ამიკო სამადაშვილი: „უნიჭო მოცეკვავე არ არსებობს!“

მოზაიკა

29 დეკემბერი 22:00, 2016 წელი
77

მოცეკვავე ამიკო სამადაშვილი დღეს სტუდია „lvl Dance“-ს და პროფესიონალი მოცეკვავეების ჯგუფ „Next lvl“-ს ხელმძღვანელობს. „ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით, ვმონაწილეობთ სხვადასხვა შეჯიბრში, სატელევიზიო პროექტში კომერციული მიმართულებით, ასევე, 2008 წლიდან გვაქვს „საქართველოს ჰიპ-ჰოპის ფედერაცია“, - ამბობს მოცეკვავე, რომელიც თავად „ჰიპ-ჰოპით“ ბავშვობიდან არის გატაცებული და ყველაფერი ქუჩიდან აქვს ნასწავლი. ინტერვიუსთვის მას საკუთარ სტუდიაში ვესტუმრეთ.


- რა მიღწევები აქვს „Next lvl“-ს?
- პირველად პროექტ „ნიჭიერში“ მივიღეთ მონაწილეობა. პირველი სეზონის ფინალისტები ვიყავით. ოთხი წლის მერე კი, როცა ისევ დავბრუნდით პროექტში, სადაც სრულიად განსხვავებული ნომერი ვაჩვენეთ. კავკასიის მასშტაბით ჩატარებული ყველა შეჯიბრი გვაქვს მოგებული. ჯგუფის სხვადასხვა წევრებმა, 16 ჩემპიონატი ერთმანეთზე მიყოლებით მოვიგეთ, რაც უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევდა. ვმონაწილეობთ დახურულ ღონისძიებებში. ჩვენთან თანამშრომლობენ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის თბილისის მერია, იუსტიციის სახლი, ბანკები, უნივერსიტეტები, დიდი და პატარა ივენთკომპანიები, რომლებიც ჩვენგან ყოველთვის ორიგინალურ და განსხვავებულ ნომრებს ითხოვენ. ჩვენმა ორმა ტოპ მოცეკვავემ - ხოსრომ და გუგამ წარმატებით მიიღეს მონაწილეობა პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“.



- „lvl Dance studio“-ში რა კრიტერიუმებით იღებთ მოსწავლეებს?
- ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ვისაც თავისუფალი ცხოვრების სტილი მოსწონს, შეუძლია, შემოგვიერთდეს. ჩვენს სტუდიაში ბავშვები, ცეკვის გარდა, ბევრ რამეს სწავლობენ. მეტად თამამები და საბოლოოდ კარგი ტიპები ხდებიან. რამდენიმე თვეა, რაც გავფართოვდით. ახალბედა მოცეკვავეების ჯგუფები დროის მიხედვითაა გადანაწილებული. თითქმის ყოველდღე და ყოველ საათში გვაქვს გაკვეთილები. ხშირად ვატარებთ თეორიულ გაკვეთილებს, სადაც „ჰიპ-ჰოპ“ კულტურისა და ისტორიის შესახებ ვსაუბრობთ. იმდენად მოსწონთ ბავშვებს ჩვენთან ცეკვა, რომ მშობლებიც აიყოლიეს და მათთვის ცალკე კლასი გავხსენი. დიდსა თუ პატარას, ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს, რადგან ცეკვა განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.


- თქვენთან მხოლოდ ცეკვის სურვილი აქვთ, თუ სხეულის ფორმების შესანარჩუნებლადაც დადიან სტუდიაში?
- რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რადგან ცეკვის დროს სხეული მაქსიმალურადაა დატვირთული, რაც წონაში კლებასა და სხეულის გაჯანსაღება-გალამაზებას უწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ ხდებიან, ცეკვა ისე მოსწონთ, საბოლოოდ სტუდიაში მოცეკვავეებადაც რჩებიან.


- რა ეტაპების გავლა სჭირდება მოცეკვავეს, რომ „Next  lvl“-ში მოხვდეს?
- სახელი გვეუბნება „Next level“, მოცეკვავე ყოველთვის შემდეგ დონეზე უნდა გადადიოდეს. ადამიანს გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეს, რომ მას სამომავლოდ ცეკვის გაგრძელება სურს. გარდა ამისა, მონაცემები, ნიჭი და შრომაა საჭირო. ჩვენი ჯგუფი ყოველთვის იყო ერთი დიდი ოჯახი, საუკეთესო ემოციისა და განწყობის მატარებელი, ჩვენი მთავარი ხიბლი ბუნებრივობა და თავისუფლებაა, რაც ერთი შეხედვისთანავე იგრძნობა.


