ლიზა ზირაქიშვილი: „მუსიკა ყველაზე დიდი ძალაა იმისთვის, რომ განწყობა შემიცვალოს“

მოზაიკა

11 იანვარი 12:00
74

ისინი ძალიან მაგარ მუსიკას უკრავენ. ბენდ „Evening Project“-ს უკვე ბევრი იცნობს. დღეს ბენდის ყველაზე პატარა წევრს, ლიზა ზირაქიშვილს წარმოგიდგენთ, რომელსაც რეპეტიციაზე ბარ „პიანინოში“ მივაკითხეთ...

- ლიზა, „მუსიკით რა ასაკიდან დაინტერესდი?
- თქვენ წარმოიდგინეთ, არ მახსოვს - მუსიკა თითქოს დაბადებიდან თან მდევდა და მოსვენებას არ მაძლევდა. თუმცა დაკვრა 9 წლის ასაკში დავიწყე. პირველი ჩემი ინსტრუმენტი ტამტამი იყო. მოგვიანებით დრამზე დაკვრაც ვისწავლე. ბოლო რამდენიმე თვეა, საქსოფონზე დაკვრას ვსწავლობ.


- ამ ხნის განმავლობაში პედაგოგთან მუშაობაზე არასდროს გიფიქრია?
-არანაირ მუსიკალურ წრეზე არ მივლია. საკუთარ თავზე ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი და დღესაც ასეა. მხოლოდ რამდენიმე თვე ვიარე დრამზე, გურამ ტეცოშვილთან. ეს იყო და ეს...


- მუსიკალურ ოჯახში გაიზარდე?
- მივიჩნევ, რომ მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები პროფესიით მუსიკოსები არ არიან... დედა მელომანია და სხვათა შორის, ჩემი მუსიკის საუკეთესო და ყველაზე ობიექტური შემფასებელიც.


- „Evening Project-ში როგორ აღმოჩნდი?
- ბენდში გასულ წელს მოვხვდი, მანამდე „Floor 8“-ში ვუკრავდი ხოლმე ტამტამზე... სწორედ იქ მომისმინეს ბენდის წევრებმა და შემომთავაზეს, მათთან დამეკრა. თავიდან ამიყვანეს როგორც პერკუსიონისტი, თუმცა ბენდში პარალელურად დრამზეც ვუკრავ.


- როგორია შენი დღის რეჟიმი?
- კვირაში ოთხი დღე ვუკრავ - „პიანინოში“, „ოტიუმში“, „ბლუმში“ და „Floor 8“-ში. პარალელურად ვსწავლობ... აბიტურიენტი ვარ და მომავალ წელს ვაპირებ, კონსერვატორიაში, მუსიკის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარო. მაქსიმალურად ვცდილობ, სწავლა და მუსიკა ერთმანეთს შევუთავსო.


- რა არის შენთვის მუსიკა?
- მუსიკა ყველაზე დიდი ძალაა იმისთვის, რომ განწყობა შემიცვალოს, ცხოვრება გამილამაზოს. რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო მუსიკის მოსმენამ შეიძლება სულ სხვა განზომილებაში გადამიყვანოს და ხასიათიც გამომიკეთოს.


- მუსიკის გარდა, სხვა რა ინტერესები გაქვ?
- რაც თავი მახსოვს, ვხატავ და სხვათა შორის, ხატვა მუსიკაზე ნაკლებად არ მიყვარს... ის კი არა, არჩევანის გაკეთებაც კი გამიჭირდა სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა თუ კონსერვატორიაში... ბოლოს მაინც კონსერვატორია ავირჩიე, მაგრამ ხატვას, რა თქმა უნდა, თავს ვერ დავანებებ.