სარვამარტო ექსპერიმენტი Grant’s 8-სთან ერთად

მოზაიკა

8 მარტი 15:30, 2016 წელი

8-წლიანი დაძველების შოტლანდიური ვისკი Grant’s ქალბატონებს 8 მარტს ულოცავს და სიურპრიზის სახით პატარა ექსპერიმენტს სთავაზობს: Grant’s 8-ის დასაგემოვნებლად ვისკის მოყვარული 8 წარმატებული ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი მოვიწვიეთ და ვთხოვეთ, ჩვენთვის გაემხილათ, რა შეცვალეს ქალბატონებმა - მეუღლეებმა მათ ცხოვრებაში. ექსპერიმენტმა საინტერესო შედეგი გვიჩვენა: ამ მამაკაცებთან საუბარმა, გარკვეულწილად, სტერეოტიპის მსხვრევა გამოიწვია — როგორც აღმოჩნდა, წარმატებულ მამაკაცს გვერდით ჭკვიანი ქალი სურს.

ნიაზ ხუციანიძე, მსახიობი. მეუღლე ანი ალადაშვილი, მსახიობი


ნიაზი: „ჩემს ცხოვრებაში ანის გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. ოჯახის შექმნამ ახალი პასუხისმგებლობები მოიტანა. სანამ დავოჯახდებოდი, ჩემს მეგობარ ბიჭებზე ხშირად ვბრაზდებოდი, შეყვარებულებს ან ცოლებს მეტ დროს რომ უთმობდნენ, ახლა კი, პირიქით, მიკვირს, რატომ არ ესმით, რომ ოჯახი მაქვს და შესაბამისად, მთლიან დროს მეგობრებს ვეღარ დავუთმობ. :)
მეც და ანიც მსახიობები ვართ და თანაცხოვრება კარიერაშიც გვეხმარება: ამა თუ იმ როლზე ერთად ვმუშაობთ ხოლმე — სახლში რეპეტიციებს გავდივართ და ერთმანეთს შენიშვნებსაც თავისუფლად ვაძლევთ. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი ცოლია, მაგრამ ანი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მსახიობი ქალია! ვაღიარებ, რომ ჩემზე კარგიცაა. სცენაზე რომ ვუყურებ, ხანდახან მავიწყდება, რომ ჩემი ცოლია და საერთოდ ვიცნობ, მომწონს, როგორც უცხო ადამიანი. იყვნენ სცენაზე ყოველთვის ლამაზები და სექსუალურები, მხოლოდ ნიჭიერ ქალებს შეუძლიათ. უამრავი ლამაზი, მაგრამ უნიჭო ქალი მინახავს, რომლებიც სცენაზე სრულიად არაქალურები და უინტერესოები გამოჩნდნენ. ასე რომ, ზოგადად, დამერწმუნეთ, მამაკაცისთვის გვერდით ჭკვიან ქალს არაფერი სჯობს.
ერთმანეთს ბავშვის მოვლაშიც ვეხმარებით, ნელ-ნელა ძიძის ფუნქციაც შევითავსეთ: სხვადასხვა პროექტზე ისე ვმუშაობთ, რომ ორივე ერთად დაკავებული არ ვიყოთ და ბავშვიც ხან ჩემთანაა, ხან — ანისთან“.


ანი: „ალბათ, მამაკაცის ცხოვრებაში, სიყვარულთან ერთად, ყველა ქალმა სიმშვიდე და სტაბილურობა უნდა შეიტანოს. ასევე, ვფიქრობ, გარკვეულწილად, ნიაზის ფიცხ ხასიათსაც ვაწონასწორებ. საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მომთხოვნია და ერთი პერიოდი, ყველა როლზე უარს ამბობდა, ჩვენი პროფესიისადმი ცოტათი იმედგაცრუებულიც იყო. მე კი ვარწმუნებდი, რომ ეს პრობლემა ყველა მსახიობს აქვს: დიდხნიანი პაუზის შემდეგ, საკუთარ ძალებში ბოლომდე დარწმუნებულები არ ვართ ხოლმე“.


