„ფენიქს ფაიერვორკსი“ - ფერადი და დაუვიწყარი დღესასწაულისთვის!

მოზაიკა

28 დეკემბერი 12:00, 2016 წელი
10

ფეიერვერკებს და სხვა სადღესასწაულო სპეცეფექტებს ამ ბოლო დროს არამხოლოდ გრანდიოზული ღონისძიებებისთვის, არამედ ქორწილებისა და დაბადების დღეების გასალამაზებლად, ან სულაც საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო სიურპრიზის მოსაწყობადაც იყენებენ. ამის გამო სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ის კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს მსგავს მომსახურებას სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ფენიქს ფაიერვორკსი“, რომლის დამფუძნებელი და დირექტორი ავთანდილ სირბილაძე დღეს „Funtime“-ს თავისი კომპანიის შესახებ ვრცლად ესაუბრება.

- რამდენი ხანია, რაც „ფენიქს ფაერვორკსი“ არსებობს?
- კომპანია „ფენიქს ფაერვორკსი“ (Phoenix Fireworks), დაახლოებით, ერთი წლის წინ დავაარსე, მაგრამ ამ საქმით 2004 წლიდან ვარ დაკავებული. სანამ საკუთარი კომპანია მექნებოდა, სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობდი.


- ბატონო ავთანდილ, რა პროფესიის ხართ?
- ზუსტად იმ პროფესიის, რასაც ვაკეთებ - პიროტექნიკი ვარ, თუმცა თვითნასწავლი, რადგან საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს პიროტექნიკის შესასწავლად რაიმე დაწესებულება.


- რატომ დაინტერესდით პიროტექნიკით?
- 18 წლის ვიყავი, როცა ერთ-ერთ მსგავს კომპანიაში ვაკანსია გამოჩნდა. მივედი და ამიყვანეს. პირველი ნაბიჯები იქ გადავდგი, თან საქმეს ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი. რამდენიმე წლის შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ გაცილებთ მეტს ვიმსახურებდი, ვიდრე მქონდა, ხელფასს ვგულისხმობ, და სამუშაოდ სხვა კომპანიაში გადავედი. მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ადგილას ვიმუშავე და ბოლოს საკუთარი  კომპანიაც გავხსენი.

- რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს?
- ჩემი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ფეიერვერკებით, ბუშტებით და სპეცეფექტებით მომსახურებას. გვაქვს ყველა სახის ფეიერვერკი -  შიდა, გარე, სამოყვარულო, პროფესიონალური... ჩვენს მომსახურებაში შედის ასევე ბუშტებით გაფორმება. მომხმარებელს ვთავაზობთ: ჰელიუმით გაბერილ ბუშტებს, ბუშტებზე ბეჭდვას ანუ ბრენდირებას, მანათობელ და ფოლგირებულ ბუშტებს, ბუშტების გირლიანდებს და სხვ. რაც შეეხება სპეცეფექტებს, მასში შედის  - შადრევანი, პიროწარწერა, ჩანჩქერი, ბრჭყვიალა ქაღალდები ანუ კონფიტი, ქაფი, თოვლი, საპნის ბუშტები, ბოლი... გარდა ამისა, გვაქვს სხვადასხვა სადღესასწაულო აქსესუარი - ქუდები, ჭიქები, თეფშები, სანთლები და შუშხუნები, სასაჩუქრე ჩანთები, ბანერები და ვიმპელები, ნიღბები, დეკორატიული სანათები. მოკლედ, ჩვენთან ყველაფერია, რაც დღესასწაულისთვის გჭირდებათ.


- დიდი კონკურენციაა ამ სფეროში?
- ამ სფეროში საკმაოდ დიდი კონკურენციაა, მაგრამ ვცდილობ, გავუმკლავდე. ამაში კი რამდენიმე ფაქტორი მეხმარება - სურვილი, საუკეთესოდ ვაკეთო ჩემი საქმე, ვიყო პუნქტუალური და არ დავპირდე მომხმარებელს ის, რასაც, საბოლოო ჯამში, ვერ მიიღებს.


- ალბათ ამ სფეროს სიახლეებსაც მუდმივად ეცნობით...
- რა თქმა უნდა... არა მხოლოდ ვეცნობი, არამედ ვცდილობ, ჩვენს რეალობაში  დავნერგო. მართალია, რაღაცები გამომდის და რაღაცები არა, მაგრამ ნელ-ნელა წინ მივიწევთ.


- ყველაზე განსხვავებული და „თამამი“ რა გაგიკეთებია?
- ჩემ მიერ გაფორმებულ რამდენიმე ღონისძიებას გამოვარჩევდი - „კაზანტიპის“ გახსნა, ასევე 2012 წელს „ქართული ოცნების“ პომპეზური და ლამაზი აქცია და ოლიმპიური ცეცხლის მოგზაურობა
საქართველოს ქალაქებში... 

- ვინ არიან „ფენიქს ფაერვორკსის“ მომხმარებლები?
- კომპანიის მომხმარებელები, ძირითადად,  კორპორაციები არიან, თუმცა კერძო კლიენტებსაც ვემსახურებით. „ავერსთან“ მაქვს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა. იგი თავიდან პირადად ჩემი მომხმარებელი იყო, ახლა კი ჩემი ორგანიზაციის. ჩემი კომპანიის მომხმარებელები არიან ასევე პოლიტიკური ორგანიზაციები, ბანკები, სასტუმროები და სხვ.


- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარი ამ საქმეში ძალიან დაბალ საფეხურზეა, არადა ამერიკასა და ევროპაში ყოველდღიურად ახალი ტექნოლოგიები, ახალი პროდუქცია შედის... თქვენ წარმოიდგინეთ, უცხოეთში ბუშტებით უკვე კაბებს ქსოვენ და დეფილეებს აწყობენ... რა თქმა უნდა, კაბების ქსოვას არ დავიწყებ და დარწმუნებული ვარ, ამის არც მოთხოვნა იქნება, მაგრამ ჩემი მიზანია, საქართველოში ეს სფერო განვავითარო და შეძლებისდაგვარად მეტი სიახლე დავნერგო.