„შრომისმოყვარეობით, მოტივაციითა და კომუნიკაციით ყველა სირთულე დაიძლევა“

მოზაიკა

21 თებერვალი 18:30
78

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტი ფაცია საკანდელია კომპანიაში გასულ წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა.

- როგორ მოხვდით „ჯიპიაი ჰოლდინგში“ და რას საქმიანობდით მანამდე?
-
 „ჯიპიაიში“ გასული წლის აპრილში, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოვხვდი. მანამდე სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი - ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი ცეკავშირის ტექნიკუმში ვიმუშავე, შემდეგ  შოვის საჯარო სკოლაში მასწავლებლად. სკოლიდან წამოსვლის შემდეგ დიდი ხანი უმუშევრად გავატარე... იმიტომ კი არა, რომ ფუნდამენტური ცოდნა ან ხარისხიანი განათლება არ მქონდა, არამედ იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ჩემი ასაკის ადამიანებს სამუშაოდ თითქმის აღარსად იღებენ.


- რა პროფესიის ხართ?
- პროფესიით ეკონომისტი ვარ. ასევე, დამთავრებული მაქვს ტუროპერატორის კურსები. სხვათა შორის, ტურისტული მიმართულებით უფრო მეტად მოვახერხე რეალიზება და ეს სფერო ჩემთვის დღემდე დამატებითი შემოსავლის წყაროა.


- „ჯიპიაის“ დასაქმების ფორუმში მონაწილეობა როგორ გადაწყვიტეთ?
- ყოველთვის მომწონდა ეს კომპანია, ჩემი ოჯახის წევრებიც „ჯიპიაის“ დაზღვევით სარგებლობდნენ... გარდა ამისა, პირადად ვიცნობდი „ჯიპიაის“ რამდენიმე თანამშრომელს და მათი საქმიანობა იმდენად მომწონდა, რომ, როდესაც ფორუმის შესახებ გავიგე, ბევრი აღარ მიფიქრია - დავრეგისტრირდი და ფორუმის დღეს დაველოდე.


- რა ეტაპების გავლა მოგიხდათ, სანამ მუშაობას დაიწყებდით?
- რეგისტრაციის შემდეგ, ფორუმზე გამოვცხადდი და გასაუბრება გავიარე. ერთი თვის შემდეგ კვლავ დამიკავშირდნენ და მეორე გასაუბრებაზე დამიბარეს. ამის შემდეგ მითხრეს, რომ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ამიყვანეს და დაიწყო 6-თვიანი გადამზადების პროცესი...


- რა სირთულეები შეგხვდათ და რა უნარები დაგეხმარათ ამ სირთულეების გადალახვაში?
- სირთულეები, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ შრომისმოყვარეობით, მოტივაციით და კომუნიკაციით ყველა სირთულე დაიძლევა... გარდა ამისა, რაც ყველაზე ძალიან დამეხმარა, ეს არის გუნდური მუშაობის პრინციპი... 6 თვის მანძილზე უამრავი რამ ვისწავლე, რასაც არა მხოლოდ ამ სფეროში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში გამოვიყენებ. რაც ყველაზე მთავარია, ეს საქმე ძალიან მსიამოვნებს და ყველა წამოწყებულ პროექტს დიდი პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ვუდგები.