 


არჩილ უნდილაშვილი, ექიმი. მეუღლე მარი კუბლაშვილი, ჟურნალისტი 


აჩიკო: „მიუხედავად იმისა, რომ დაოჯახება საკმაოდ გააზრებული მქონდა და ვფიქრობ, იმ დროისთვის გარკვეულ მიზნებსაც მივაღწიე, ალბათ, ბოლომდე მაინც არ ვიცოდი, რას შეცვლიდა ოჯახი ჩემს ცხოვრებაში. არ მგონია, ამის წინასწარ განსაზღვრა ვინმეს შეეძლოს. ასე რომ, ცვლილებას რაც შეეხება, პარტნიორი — ცხოვრების თანამგზავრი შევიძინე, რომელმაც შემავსო. თურმე, ადრე არ ვიყავი მთელი და ეს მთლიანობა ჩემს ცხოვრებაში მარის გამოჩენის შემდეგ შეიქმნა. მიმაჩნია, რომ კარგი ქალი ყველა მამაკაცისთვის დიდი პრესტიჟია. ალბათ, ქალებიც ანალოგიურად ფიქრობენ. წყვილების ურთიერთობის შენარჩუნება კი, ვფიქრობ, ყველაზე მეტად ყურადღებაზეა დამოკიდებული.
8 მარტი მნიშვნელოვანი დღესასწაულია, თუმცა, ჩემი აზრით, არ არსებობს იმაზე დიდი დამსახურება, როდესაც მეუღლე კარგ მშობლად მიგიჩნევს. ამიტომაც, ვფიქრობ, დედის დღეც საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ საყვარელ ქალებს სიურპრიზები მხოლოდ კონკრეტულ დღესასწაულებზე არ უნდა გავუკეთოთ. ჩემთვის ყოველი დღე დღესასწაულია და ვცდილობ, მარის გასახარებლად მაქსიმალურად გამოვიყენო: ყოველთვის ვაკვირდები, რა მოსწონს, რომ შემდეგ მისი გემოვნების შესაბამისი საჩუქარი შევიძინო. საერთოდ, ჩემი აზრით, წყვილმა უნდა შეძლოს, ბოლომდე შეყვარებულებად დარჩნენ და ცოლქმრობა ე.წ. დოგმად არ აქციონ.


მარი: „აჩიკოს მართლაც ორიგინალური სიურპრიზების გაკეთება შეუძლია. ჩვენ ამერიკაში ვცხოვრობთ, თუმცა საქართველოში ხშირად ჩამოვდივართ. ამას წინათ, ვსეირნობდით და სამკაულების მაღაზიაში შევიარეთ, სადაც ერთი ბეჭედი მომეწონა. სხვა შემთხვევებში, აჩიკოს გემოვნებას ვენდობი ხოლმე, რადგან სამკაულებში ძალიან კარგად ერკვევა. 2 კვირის შემდეგ, იმავე მაღაზიაში საყურე მივიტანე შესაკეთებლად, იმ დროს აჩიკო თბილისში იყო. მაღაზიის მენეჯერმა მთხოვა, ცოტა ხანს არ წავსულიყავი, კარადიდან რაღაც შეხვეული ნივთი გამოიღო, მომაწოდა და მითხრა: „ეს შენ, საუკეთესო მეუღლე აჩიკოსგანო“. სწორედ ის ბეჭედი აღმოჩნდა, 2 კვირის წინ რომ მომეწონა. :)
ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც კაცი შენზე მეტად ცდილობს, ურთიერთობაში მრავალფეროვნება შეიტანოს. როგორც წესი, ქალებს ეს ყოველთვის გვინდა, მაგრამ მსგავსი ინიციატივა ბევრი მამაკაცისგან არ მოდის“.


 


