X

ვაშინგტონია - ულამაზესი დეკორატიული პალმა

მებაღის რჩევები
06.07.2016 14:00
707

ვაშინგტონია ულამაზესი დეკორატიული პალმაა, რომელიც შეგიძლიათ, გაახაროთ როგორც ოთახში, ისე ღია გრუნტში.

ვაშინგტონია (ლათ. Washingtonia) – პალმისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარე, რომელიც გავრცელებულია ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილსა და დასავლეთ მექსიკაში.
ვაშინგტონიას მთავარი ღირსება, დეკორატიულობის გარდა, ყინვაგამძლეობაა. ამიტომ იგი შეგიძლიათ გაახაროთ ოთახის პირობებშიც და ღია გრუნტშიც. 
ვაშინგტონიას დიდი ფოთლები სიმეტრიული მარაოს ფორმისაა და დაყოფილია სეგმენტებად. სეგმენტებს შორის ვითარდება მრავალრიცხოვანი ძაფები. ამ თვისების გამო ვაშინგტონიას მეორენაირად „ბამბის პალმასაც“ უწოდებენ. 
კულტურაში, ძირითადად, გავრცელებულია ვაშინგტონიას ორი სახეობა: Washingtonia filifera და Washingtonia robusta.


განათება
ვაშინგტონია ძალზე სინათლის მოყვარული პალმაა. ამიტომ აუცილებლად უნდა მოათავსოთ ოთახის ყველაზე კარგად განათებულ კუთხეში. დროდადრო მცენარე აუცილებლად შემოატრიალეთ, რათა სიმეტრიულად განუვითარდეს ფოთლები.
ზაფხულობით შეგიძლიათ, მცენარე აივანზე, ან ღია ტერასაზე გაიტანოთ. მხოლოდ ადგილი არ უნდა იყოს ძალიან ნესტიანი, მცენარეს, ასევე ვნებს ხანგრძლივი წვიმები.

ტემპერატურა
ვაშინგტონიას ძალიან უყვარს სითბო, მიუხედავად იმისა, რომ ყინვაგამძლე მცენარეა.  გაზაფხულსა და ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში ტემპერატურა 10-12 გრადუსამდე მაინც უნდა დასწიოთ. ხანმოკლე დროით, მცენარეს -5 გრადუსზეც შეუძლია გაძლოს.

ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობა ვაშინგტონიასთვის აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს და მცენარე თავს კარგად გრძნობს მშრალ ჰაერზეც. პირიქით, ძალიან მაღალი ჰაერის ტენიანობა მცენარეს აზიანებს კიდეც და მის დაავადებას იწვევს.

მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში ვაშინგტონია უხვად მორწყეთ, თუმცა მცენარეს დიდი ხნის მოურწყველობაც არაფერს ვნებს. მოსარწყავად ოდნავ თბილი, ნადგომი წყალი გამოიყენეთ. ზამთარში მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ - რაც უფრო დაბალია ტემპერატურა მცენარე მით უფრო ნაკლებად მორწყეთ.

განოყიერება
მარტიდან სექტემბრის ბოლომდე მცენარე 2 კვირაში ერთხელ, რომელიმე კომპლექსური მინერალური სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში ვაშინგტონიას განოყიერება არ სჭირდება.

გადარგვა
პალმების უმრავლესობის მსგავსად, გადარგვაზე ვაშინგტონიაც ცუდად რეაგირებს, ამიტომ ახალგაზრდა მცენარე 1-2 წელიწადში ერთხელ, ძალიან ფრთხილად უნდა გადარგათ, ხოლო ზრდასრულ მცენარეს მხოლოდ მიწის ზედა ფენა გამოუცვალეთ. ქოთანი რაც შეიძლება ღრმა უნდა იყოს, ხოლო ქოთნის ძირში აუცილებელია კარგი დრენაჟი.
ოთახის პირობებში, მცენარე მხოლოდ 7-8 წლამდე შეგიძლიათ, გაახაროთ, რადგან ამის შემდეგ ის დეკორატიულობას კარგავს და იმდენად დიდი იზრდება, რომ შეუძლებელია მისი ოთახში დატოვება. ამიტომ მცენარე ქოთნიდან ფრთხილად ამოიღეთ და ღია გრუნტში გადარგეთ.

ნიადაგი
ვაშინგტონია პალმებისთვის განკუთვნილ სპეციალურ სუბსტრატში ჩარგეთ, ან საჭირო სუბსტრატი თანაბარი რაოდენობის კორდის მიწის, გადამწვარი ნაკელის, ფოთლოვანი მიწისა და ქვიშისგან თავად მოამზადეთ.

გასხვლა
მცენარეს აუცილებლად უნდა მოაჭრათ ქვემოთა ფოთლები, მხოლოდ გახმობისა და გაყვითლების შემდეგ.

გამრავლება

ვაშინგტონია შეგიძლიათ, მხოლოდ თესლით გაამრავლოთ. ამისთვის საჭიროა: კარგად მომწიფებული თესლი 24 საათის განმავლობაში თბილ წყალში ჩაალბოთ და მხოლოდ ამის შემდეგ, ჩათესოთ ქვიშისა და ტორფის ნაზავში.

მავნებლები

ვაშინგტონიას ზოგჯერ ფოთლებზე მავნებლები უჩნდება. ასეთ დროს მცენარეს ფოთლები უნდა გაუწმინდოთ საპნიან წყალში დასველებული ტამპონით, ხოლო, თუ ამანაც არ უშველა, მაშინ უმჯობესია, რომელიმე ინსეკტიციდით შეწამლოთ.

ავტორი: ნათია ვასაძე