Maka's ART - „როცა გამოდის ის ან იმაზე უკეთესი, რაც ჩაიფიქრე!“

მოზაიკა

13 დეკემბერი 20:00, 2016 წელი
24

„პროფესიით გრაფიკული დიზაინერი ვარ. ხელნაკეთი ნივთები ბავშვობიდან მაინტერესებს. მუშაობის პროცესი ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება და ერთგვარი თერაპიაა...“ - გაიცანით დიზაინერი მაკა ვასაძე, მსახიობ ლევან სუხიტაშვილის მეუღლე და სამი შვილის დედა, რომელმაც საკუთარ სახლში გვიმასპინძლა და საყვარელ საქმიანობაზე გვიამბო...

- მაკა, ძირითადად რას ამზადებ?
- ამჟამად ზარდახშებზე, საათებზე, სხვადასხვა ზომის ქოთნებსა და სამზარეულოს დაფებზე ვხატავ. ვამზადებ სხვადასხვა აქსესუარს - გასაღების საკიდებს, ნაძვის ხის სათამაშოებს ან კონკრეტულად იმას, რასაც შემიკვეთენ...


- რას ნიშნავს შენთვის ეს საქმიანობა?
- ჩემი პროფესიაც და ჰობიც ხატვაა. განსაკუთრებით კი ახლა, როცა სამი შვილის გამო ვერ ვმუშაობ და სახლში ყოფნა მიწევს. მუშაობის დაწყებას მხოლოდ დღის ბოლოს ვახერხებ, მაშინ როცა ბავშვებს დავაძინებ. ღამე რომ არ არსებობდეს, ვერაფერს გავაკეთებდი. ჩემი საქმიანობით თვითრეალიზებასაც ვახდენ და განტვირთვასაც ვახერხებ.


- რა ემოციაა, როცა ნივთს დაასრულებ და სასურველ შედეგს მიიღებ?
- თუ სასურველ შედეგს ვერ ვაღწევ, რაც ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე, ნამუშევარს საერთოდ ვეშვები ან გადაკეთებას ვიწყებ. მაგრამ ძალიან მაგარი განცდაა, როცა გამოდის ის ან იმაზე უკეთესი, რაც ჩაიფიქრე. ამ დროს საკუთარი თავით ამაყი და ბედნიერი ვარ!


- ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
- ჩემი მეუღლე. ლევანი ჩემი დიდი ქომაგია, მოსწონს ცოლის ნამუშევრები. ყოველ ახალ წელს გამოწერილი მაქვს, ნაძვის ხის რამდენიმე სათამაშოს დამზადება ლივერპულის ფეხბურთის გუნდის ლოგოთი. გარდა ამისა, ჩვენი მეგობრებისთვისაც ვამზადებ ხოლმე სხვადასხვა თემატურ ნივთსა თუ სუვენირს.


- შენი ნამუშევრების შეძენა სად შეიძლება?
- მაქვს ჩემი „ფეისბუკის“ გვერდი - Maka`s ART, საიდანაც ჩემს ნამუშევრებს ვყიდი. გარდა ამისა, მაღაზიებშიც ვაბარებ.