ლევან ქოქიაშვილი, პრომოუტერი. მეუღლე ლალი პაპაშვილი, არქიტექტორი, პრომოუტერი


ლევანი: „პირველ რიგში, ყველა გოგონას ვულოცავ 8 მარტს. მიმაჩნია, ყველა მამაკაცისთვის ბედნიერებაა, როცა გვერდით ლამაზი და ჭკვიანი ქალი ჰყავს. ლალიმ ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად შეცვალა. ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად ნებისმიერ მამაკაცს გვერდით ჭკვიანი ქალი სჭირდება და სწორედ ლალისთან თანაცხოვრების დამსახურებით მივაგენი წარმატების საიდუმლოს: მამაკაცები მეტად იმპულსურები ვართ და ქალს შეუძლია, ჩვენს მოქმედებებს პრაქტიკული მხარე შემატოს. ძალიან სასიამოვნო პროცესია, როდესაც გარკვეულ მიზნებს ერთად ვისახავთ და შემდეგ ერთად ვმოქმედებთ ამ მიზნის მისაღწევად. თუმცა, მგონი, ლალის ბოლომდე მაინც ვერ წარმოუდგენია, რომ უფრო მეტად იმის გამო მიყვარს, რომ ჭკვიანია და არა იმიტომ, რომ ლამაზია.
სიყვარულმა სხვა მხრივაც შემცვალა. ლალის დამსახურებით ბევრ გაჭირვებულ ადამიანს ვამჩნევ, რომელთა დახმარების სურვილიც მიჩნდება. ადრე თითქოს მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი და გარშემომყოფ ადამიანებს არ ვაკვირდებოდი. ალბათ, ჩვენი ყველაზე დადებითი მიღწევა ისაა, რომ ერთად კონკრეტული მიზანი დავისახეთ და ცხოვრებაში საკუთარი ადგილი ვიპოვეთ. მიმაჩნია, რომ საერთო საქმე ურთიერთობის შენარჩუნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენმა თანაცხოვრებამ ჩემი ცხოვრების სტილიც შეცვალა. დაოჯახებამდე აქტიური ღამის ცხოვრება მქონდა და მეგონა, რომ  ლალისთან ერთად გავაგრძელებდი, მაგრამ ოჯახმა სხვა პასუხისმგებლობების წინაშე დაგვაყენა.
ძალიან მნიშვნელოვან რამესაც მივხვდი: ამ საკითხზე ჩვენს საზოგადოებაში სულ კამათია. ქალი თუ ნამდვილად გიყვარს, მას არასოდეს უღალატებ. ის კაცი კი, რომელიც ცოლს ღალატობს და ჰგონია, რომ უყვარს, ძალიან ცდება, რადგან ეს ასე არ არის. შესაბამისად, ასეთი კაცების ცოლებიც საკუთარ თავს ტყუილად აიმედებენ - „მღალატობს, მაგრამ მე ვუყვარვარო“.


ლალი: „ჩვენ რეალობაში ისეთი მამაკაცებიც არიან, რომლებსაც ჭკვიანი ქალი არ სჭირდებათ — ამ გზით, ალბათ, უფრო თავისუფალი ცხოვრების სტილს ინარჩუნებენ. ეს, ხშირ შემთხვევაში, ფინანსურად მაქსიმალურად უზრუნველყოფილ კაცებს ემართებათ. ის წყვილი კი, რომელიც ყველაფერს ნულიდან იწყებს და ერთად შრომობს, ვფიქრობ, ურთიერთობაშიც უფრო სტაბილურია. სულელი ქალი ამ შემთხვევაში არ გამოგადგებათ :)


მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთად გვიწევს ყოფნა, ერთმანეთს თავს არასოდეს ვაბეზრებთ. მამა რუსეთში ცხოვრობს და უკვე 2 წელია, არ მინახავს, მაგრამ იქ ჩასვლა და ლევანის ცოტა ხნით დატოვებაც კი არ მინდა“.


 


სანდრო თოფურიძე, ინდუსტრიული ინჟინერი. მეუღლე დადუ თოფურიძე, კინოს მხატვარი


სანდრო: „მე და დადუ 9 წელია, ერთად ვართ. ერთმანეთი რომ გავიცანით 16 წლის ვიყავი, დადუ — 15-ის. დამეთანხმებით, ეს ძალიან რთული ასაკია და ვფიქრობ, რომ ერთად ჩამოვყალიბდით. ვერ ვიტყოდი, რომ პიროვნულად შემცვალა, რადგან მგონია, რომ ადამიანი, რაც ბავშვობაშია, მთელი ცხოვრება იგივე რჩება, თუმცა კარტოფილის შეწვა ნამდვილად ვისწავლე :) დადუმ შეძლო და საკუთარი თავი შემაყვარა, სიყვარული და მეგობრობა მასწავლა — პირველ რიგში, ჩემი მეგობარია და შემდეგ ცოლი და ჩემი შვილის დედა. უდიდესი საჩუქარი ჩემთვის სწორედ ჩვენი შვილია, რომელმაც, ალბათ, ყველაზე მეტად შემცვალა.
გადაღებებიდან გამომდინარე, ძალიან რთული სამუშაო გრაფიკი აქვს და ვცდილობ, ყოველთვის ხელი შევუწყო. ზოგადად, ურთიერთობაში ერთმანეთს მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან რადიკალურად განსხვავებული პროფესია აქვს, მისი საქმე მაინტერესებს და ყოველთვის ვცდილობ, გადაღებების სპეციფიკაში გავერკვიო — საბოლოო პროდუქტს ერთად ვუყურებთ და განვიხილავთ ხოლმე. აქამდე, უფრო მეტად, უცხოური ფილმების მოყვარული ვიყავი, დადუს დამსახურებით კი, თანამედროვე ქართულმა კინომ დამაინტერესა. თუმცა, მხატვრობასთან გარკვეული შეხება მეც მაქვს — მამა კოლექციონერია და სახლში უამრავი მხატვრის ნამუშევრები გვაქვს. 
ხშირად გვიფიქრია, რამ განაპირობა ჩვენი სტაბილური ურთიერთობა - ამ 9 წლის განმავლობაში სერიოზულად არასოდეს გვიჩხუბია და ვფიქრობ, ამის საშუალება ჩვენმა მრავალფეროვანმა ცხოვრებამ მოგვცა. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ურთიერთობებს პრობლემები ან რაიმე რადიკალური გადაწყვეტილებები ამყარებს: როდესაც წყვილი რაიმე პრობლემას ერთად გადალახავს, უფრო ახლოვდება; იგივე ხდება, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გიწევს“.

