„ერთ ღამეს დავიძინე „მტვრიანი“ ხელებით და რომ გავიღვიძე, მთელი საქართველო მიცნობდა“

მოზაიკა

23 ნოემბერი 20:00, 2016 წელი
74

რამდენიმე საათში მთელი საქართველო აალაპარაკა „ფეისბუკით“ გავრცელებულმა ვიდეომ, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ჯეოკაპიტალმა“ იმ ახალგაზრდის მოსაძებნად ატვირთა, ვინც კომპანიის ოფისის წინ ავტომანქანის მიერ წაქცეული ქოთანი წამოაყენა და მცენარეს გულმოდგინედ მოუარა. დღეს უკვე მთელი საქართველოსთვის ცნობილი სახე, 21 წლის ალექსანდრე ბუზალაძე თავისი ცხოვრების შესახებ გვიყვება...

  

  • დავიბადე და გავიზარდე გორში... მყავს დედა, და-ძმა და მოხუცი ბებია. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში წამოვედი. მართალია, სწავლის გაგრძელება მინდოდა, მაგრამ იმ ეტაპზე ამის საშუალება არ მქონდა და ამიტომ მუშაობა დავიწყე - ჯერ სტაჟიორად სტუდია მონიტორში, შემდეგ კი, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან მჭირდებოდა ანაზღაურება, რესტორან „თავადურში“ მოვედი...

  • სამსახურიდან, როგორც წესი, გვიან გამოვდივარ... იმ ღამითაც სახლში ვბრუნდებოდი. არც ისე შორს ვცხოვრობ, ამიტომ სახლისკენ გზას ფეხით გამოვუყევი. წერეთელზე, „ჯეოკაპიტალის“ ოფისის წინ წაქცეული ქოთანი დავინახე, მივედი, გავასწორე, მცენარე უკან ჩავაბრუნე და ძირს დაყრილი მიწაც მივაყარე ხელით...

  • ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს საქციელს ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა. ალბათ, ჩემს ადგილას სხვაც ასევე მოიქცეოდა. ეს ქოთნები და ყვავილები ხომ ასე ალამაზებენ ქალაქს, ვიღაცამ ხომ იზრუნა მის იქ დადგმაზე, მცენარის დარგვასა და გახარებაზე... 

  • მეორე დღეს ჩემმა თანამშრომელმა ნახა „ჯეოკაპიტალის“ ფეისბუქგვერდზე ატვირთული ვიდეო და შემატყობინა, რომ მეძებდნენ... თავიდან ძალიან დავიბენი, ვერ მივხვდი, ვის შეეძლო გადაეღო და აეტვირთა ვიდეო ან რა ჯილდოზე იყო ლაპარაკი... როცა გავიგე, რაც ხდებოდა და სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა... კომპანიას არ გამოვხმაურებივარ, უბრალოდ, კომენტარებში რომ ვნახე, როგორ მლოცავდნენ, მეც ჩემი კომენტარით მადლობა გადავუხადე.

  • „ჯეოკაპიტალის“ ხელმძღვანელობა ჩემი კომენტარის წაკითხვის შემდეგ ჩემს მეგობარსა და თანამშრომელს, გვანცა კურტანიძეს დაუკავშირდა. გვანცა მათ ჩემ შესახებ ისე აწვდიდა ინფორმაციას, რომ მე არაფერი ვიცოდი... მოკლედ, როცა ამომწურავად გაიგეს ჩემი საჭიროებების შესახებ, მოულოდნელად სამსახურში მომაკითხეს და დამასაჩუქრეს... ეს საჩუქრები ასმაგად უფრო სასიხარულო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ზუსტად ის აღმოჩნდა, რაზეც ვოცნებობდი.

  • „ჯეოკაპიტალის“ წარმომადგენლებმა კომპანიის სახელით გადმომცეს მადლობის სიგელი და ასევე, წერილი დედაჩემისთვის, რომელშიც მას ასი ათასობით ადამიანისა და კომპანიის სახელით მადლობას უხდიან... ახლაც ყურში ჩამესმის, როგორ აუკანკალდა დედას ხმა, როდესაც წერილი წავუკითხე... გარდა ამისა, კომპანიის თანამშრომლებმა ხელნაკეთ წიგნად შეკრეს და მაჩუქეს ის გულთბილი კომენტარები, რომელსაც სრულიად უცნობი ადამიანები მწერდნენ... 

  • „ჯეოკაპიტალის“ ყველაზე დიდი საჩუქარი კი საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრში დრამისა და კინოს მსახიობის სასწავლო კურსზე სწავლის დაფინანსებაა. მსახიობობაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, სამწუხაროდ, საშუალება არ მქონდა, ეს სურვილი ამესრულებინა და დიდი მადლობა „ჯეოკაპიტალს“, რომ ასეთი შანსი მომცა. „ჯეოკაპიტალმა“, ასევე, შემომთავაზა, გავხდე კომპანიის სახე. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდი მათთან თანამშრომლობას.