გიორგი ბექაური: „ყველაფერი ნულიდან დავიწყე“

მოზაიკა

31 იანვარი 17:30
76

„ინსტრუმენტს, რომელიც ხალხში ტამტამის სახელითაა ცნობილი, სინამდვილეში დარბუკა ჰქვია. ჩემი სტუდიის წარმატებულ მოსწავლეებს გადასახადისგან ვათავისუფლებ და შეუძლიათ, სრულიად უფასოდ გააგრძელონ სწავლა“, - ამბობს ანსამბლ „Kings of darbuka“-ს ხელმძღვანელი გიორგი ბექაური, რომელსაც Funtime რუსთავში, საკუთარ სტუდიაში ესტუმრა.

- მუსიკალური განათლება სად მიიღეთ და ვინ გასწავლათ დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა?
- დავამთავრე რუსთავის მუსიკალური სასწავლებელი, ასევე, გლდანის მე-20 სახელოვნებო-მუსიკალური სკოლა. ვსწავლობდი ნიჭიერთა ათწლედში. დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა კი, ძირითადად, მაინც საკუთარ თავზე ბევრი მუშაობით ვისწავლე. ცოტა ხანი გიორგი ვართანოვთანაც ვიარე, თუმცა უსახსრობის გამო სწავლას თავი დავანებე. თავიდან დაკვრა 150-ლარიანი ინსტრუმენტით დავიწყე, რომელიც ხალხში ტამტამის სახელითაა ცნობილი, მაგრამ სინამდვილეში დარბუკა ჰქვია. მას შემდეგ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დარბუკაა, თუმცა სხვა დასარტყამ ინსტრუმენტებზეც ვუკრავ, ესენია: კახონი, კონგები, ბონგები, დრამი, ჯენბე, უდუ...


- საკუთარი სტუდიის ჩამოყალიბება როდის გადაწყვიტეთ?
- ყველაფერი 3 წლის წინათ, ორი მოსწავლით დავიწყე. ძალიან ბევრი მუშაობის შემდეგ ამ მოსწავლეებმა კონცერტში მიიღეს მონაწილეობა და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს... აქედან მოყოლებული, ჩემი სტუდიით სხვა ბავშვებიც დაინტერესდნენ და, დაახლოებით, ერთ წელიწადში სტუდიაში უკვე 10-15 მოსწავლე მყავდა.


- როგორ შეიქმნა ანსამბლი „Kings of darbuka“...
- ეს ანსამბლი სტუდიის გახსნიდან წელიწად-ნახევარში ჩამოვაყალიბე. ორ წელიწადში, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის მუნიციპალურ თეატრში კონცერტიც ჩავატარე, რაშიც დიდი დახმარება გაგვიწია ქალაქის გუბერნატორმა პაატა ხიზანეიშვილმა და კულტურის სამსახურის უფროსმა მარიკა ფიროსმანაშვილმა. მინდა, გვერდში დგომისთვის მადლობა გადავუხადო მათ. ამ კონცერტის შემდეგ სხვადასხვა რეგიონიდანაც დაინტერესდნენ. მონაწილეობა მივიღეთ ძალიან ბევრ ფესტივალში, მოვიპოვეთ სიგელები, გავიმარჯვეთ ქართულ-უკრაინულ კონკურს-ფესტივალში „ტალანტების კალეიდოსკოპი“, რის შემდეგაც ჩვენი ანსამბლი უკრაინაში მიიწვიეს, მაგრამ, სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, იქ წასვლა ვერ მოვახერხეთ. ზაფხულში მიწვეულები ვართ ბაქოში, თურქეთსა და უკრაინაში... არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა წასვლას, თუმცა ყველანაირად ვცდილობთ, საქართველოს მასშტაბით გამართულ ფესტივალებსა და კონკურსებს არ გამოვაკლდეთ...


- რა კრიტერიუმებით არჩევთ მოსწავლეებს?
- ჩემი საყვარელი გამოთქმაა: „არ არსებობს უნიჭო მოსწავლე, არსებობს ნიჭიერი და უნიჭო პედაგოგი“. ბავშვს შეიძლება განსაკუთრებული ნიჭი არ ჰქონდეს, მაგრამ იმდენად შრომისმოყვარე იყოს, რომ ძალიან ბევრს მიაღწიოს. ზოგადად, მუსიკას შრომისმოყვარეობა სჭირდება... აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია მოსწავლის შენარჩუნება, რადგან ბევრს ნებისყოფა არ ჰყოფნის და როგორც კი სირთულეს წააწყდება, თავს ანებებს... ჩემს მოსწავლეებს ვაფრთხილებ, თუ ბოლომდე მომყვებიან, მე მათგან წარმატებულ ადამიანებს შევქმნი.


- სტუდიაში სწავლა რამდენად ხელმისაწვდომია?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სტუდიაში სწავლის საფასური მიზერულია, არცთუ ისე იშვიათად ხდება, რომ მოსწავლე რაღაც პერიოდის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, სწავლის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. აქედან გამომდინარე,  ასეთი რამ მოვიფიქრე - ყველაზე წარმატებულ მოსწავლეებს გადასახადისგან ვათავისუფლებ და შეუძლიათ, სტუდიაში სრულიად უფასოდ იარონ. მგონი, კარგი მოტივაციაა ყველა იმ ბავშვისთვის, ვისაც მუსიკა უყვარს.


- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
- შემოთავაზებები მაქვს ისრაელიდან, დუბაიდან, რუსეთიდან და ამერიკიდან, მაგრამ ჯერჯერობით არსად ვაპირებ წასვლას... ქართველი მუსიკოსებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ მუსიკალური სფერო „მკვდარია“, მათ არავინ ეხმარებათ და ა.შ. მე კი წუწუნი არ მჩვევია, რადგან საწუწუნო მართლა არაფერი მაქვს - ყველაფერი ნულიდან დავიწყე და დღეს საკუთარი სტუდია მაქვს, და რაც მთავარია, ვემსახურები იმ საქმეს, რომელიც მიყვარს. ეს ჩემთვის ყველაფერია!