ლევან სუხიტაშვილი: „ჩემში ხუთი ლევანი ცხოვრობს...“

მოზაიკა

24 იანვარი 20:00
67

„საღამოები და სხვადასხვა სახის ღონისძიება ხშირად მიმყავს. ერთდროულად რამდენიმე ადგილას მუშაობა არ მიყვარს, ამიტომ ამჟამად კარაოკე-ბარ „ეიფორიაში“ ვარ, სადაც უამრავ აქტივობას ვგეგმავ“, - გვითხრა მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა, როცა „ეიფორიაში“ საღამოს წასაყვანად ემზადებოდა.

ლევან სუხიტაშვილი: კარაოკე საღამოებისა და ცოცხალი მუსიკის გარდა, „ეიფორია“ თავის სტუმარს ბევრ გართობასა და საჩუქარს ჰპირდება. არ გვექნება ჩარჩოში ჩასმული საღამოები. ანუ, მარტო კარაოკე ან დიჯეის მუსიკა ანდა მხოლოდ აქტივობები. ყველაფერი ერთმანეთთან შეხამებული და დაბალანსებული იქნება. ისე, რომ სტუმრისთვის მომაბეზრებელი არ იყოს. ძირითადად, ჩემს ძმასთან და მის ბენდთან „13, ანუ უშაქროსთან“ ერთად ვაწყობ საღამოებს, თუმცა ნელ-ნელა სხვადასხვა ბენდებიც შემოგვემატებიან. ამ ეტაპზე სცენის მოწყობაზე ვზრუნავთ. თემატურ ღონისძიებებს მოვაწყობ. ვუმასპინძლებთ სპორტსმენებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, რომლებიც დიდი ხანია ეკრანსა თუ სცენას ჩამოშორდნენ, ვეტერან ფეხბურთელებს...


- „ეიფორიის“ გარემო რით არის შენთვის გამორჩეული?
- სიტუაციაა მთავარი. ისეთი გარემოა, ყველა სტუმარს მივაქცევ ყურადღებას და კონკურსებსაც მოვაწყობ. განწყობაზე წინასწარ არასდროს ვფიქრობ. რამდენიმეჯერ იყო, როცა რაღაც მეწყინა და სტუმრები დავტოვე. ერთხელ კი ციხიდან დამირეკეს და მეგობრის გარდაცვალება შემატყობინეს. საპირპარეშოში შევედი, ვიტირე და საღამოს წაყვანა ვეღარ გავაგრძელე. როცა ვხედავ, რომ ადამიანები გასართობად მოდიან, განწყობა თავისთავად მექმნება. ასეთ დროს პირველ რიგში მე უნდა გავერთო და, შესაბამისად, ეს სტუმრებისთვისაც გადამდებია. ყველა სტუმარი ტონუსში მყავს და ვცდილობ, მხოლოდ ჭამა-სმაზე არ იყვნენ გადართულები და ვერც იქნებიან, რადგან ყოველ საღამოს თითო გამარჯვებული მაგიდა გამოვლინდება და, შესაბამისად, მოდუნების საშუალება არავის ექნება. „ეიფორიაში“ ტყუილად არავინ იმღერებს და გაერთობა... ჩვენს სტუმარს ყველა აქტივობა დაუფასდება.
რაც შეეხება სამზარეულოს, სხვა ბარ-რესტორნებისგან განსხვავებით არასტანდარტულია.


- შენი ღონისძიებები მხოლოდ ბარებითა და კლუბებით რომ არ შემოიფარგლება, ეს ცნობილი ფაქტია...
- მასშტაბური ღონისძიებების მოწყობაც ჩემი საყვარელი საქმეა. მე და ჩემს ძმას, გიორგის, გვაქვს ძალიან მაგარი პროექტი - „გაგრძელება იქნება“, რომელიც საზღვრისპირა სოფლებში, მავთულხლართებიდან რამდენიმე მეტრში ღონისძიებების ჩატარებასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს. ვცდილობთ, ისეთ ადგილებში ჩავიდეთ, სადაც 9 წლის ბავშვმა შეიძლება არც იცოდეს, რას ნიშნავს მომღერალი და რა არის მოკროფონი.


ჩემში ხუთი ლევანი ცხოვრობს და ერთმანეთთან გამუდმებით პოლემიკაში არიან. ხან მსახიობი ლევანა, ხან წამყვანი, ხან ძალიან მიზანდასახული და პირიქითაც ხდება ხოლმე. მინდა თეატრშიც დავბრუნდე და ეს ნაბიჯი ვერ გადავდგი, რადგანაც მიმაჩნია, რომ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ამისთვის მზად უნდა იყო, როგორც დროის,  რის პრობლემაც ყოველთვის მაქვს, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. გამიკეთებია ისეთი საქმეც, რომელიც ჩემი პროფესიისგან ძალიან შორს ყოფილა. ახლა მინდა dj-ობასაც დავეუფლო, რაც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ დრო არასოდეს მქონდა ამისთვის. აქედან გამომდინარე, ჩემში სულ ქაოსია. ამიტომ მირჩევნია, ბევრი გადაღება მქონდეს, რაც ერთადერთი პროცესია ჩემთვის, როდესაც არაფერზე ვფიქრობ და სრულ იდილიაში ვარ საკუთარ თავთან... ამაზე ხუთივე ლევანა თანხმდება.


- კარიერა ოჯახურ თანაცხოვრებაში არანაირ დისკომფორტს არ გიქმნის?
- მიუხედავად იმისა, რომ 4 შვილი მყავს, ჩემში რაც ვერ გავაღვიძე, ეს მამა ლევანია, თუმცა ვცდილობ, ბავშვებს ყურადღება არ მოვაკლო. მათშიც და ჩემშიც უფრო მეგობარს ვხედავ, ვიდრე დესპოტ და მკაცრ მამას.