ტილანდსია - მცენარე, ყველაზე მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სახეობებით

მებაღის რჩევები
23.07.2016 12:00
588

ამ მცენარემ მოყვარულ და პროფესიონალ ფლორისტთა ყურადღება დიდი ხნის წინათ მიიპყრო...


ტილანდსია (ლათ. Tillandsia) -
ბრომელიისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ბალახოვანი მცენარე, რომელიც 500-მდე სახეობას აერთიანებს და ფართოდაა გავრცელებული ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში. ის ბუნებრივად ხარობს ტენიან ტყეებში, სანაპირო ზოლზე და მთიან ადგილებში.
ტილანდსიამ დიდი ხნის წინათ მიიპყრო მოყვარულ და პროფესიონალ ფლორისტთა ყურადღება, რადგან მისი სახეობები მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო მცენარის გარეგნული დახასიათება ჭირს, თუმცა პირობითად შესაძლოა, სახეობები ორ ჯგუფად დავყოთ:
ატმოსფერული, ანუ ნაცრისფერი სახეობები - ანუ ის სახეობები, რომელთაც პრაქტიკულად არ გააჩნია ფესვთა სისტემა. ამ სახეობებს მაგარი, აქერცლილი ფოთლები აქვს, რაც მათ ნაცრისფერ შეფერილობას ანიჭებს. ბუნებრივ პირობებში ეს სახეობები ტყის ყველაზე მაღალი იარუსის ხეებზე იზრდება.
ქოთნის, ანუ მწვანე სახეობები - ეს სახეობები ჩვეულებრივ ოთახის მცენარეს ჰგავს. მწვანე, სახაზავისებური ან სამკუთხა გრძელი ფოთლები როზეტად აქვს შეკრული. ბუნებაში ეს სახეობები გვხვდება ტყის ქვემოთა იარუსის ხეებზე ან მიწაზე ჩამოვარდნილ ტოტებზე. ისინი ყურადღებას იპყრობს ეფექტური მკვეთრი ფერის ყვავილედებით.

განათება
ტილანდსიას ატმოსფერული სახეობები ქოთნის სახეობებზე მეტად მომთხოვნია მზის შუქის მიმართ. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის დილის ან საღამოს მზის სხივები, ამიტომ მცენარის ეს სახეობები აღმოსავლეთის ან ჩრდილო-დასავლეთის ფანჯარასთან მოათავსეთ.
ტილანდსიას ქოთნის სახეობები კარგად ხარობს ნახევრად ჩრდილში, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ სახეობებს გაფანტულ შუქზე მოათავსებთ, ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდეს. შემოდგომასა და ზამთარში ტილანდსიას ქოთნის სახეობები შეგიძლიათ, შედარებით განათებულ ადგილას გადაიტანოთ, მაგალითად, კარგი იქნება, თუ გაზაფხულის დადგომამდე მას სამხრეთ-აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარასთან მოათავსებთ.


ტემპერატურა
ტილანდსია სითბოს მოყვარული მცენარეა, ზაფხულში მას ოთახის ჩვეულებრივი ტემპერატურა სჭირდება, ზამთარში კი - 18-21 გრადუსზე საჭიროებს გამოზამთრებას. სახეობათა დიდი ნაწილი კარგად იტანს შედარებით დაბალ - 12-14 გრადუს ტემპერატურასაც. მცენარე კარგად რეაგირებს დღისა და ღამის ტემპერატურის ცვალებადობაზე, ამიტომ კარგი იქნება, ზაფხულობით მცენარის აივანზე გატანა.

ჰაერის ტენიანობა
ტილანდსიას ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება, ამიტომ საჭიროა ფოთლებზე წყალი რეგულარულად შეასხუროთ. მცენარე ტენს ჰაერიდანაც იწოვს, ამიტომ, თუ ოთახში მშრალი ჰაერია, ყველაზე კარგი გადაწყვეტილება სპეციალური ფლორარიუმის გამოყენება იქნება.

მორწყვა
ტილანდსიას ყველა სახეობა მთელი მცენარისთვის წყლის შესხურებით ან ქოთნის წყალში ჩადგმით უნდა მოირწყას. ზაფხულის ცხელ დღეებში მცენარეს მორწყვა ყოველდღე სჭირდება, შემოდგომასა და გაზაფხულზე კი შედარებით იშვიათად. ზამთარში მორწყვათა ინტენსივობა ჰაერის ტემპერატურაზეა დამოკიდებული - თუ ოთახში თბილა, მაშინ მცენარე როგორც ზაფხულში, ისე უნდა მორწყათ, თუ გრილა - მორწყვათა სიხშირე შედარებით უნდა შეამციროთ.
თუ მცენარეს ფოთლები ცენტრისკენ მილისებურად ეხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეს წყალი არ ჰყოფნის. ასეთ დროს ქოთანი 3-4 საათით მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის წყალში.
დანარჩენი ბრომელიისებრთა მსგავსად, ტილანდსია ვერ იტანს როზეტში წყლის ჩადგომას, ამიტომ მორწყვის ან წყლის შესხურების შემდეგ როზეტიდან წყალი გადმოუღვარეთ.
მოსარწყავად რბილი, ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ. სასარგებლოა მცენარის მორწყვა წვიმის წყლით, ანადუღარი წყლით, ან ყინულის ნადნობი წყლით.

განოყიერება
ტილანდსია ნელა იზრდება და დიდი დოზით სასუქს არ საჭიროებს. აქტიური ზრდის პერიოდში მცენარის როზეტისებური სახეობები თვეში 1-ხელ, ბრომელიისებრთათვის განკუთვნილი თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. ატმოსფერულ სახეობებს კი განოყიერება იშვიათ შემთხვევებში სჭირდება.

გადარგვა
ტილანდსია, როგორც წესი, ყიდვის შემდეგ უნდა გადარგოთ. მაგრამ თუ მცენარეს მაღაზიაში უკვე აყვავებულს იყიდით, მისი გადარგვა აღარ ღირს, რადგან ყვავილობის შემდეგ დედა მცენარე იძლევა „შვილეულ“ ყლორტებს და თვითონ კვდება.
გადარგვის ორი ვარიანტი არსებობს: სუბსტრატში და მის გარეშე.
მცენარის ქოთნის სახეობები  ხის ქერქის ნატეხებისა და აკადამას (ბონსაის ჩასარგავად განკუთვნილი სპეციალური გრანულები) ნარევში უნდა ჩარგოთ. შეგიძლიათ, მასში ჩაამატოთ ქოქოსის ქერქი და მდინარის კენჭები. ჩვეულებრივ მიწაში ტილანდსია ვერ იხარებს.
მცენარის ატმოსფერული სახეობები შეგიძლიათ, მოათავსოთ ჭურჭელში, რომელიც წყლით სავსე კი არ იქნება, მხოლოდ ფსკერი ექნება დაფარული. ასეთ დროს მცენარის მორწყვა მისი ფესვების მთლიანად წყლით დაფარვით ხდება, რაც ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ. იმისთვის, რომ მცენარემ მორწყვის დროს ჭურჭელში არ იტივტივოს, ის უნდა დააფიქსიროთ ლენტით, კენჭებით, ან ხის ქერქის ნატეხით.

გამრავლება
ტილანდსია შეგიძლიათ, შვილეული როზეტებით გაამრავლოთ, რომელსაც მცენარე ყვავილობის დასრულებისას ივითარებს.

ავტორი: ნათია ვასაძე