ბისერებისგან შექმნილი „ჯოკონდა“ - ქართველი დიზაინერის ნამუშევარი მსოფლიო კატალოგშია!

მოზაიკა

24 დეკემბერი 14:30, 2016 წელი
108

„პირველი ხელნაკეთი სამკაული, დაახლოებით, 15 წლის წინ შევქმენი. იმ დროს გაცილებით პოპულარობით სარგებლობდა თიხისგან დამზადებული სამკაულები, მაგრამ ჩემი ინტერესი ბისერებმა მიიპყრო...“ - მხატვარ-დიზაინერი ნინო ნადირაშვილი „Funtime“-ს მკითხველს თავისი საქმიანობის შესახებ უამბობს...

- ნინო, რომელი იყო შენი პირველი სერიოზული ნამუშევარი? 
- გერმანული მსოფლიო კატალოგი „Where“  მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოვან-შემოქმედთა კონკურსს ატარებდა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და ჩემი პირველი სერიოზული ნამუშევარიც სწორედ ამ კონკურსისთვის შევქმენი - 
კერძოდ კი, ყელსაბამი, რომელზეც ბისერებისგან ჯოკონდა იყო გამოსახული. ამ კონკურსში საქართველოს სახელით პირველ ადგილზე გავედი, ხოლო ჩემი ნამუშევარი მსოფლიო კატალოგში განთავსდა. ეს იყო 2003 წელს. ამ კონკურსის შემდეგ არაერთი შეთავაზება მივიღე, მათ შორის უკრაინიდან და აშშ-დან, სადაც ასევე მოეწყო ჩემი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.


- დღეს უკვე ბისერებზე ბევრი დიზაინერი მუშაობს...
- მართალია, ბისერებზე  სხვა დიზაინერებიც მუშაობენ, მაგრამ მე ჩემი ხელწერა მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ნამუშევრები ისტორიას ჰყვებიან. ისინი, ძირითადად, 19 საუკუნის ანტიკვარულ თემებზეა, თანაც მხოლოდ ერთი მიმართულებით არ ვმუშაობ... ჩემს ნამუშევრებში არის როგორც ეგვიპტური, ისე აზიური და, რა თქმა უნდა, ეროვნული თემა. სხვათა შორის, ახლა სწორედ ეროვნულ თემაზე ვმუშაობ და გრანდიოზულ დეფილე-შოუ-სპექტაკლსაც ვგეგმავ.


- გვიმბეთ ამ სანახაობის შესახებ...
- ამ გრანდიოზულ შოუში უამრავი ნიჭიერი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მსახიობები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, მოდელები და სხვ. ეს შოუ იქნება ძველის და ახლის სინთეზი, რათა წინ წამოვწიოთ ჩვენი ეროვნული ფასეულობები და კულტურა. ამ იდეის ავტორი და ორგანიზატორია ჩემი მეგობარი, რეჟისორი ნათია ბალაძე, რომელმაც ეს სანახაობა თავიდან ბოლომდე უნდა გააკეთოს. შოუზე წარმოდგენილი იქნება ჩემი ახალი კოლექცია, რომელზე მუშაობასაც მოკლე ხანში დავასრულებ. საერთო ჯამში, ჩემი 30-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

- სამომავლოდ რას გეგმავთ?
- გაზაფხულზე ვგეგმავ ხელნაკეთი აქსესუარების პრეზენტაციას, სადაც ასევე ეროვნული თემა იქნება წამყვანი. მინდა, გავაკეთო ჩემი სახელოსნო, მოდის სახლი, სადაც შეიქმნება სხვადასხვა სამოსი. ასევე, შემომთავაზეს თანამშრომლობა ამსტერდამიდან და დუბაიდან, თუმცა ჯერ მათ შესახებ გადაწყვეტილება არ მიმიღია.