ფატსია (ლათ. Fatsia) - არალიისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე, რომელიც ერთადერთი სახეობითაა წარმოდგენილი. იაპონური ფატსია (ლათ. Fatsia japonica) - ასე ჰქვია ფატსიას ერთადერთ სახეობას, რომელიც ბუნებრივად კორეის, იაპონიისა და ჩინეთის სუბტროპიკულ რაიონებშია გავრცელებული.
იაპონური ფატსია სწრაფადმზარდი, მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც ბუნებაში 3-4 მ-მდე იზრდება, ოთახის პირობებში კი მხოლოდ 1,5 მ-ს აღწევს. მისი ვარჯი ნაკლებადაა დატოტვილი. მოზრდილი, პრიალა ფოთლები რომლებიც 5-9 ნაწილადაა დაყოფილი, მუქი მწვანე შეფერილობისაა, ხოლო ზოგჯერ თეთრი ან მოყვითალო ლაქებითაა დაფარული.
ოთახის პირობებში იაპონური ფატსია იშვიათად ყვავის, თუ მაინც აყვავდა მისი ყვავილები ძალიან დეკორატიულია - წვრილი, ფუმფულა, თეთრი ან მომწვანო-მოყვითალო შეფერილობის. მცენარის ნაყოფი კენკრაა, მუქი ლურჯი შეფერილობის.
იაპონური ფატსიას ფოთლები შეიცავს ალკალოიდებს, ამის გამო მას ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში, როგორც მატონიზებელ და მასტიმულირებელ საშუალებას. იაპონური ფატსიას ფესვები კი გამოიყენება როგორც ძლიერეფექტური ანტიდიაბეტური საშუალება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე შეგიძლიათ.
ადგილმდებარეობა და განათება
იაპონური ფატსია განათების მიმართ მაინცდამაინც მომთხოვნი არ არის და კარგად ხარობს როგორც განათებულ ადგილას, ისე ნახევრად ჩრდილშიც.
ტემპერატურა
ზამთარში იაპონური ფატსია 8-10 გრადუს ტემპერატურაზე უნდა მოათავსოთ, ხოლო ზაფხულიდან შემოდგომამდე (ყინვების დაწყებამდე) სასურველია მისი სუფთა ჰაერზე გატანა, ნახევრად ჩრდილში.
მორწყვა
აქტიური ზრდის პერიოდში (აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით) იაპონურ ფატსიას უხვი მორწყვა სჭირდება, თუმცა ეცადეთ, ძალიანაც არ გადააჭარბოთ. ზამთარში მორწყვა შედარებით უნდა გააიშვიათოთ, მხოლოდ ისე, რომ ნიადაგის მთლიანად გამოშრობას არ დაელოდოთ.
განოყიერება
იაპონური ფატსია, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ყოველ მე-10 დღეს უნდა გაანოყიეროთ. ამისთვის შეგიძლიათ, მინერალური ან ორგანული სასუქები გამოიყენოთ. ზამთარში მცენარეს განოყიერება არ სჭირდება.
გადარგვა
ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად, გაზაფხულობით უნდა გადარგოთ, ხოლო მოზრდილ ეგზემპლარებს გადარგვა 2-3 წელიწადში ერთხელ სჭირდება. იაპონური ფატსიასთვის საუკეთესო სუბსტრატი შეგიძლიათ კორდის მიწის, გადამწვარი ნაკელის, ტორფისა და ქვიშისგან (2/1/1/1) მოამზადოთ. მსხვილი კენჭების ან კერამზიტის ნატეხებისგან კარგი დრენაჟიც უნდა მოაწყოთ, რომელიც დაახლოებით ქოთნის 1/3-ს უნდა იკავებდეს.
გამრავლება
იაპონური ფატსია შეგიძლიათ, კენწეროს კალმით გაამრავლოთ. კალამი, როგორც წესი, გაზაფხულზე უნდა დააფესვიანოთ. სუბსტრატი რაც შეიძლება ტენიანი უნდა იყოს. დასაფესვიანებელ კალამს კი ზემოდან აუცილებლად შუშის ქილა, ან პოლიეთილენის ბოთლი უნდა დააფაროთ.
მავნებლები
არასწორი მოვლის პირობებში იაპონურ ფატსიას შესაძლოა, მავნებლები გაუჩნდეს, რომლებიც ფოთლის ორივე მხარეს ეკვრება. ეს აფერხებს მცენარის ზრდას, ფოთლებს აყვითლებს და აჭკნობს. ამიტომ, თუ მცენარეზე რომელიმე მავნებელს შეამჩნევთ, ფოთლები საპნიან ხსნარში ან სპირტში (ლუდიც შეიძლება) დასველებული ჩვრით გაუწმინდეთ, ხოლო თუ ამან არ უშველა საჭიროა მცენარის აკტელიკით ან კარბოფოსით (15-20 წვეთი 1 ლ. წყალზე) შეწამვლა.