ემიგრანტმა ექიმმა ნინა ბენდუქიძემ საქველმოქმედო საქმიანობა ერთი წლის წინ დაიწყო. მანამდე იგი ტრანსპლანტაციის მიმართულებით მუშაობდა - ჯერ ჩეხეთის რესპუბლიკაში, ხოლო შემდეგ დიდ ბრიტანეთში.
ნინა ბენდუქიძე: „საქართველოდან გამგზავრება 1992 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში, პრაღაში მომიხდა, სადაც 10 წლის განმავლობაში ვიმუშავე კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის ევროპის ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებაში. 2002 წელს საცხოვრებლად ბრიტანეთში, ქალაქ ბრისტოლში გადმოვედი, სადაც NHS Blood and Transplant (NHSBT)-ის იმუნოგენეტიკის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. ეს ორგანიზაცია არის ერთადერთი ცენტრალიზებული სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც სისხლით ამარაგებს ყველა სავადმყოფოს ინგლისში. ამ ორგანიზაციის ნაწილია ბრიტანული ძვლის ტვინის დონორების რეგისტრი, რომელის ეხმარება პაციენტებს ვარგისი ძვლის ტვინის დონორის ძებნაში, როდესაც პაციენტს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ესაჭირეობა.
ყოველთვის ვფიქრობდი, თუ როგორ გაუმართლათ ბრიტანელებს. მათ შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაიტარონ უფასო მკურნალობა და ისეთი მძიმე დაავადებაც კი დაამარცხონ, როგორიც ლეიკემიაა. ამასთან, ბრიტანეთში მკურნალობის შედეგად შესაძლებელია განიკურნოს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებული ბავშვების 90%, ხოლო, დაახლოებით, 98%-ს რემისიის პერიოდის გავლა მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუძლია.
საოცრად შევწუხდი, როდესაც შევიტყვე, რომ საქართველოში ონკო-ჰემატოლოგიური დაავადებების ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებლის მიუხედავად (ყოველწლიურად 60 პირველადი შემთხვევა რეგისტრირდება) ქვეყანაში არ არსებობს სისხლის გადასხმისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ცენტრალიზებული მომსახურება. არსებობს მხოლოდ თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე ერთადერთი ონკო-ჰემატოლოგიური დეპარტამენტი და ბევრი წვრილი კერძო სისხლის ბანკი. ამ ორგანიზაციების პროფესიონალი და ენთუზიაზმით სავსე სამედიცინო პერსონალი ჰყავს, თუმცა, სამწუხაროდ, საჭირო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე აპარატურის, დაფინანსების, მედიკამენტებისა და ა.შ. არარსებობის გამო ლეიკემიით დაავადებული პაციენტებისთვის სათანადო მკურნალობა ხშირად ვერ ხერხდება. ასეთ პირობებში ბევრი პაციენტი, ასევე, დაავადებული ბავშვის მშობელი იძულებული ხდება, ფული ისესხოს, ხშირ შემთხვევებში, გაყიდოს ქონება, რაც კი გააჩნია, რათა სწორი დიაგნოზის და მკურნალობისთვის საზღვარგარეთ წავიდეს, განსაკუთრებით, თუ ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციაა საჭირო.
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მკურნალობაა და რა თქმა უნდა შეზღუდული რესურსების პირობებში საჭირო თანხების მოძიება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ დავისახე მიზნად საქართველოში მცხოვრები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარება. საქართველოს უნდა ჰქონდეს ტრანსპლანტაცის ცენტრი, როგორიც არის ყველა განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოს უნდა ჰყავდეს მაღალ კვალიფეციური ვიწრო სპეციალისტები, საქართველოს უნდა ჰქონდეს თავისი ძვლის ტვინის დონორების რეგისტრი. ეს არის თანამედროვე მედიცინის მოთხოვნილებები.
სწორედ NHSBT-ში მუშაობისას გამიჩნდა არაკომერციული ორგანიზაციის „იმედის“ (International Medical Education and Development Initiative) დაარსების იდეაც.
NHSBT-მ აჩუქა იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკს და ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციას სამი აპარატი (Beckman Coulter-ის გამდინარე ციტომეტრი FC500, ორი COBE Spectra სეპარატორი), დონორის სავარძელი, ცენტრიფუგები და სხვ. შესაძლოა, ეს აღჭურვილობა ბრიტანეთში ცოტა მოძველებულად მიიჩნევა, მაგრამ საქართველოში იგი დაავადებულთა სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს. ეს შემოწირული ტექნიკა საქართველოში სასწრაფოდ უნდა გამოვაგზავნო. ვაგროვებ ფულს.
11 ივლისის მონაცემებით, ტრანსპორტირებისთვის უკვე შეგროვდა £ 1,610, რაც საჭირო თანხის, თითქმის, 80%-ია.
აღჭურვილობის საერთო წონაა 550-600 კგ-ია. ჩვენ ჯერ კიდევ ვეძებთ ყველაზე იაფ და ყველაზე უსაფრთხო გზას ამ მგრძნობიარე აღჭურვილობის თბილისში გამოსაგზავნად. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია 2000 ფუნტის შეგროვება. რაც შეეხება საფოსტო გადასახადიდან დარჩენილ თანხას, იგი გამოყენებული იქნება მეორე ეტაპისთვის - რეაქტივების შეძენაში და ტექნიკის სწორად გამოყენების მიზნით ადგილობრივი კადრების გადასამზადებლად. ამ პროექტის მეორე ეტაპზე ვგეგმავთ მეტი თანხების გამოყოფას ტრეინინგებისა და სისხლის ბანკთან და ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაციასთან ხელშეკრულებების გასაგრძელებლად,“ - აცხადებს ქართველი ექიმი.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად ბავშვთა შორის ლეიკემიით დაავადების, დაახლოებით, 45-50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. სამწუხაროდ, შემთხვევათა 30% ლეტალურად მთავრდება.