ლობელია - ხანგრძლივად მოყვავილე მცენარე

მებაღის რჩევები

4 ივნისი 12:00, 2016 წელი
296

ლობელია ულამაზესი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც უხვად და ხანგრძლივად ყვავის და შეგიძლიათ, გაახაროთ როგორც ოთახში, ისე აივნებსა და ღია გრუნტში.

 

ლობელია (ლათ. Lobelia) - ლობელიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთწლიანი ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, რომელიც 300-მდე სახეობას ერთიანებს და თითქმის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მის სუბტროპიკულ და ზომიერი კლიმატის რაიონებშია გავრცელებული. კულტურაში ლობელიას 20-მდე სახეობას იყენებენ, რომელსაც ზრდიან როგორც ოთახის პირობებში, ასევე აივნებსა და ბაღებში. მცენარეს სახელი ნიდერლანდელი ბოტანიკოსის მატიას დე ლობელის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც გახლდათ იაკობ პირველის სამეფო ბოტანიკური ბაღის დირექტორი. 


ბაღებსა და ეზოებში გასახარებლად ყველაზე პოპულარულია ლობელიას ერთწლიანი სახეობა - Lobelia erinus, რომელიც წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა და სამშობლოში იზრდება პატარა ბუჩქის სახით, ტენიან და ქვიან ადგილებში. ლობელიას საბაღო სახეობებს სამი ფორმა აქვს: 25 სმ-მდე ბუჩქოვანი; 30-35 სმ-მდე სიგრძის, უხვად მოყვავილე და ამპელური (ამპელური ფორმები აივნებისა და ტერასებისთვის სჯობს); 10-15 სმ-მდე სიგრძის მრგვალი ფორმისა და კომპაქტური ბუჩქი.
ლობელიას სახეობებს პატარა, 2 სმ-მდე დიამეტრის ყვავილები აქვს, რომლებიც მოკლე ყვავილედებზეა განლაგებული. მათი შეფერილობა დამოკიდებულია კონკრეტულ ჯიშზე და შესაძლოა, იყოს ცისფერი, მუქი ლურჯი, მოლურჯო იასამნისფერი, თეთრი ან ვარდისფერი.
ლობელია დათესვიდან 1,5-2 თვეში იწყებს ყვავილობას და ივნისიდან სექტემბრამდე ყვავის. იმ შემთხვევაში, თუ გადაყვავილებულ ტოტებს დროულად მოაცილებთ, მაშინ უხვად და ხანგრძლივად გაგახარებთ ყვავილობით.

განათება
ლობელია სინათლის მოყვარული მცენარეა და მზის პირდაპირ სხივებსაც მშვენივრად უძლებს.

ტემპერატურა
ლობელიას ზომიერი ტემპერატურა სჭირდება, არ უყვარს სიცხე და მშრალი ამინდი. ზამთარში კარგად უძლებს 2 გრადუსამდე ყინვასაც.

მორწყვა
ლობელიას უყვარს ტენი, ამიტომ ხშირ მორწყვას საჭიროებს. ეცადეთ, მიწა მუდმივად ტენიანი ჰქონდეს, მაგრამ არა ძალიან სველი. თუ ლობელიას სიგრილეში აზამთრებთ, მორწყვა შედარებით შეამცირეთ, ხოლო თუ ოთახში თბილა, მაშინ მორწყვა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეთ.

განოყიერება
ლობელია პერიოდულად (2 კვირაში 1-ხელ) რომელიმე კომპლექსური მინერალური სასუქით გაანოყიერეთ, რაც ხელს შეუწყობს მის ხანგრძლივ და უხვ ყვავილობას.

ნიადაგი
სამშობლოში ლობელია ქვიან ადგილებსა და უნაყოფო ნიადაგზე ყვავის, ამიტომ სუბსტრატი რაც შეიძლება წყლის კარგად გამტარი უნდა შეურჩიოთ. ნიადაგი არ უნდა იყოს ნოყიერი ამიტომ საკმარისია ის კორდის მიწისა და ცოტაოდენი ქვიშისგან მოამზადოთ.

გასხვლა
პირველი ყვავილობის დასრულებისთანავე ლობელიას ყველა ტოტი დაახლოებით 5 სმ-მდე დაუმოკლეთ. ამის შემდეგ ის ახალ ტოტებს განივითარებს და მალე ხელმეორედ აყვავდება.

გამრავლება
ლობელიას გამრავლება შეგიძლიათ თესლითა და კალმით.
თესლით გამრავლება თებერვალ-აპრილში უნდა მოახდინოთ. თესლი სათბურში უნდა ჩათესოთ და ძალიან ფრთხილად მორწყოთ ხოლმე, რადგან ძალიან წვრილია. ეცადეთ, მიწა მუდმივად ტენიანი იყოს, რათა თესლი არ გამოშრეს და არ გახმეს. როგორც კი ნათესიდან ორი ზრდასრული ფოთოლი ამოიწვერება, შეგიძლიათ, ცალკე ქოთანში გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
რაც შეეხება კალმით გამრავლებას, ამისთვის საჭიროა: მცენარეს 8-10 სმ-ის სიგრძის ტოტი მოაჭრათ და პირდაპირ ტორფისა და ქვიშის ნაზავში დააფესვიანოთ.