი თვისებებით, ამიტომ სახალხო მკურნალები მას აქტიურად იყენებენ სხვადასხვა დაავადებების (ენდოკრინული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ძვალ-სახსროვანი სისტემების) სამკურნალოდ.

განათება
კალლისია კარგად განათებულ ადგილას უნდა მოათავსოთ, მხოლოდ ისე რომ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს.

ტემპერატურა
მცენარეს ზომიერი ოთახის ტემპერატურა სჭირდება - ზამთარში 15-200C, ზაფხულში კი - 20-250C. გაზაფხულიდან (მხოლოდ თბილ ამინდებში) შეგიძლიათ, მცენარე რამდენიმე საათით სუფთა ჰაერზეც (აივანზე ან ტერასაზე) გაიტანოთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მცენარეს არ უყვარს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები.



ჰაერის ტენიანობა
კალლისიასთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს, თუმცა კარგი იქნება, დროდადრო ფოთლებზე წყალი შეასხუროთ, ან სველი ჩვრით გაუწმინდოთ.

მორწყვა
კალლისია წყლის მოყვარული მცენარეა და ზამთარ-ზაფხულ უხვად მორწყეთ - ზამთარში 3 დღეში 1-ხელ, გაზაფხულიდან კი - დღეგამოშვებით ან ყოველდღე.


განოყიერება
კალლისია აპრილიდან სექტემბრის ბოლომდე, თვეში 2-ჯერ, რომელიმე კომპლექსური მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ. თუ მცენარის გამოყენებას სამკურნალოდ აპირებთ, მაშინ საერთოდ არ გაანოყიეროთ, ან მხოლოდ სუსტი ორგანული სასუქით მორწყეთ ხოლმე.

ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა კალლისია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადარგეთ (როდესაც ფესვები ქოთანს გადაავსებს), ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა საერთოდ არ სჭირდება.
ნიადაგი აუცილებლად ნოყიერი, ფხვიერი და ნეიტრალური მჟავიანობის უნდა იყოს. შეგიძლიათ, იგი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწისა და ფოთლოვანი მიწისგან მოამზადოთ, შიგნით კი ცოტაოდენი გადამწვარი ნაკელი, ტორფი და ქვიშა გადაურიოთ.

გამრავლება
კალლისია შეგიძლიათ, კალმის დაფესვიანებით ან შვილეული როზეტების მეშვეობით გაამრავლოთ.
კალამი ჩვეულებრივ წყალში უნდა დააფესვიანოთ და სუბსტრატში მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადარგოთ, როცა ფესვთა სისტემა კარგად ჩამოუყალიბდება.
შვილეული როზეტები კი „დედა“ მცენარეს გაზაფხულზე უნდა მოაშოროთ და ცალკე ქოთანში გადარგოთ.