ბრწყინვალე რძიანა, რომელიც ოთახში მთელი წელი ყვავის

მებაღის რჩევები

9 აპრილი 12:00, 2016 წელი
161

ეუფორბია, იგივე რძიანა, საოთახო მემცენარეობაში ფართოდ გავრცელებული მცენარეა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულ უამრავ სახეობას აერთიანებს. ამჯერად ეუფორბიას ერთ-ერთ პოპულარულ სახეობაზე - ეუფორბია მილლიაზე, ანუ ბრწყინვალე ეუფორბიაზე ვისაუბრებთ.


ეუფორბია მილლია (ლათ. Euphorbia Milli), იგივე რძიანა, იგივე ბრწყინვალე ეუფორბია -
რძიანასებრთა (Euphorbiaceae) ოჯახის წარმომადგენელი მცენარე, რომელიც ბუნებრივად იზრდება აღმოსავლეთ აფრიკის მთიან ადგილებში. ამ მცენარეს ხალხში „ეკლიან გვირგვინსაც“ ეძახიან, რადგან მისი ტოტები საკმაოდ მოზრდილი ეკლებითაა დაფარული. ეუფორბია მილლიას ტოტები მონაცრისფრო-ყავისფერი შეფერილობისაა, დაღარული, ხოლო სისქით 2 სმ-მდე აღწევს. ეკლიანი ტოტები თავიდან მთლიანად იფარება ღია მწვანე ფოთლებით, მაგრამ დროთა განმავლობაში ფოთლების ნაწილი ცვივა, ტოტების ქვედა ნაწილი შიშვლდება და მხოლოდ კენწეროები რჩება მწვანედ.
ეუფორბია მილლიას პატარა ზომის, ულამაზესი ყვავილები აქვს, რომლებიც შეიძლება იყოს წითელი, ვარდისფერი, ყვითელი ან თეთრი. ყვავილები შეკრებილია გრძელ ყვავილედზე, რომელიც ამოზრდილია ტოტების ჯერ კიდევ მწვანე კენწეროებზე.
ეუფორბია მილლია განსაკუთრებით პოპულარულია უხვი ყვავილობის გამო - თუ შესაბამის პირობებს შეუქმნით, შეუძლია, მთელი წლის განმავლობაში შეუწყვეტლად იყვავილოს.

ტემპერატურა

ზაფხულის განმავლობაში ეუფორბია მილლია 20-25 გრადუსზე უნდა ამყოფოთ, ზამთარში კი შედარებით დაბალ ტემპერატურაზე - დაახლოებით, 16 გრადუსზე გამოაზამთროთ.

განათება
ეუფორბია მილლიას უყვარს ბევრი შუქი, ამიტომ კარგად ხარობს სამხრეთის ფანჯარაზე. ზამთარში არასაკმარისი განათება და ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაუშვებელია, რადგან ასეთ პირობებში მცენარეს ტოტები უშნოდ უგრძელდება და დეკორატიულობას დაკარგავს. ზაფხულობით შეგიძლიათ, ეუფორბია მილლია სუფთა ჰაერზეც (ეზოში ან აივანზე) გაიტანოთ.

ჰაერის ტენიანობა
ეუფორბია მილლია დაბალი ტენიანობის პირობებშიც კარგად ხარობს, მაგრამ დროდადრო თბილი წყლის შესხურება მასზე დადებითად მოქმედებს.

მორწყვა
მცენარე ხშირ მორწყვას არ საჭიროებს, თუმცა ეცადეთ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწა სრულად არ გამოუშრეს. აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში მორწყვას შედარებით მოუხშირეთ.

ნიადაგი და გადარგვა
ეუფორბია მილლია ნელა მზარდი მცენარეა, ამიტომ გადარგვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროებს. აუცილებელია ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟის მოწყობა, რასაც კენჭების ან აგურის ნატეხების მეშვეობით მარტივად მოახერხებთ.
ნიადაგი არ უნდა იყოს ძალიან მყარი და არ უნდა უშლიდეს ხელს ფესვების განვითარებას. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ საჭირო სუბსტრატს თანაბარი რაოდენობის კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და ქვიშისგან მოამზადებთ. შეგიძლიათ, ასეთი წესით მომზადებულ ნიადაგში ცოტაოდენი პერლიტი და დაფხვნილი აგურიც ჩაამატოთ.

განოყიერება
გაზაფხულსა და ზაფხულში ეუფორბია მილლია ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქით გაანოყიერეთ. შეგიძლიათ, ამ მიზნით კაქტუსებისთვის განკუთვნილი სასუქების გამოყენებაც.

ფორმირება
ზაფხულობით შეგიძლიათ, ეუფორბია მილლიას ფორმირება, ამისთვის მას ზედმეტად გამოზრდილი ტოტები უნდა შეაჭრათ. ფორმირებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან მცენარის წვენის კანზე მოხვედრა მის გაღიზიანებას იწვევს.


გამრავლება
ყველაზე მარტივია ეუფორბია მილლიას კალმით გამრავლება.
ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს 8-10 სმ-ის სიგრძის ტოტი, რამდენიმე საათით ბნელ და მშრალ ადგილას მოათავსოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ტორფისა და ქვიშის ნაზავში ჩარგოთ. აუცილებელია შუშის ქილის ან პოლიეთილენის პარკისგან მინისათბურის მოწყობა. ასეთი წესით ეუფორბია მილლიას გამრავლება შეგიძლიათ წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა უმჯობესია, თუ ამას გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულში გააკეთებთ.