- სტუდიაში მიღებაზე უარს რა შემთხვევაში ეუბნებით ცეკვის მსურველს?
- არც ერთ შემთხვევაში! ნებისმიერ სფეროში შეიძლება ნიჭიერიც და უნიჭოც ცდილობდეს ფეხის მოკიდებას, თუმცა ჩვენი სწავლების მეთოდი განსაკუთრებულია, „ჩვენ არ ვასწავლით, რა იცეკვოს, ჩვენ ვასწავლით, როგორ იცეკვოს“, ხიბლი სწორედ ეს არის, სტანდარტულად სტუდიებში ქორეოგრაფები ასწავლიან კონკრეტულ მოძრაობებს, კონკრეტულ მუსიკაზე, ანუ ქორეოგრაფიას, ამ შემთხვევაში ახალბედა იზეპირებს მისთვის გაურკვეველ მოძრაობებს ერთ კონკრეტულ მუსიკაზე და, ალბათ, სადმე ცეკვა თუ მოუნდება, ის მუსიკა ფლეშკით უნდა ატაროს. ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარადაა, ახალბედები სწავლობენ იმას, როგორ იცეკვონ, როგორ გახდნენ დამოუკიდებლები, სწორედ ამის მერე ხდება მათი მაღალ კლასებში გადანაწილება. ჯერ თეორიულად ვუხსნით, შემდეგ კი პრაქტიკაში გადაგვაქვს და უფრო მალე დებენ შედეგს. ჩემთვის უნიჭო მოცეკვავე არ არსებობს! მთავარია, მოისმინოს, სწორად გაიგოს და ის აუცილებლად ისწავლის. ყველას თანაბარი შანსი აქვს!


- რამდენი ჯგუფი გყავთ ამ ეტაპზე?
- 10 ჯგუფი გვყავს, რომელიც სხვადასხვა სტილის მიხედვითაა დაყოფილი. ჩვენთან ყველაზე ხელსაყრელი და საინტერესო ისაა, რომ ადამიანს, რომელიც სტუდიაში ცეკვის შესასწავლად მოდის, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია მოვიდეს და იმეცადინოს. ვცდილობთ, ვიყოთ არასტანდარტულები.


- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- მინდა, რომ კავკასიის ჰიპ-ჰოპის გაერთიანება ჩამოვაყალიბო. დიდი პროექტი მაქვს, რომლის განხორციელებასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები. გარდა ამისა, დაწყებული მაქვს პროექტი სახელწოდებით „Pro-16“. ეს არის თავისუფალი სტილის ცეკვების შეჯიბრი კავკასიაში, სადაც მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან მოცეკვავეები და მონაწილეობენ ყოველწლიურად. ის განსაკუთრებული და ორიგინალურია. თავისი შეფასების სისტემით მას ანალოგი არ აქვს, რაც იწვევს 90% ნამდვილი გამარჯვებულის გამოვლინებას.


- ცეკვის გარდა, რა ინტერესები გაქვს?
- ცეკვის გარდა, ბევრი მიმართულებით ვმუშაობ. მაქვს ონლაინ მარკეტინგის კომპანია „ADpuddle“. ვატარებთ სოციალურ ექსპერიმენტებს, პრანკებს და ვქმნით სხვადასხვა საინტერესო პროდუქტს. ვარ ბლოგერი, იუთუბერი, მაქვს საიტი, სადაც ცეკვის შესახებ ვწერ. ვიღებ ცეკვის ვიდეოგაკვეთილებს ქართულ ენაზე, რაც ინტერნეტში ცეკვის უფასოდ შესწავლის საშუალებას აძლევს მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებენ სტუდიაში სიარულს. ასეთი ადამიანი ბევრია სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებსა და რეგიონებში. ამ ბოლო პერიოდში ანიმაციების კეთებაც დავიწყე, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩენაა. ვმუშაობ ფოტო-ვიდეო-მუსიკალურ პროგრამებზე და ვცდილობ, ეს ყოველივე ცეკვასთან შევათავსო. სნოუბორდზე სრიალსა და ცურვაზე ვგიჟდები, თუმცა ამისთვის დრო არ მრჩება. დასვენება არ მაქვს, რადგან ყოველ კვირა დღეს ჩვენთან ტარდება სხვადასხვა სახის აქტივობები „ვორქ შოპები“ და „მასტერკლასები“, სადაც ჩვენი ქორეოგრაფები გამორჩეულ შესაძლებლობებს აჩვენებენ, რომლის ნახვაც ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ შეუძლია!
„იყავი განსხვავებული, იცეკვე ჩვენთან ერთად“ www.lvlDance.ge