დადუ
: „ალბათ, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ძალიან განსხვავებულები ვართ და ერთმანეთში ყოველთვის რაღაც სიახლეს ვპოულობთ, ერთმანეთს ვავსებთ“.


 


ზურა გოგოლაძე, ლოჯისტიკის სპეციალისტი. მეუღლე ნოკა ბაინდურაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი 


ზურა: „9 წელია, რაც მე და ნოკა ერთად ვცხოვრობთ. საწყის ეტაპზე გააზრებული ნამდვილად არ მქონდა, რა ცვლილებები მოჰყვება ოჯახის შექმნას, თანაცხოვრების პროცესში ორივემ თანდათან გავიაზრეთ :) ცოლის მოყვანამ ჩემი ცხოვრების წესიც შეცვალა, უფრო დავსერიოზულდი და აღარ ვხულიგნობ :) მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩემმა მეგობრებმა ნოკა ძალიან კარგად მიიღეს და რაც ხშირად ხდება — ოჯახის შექმნის გამო მეგობრები არ ჩამოგვიშორებია, პირიქით, ჩვენი სამეგობრო წრე გავაფართოეთ.


ჩემთვის ნოკა იმდენად იდეალურია, რომ მის ხასიათში რაიმე ნაკლის დანახვა ძალიან მიჭირს. უდიდეს კომფორტს მიქმნის და ძალიან მოწესრიგებულია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, არც მე და არც ბავშვს ყურადღებას არასოდეს გვაკლებს. თუმცა, ვცდილობთ, ხანდახან განტვირთვის დღეებიც მოვაწყოთ ხოლმე და მხოლოდ ოჯახის საქმეებში ჩართული არ ვიყოთ. როდესაც ბავშვის ბებიასთან დატოვების საშუალება გვაქვს, კლუბებშიც დავდივართ და ვერთობით“.


ნოკა: „ჩვენს ცხოვრებაში ოჯახის შექმნა საკმაოდ გარდამტეხ პერიოდს დაემთხვა: ორივემ უნივერსიტეტი დავამთავრეთ, ერთად მუშაობაც მოგვიწია და ჩვენი ცხოვრება უფრო სერიოზულ ფაზაში რომ შევიდა, დაქორწინება მაშინ გადავწყვიტეთ“.


ზურა: „ოღონდ, სასაცილო ისაა, რომ ერთ სამსახურში კი ვმუშაობდით, მაგრამ განსხვავებული რეჟიმის გამო, ერთმანეთს თითქმის საერთოდ ვერ ვხვდებოდით:) სამსახურის დასრულების შემდეგ სადმე შევხვდებოდით ხოლმე, სახლში ერთად რომ წავსულიყავით“.


ნოკა: „ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ცვლილება შვილის შეძენამ შეიტანა. მანამდე 2 წელი ერთად ვცხოვრობდით და უფრო შეყვარებულები ვიყავით, ვიდრე ცოლ-ქმარი, დემეტრემ კი მეტი პასუხისმგებლობის წინაშე დაგვაყენა.
ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ერთმანეთს რაიმე ვალდებულებას არ ვუწესებთ. ზურა ძალიან მეხმარება სახლის საქმეებში, დაგეგმვის საკითხებიც განაწილებული გვაქვს: ის ფინანსებს ჩემზე უკეთ განკარგავს, მე შემიძლია, ყველაფერი ერთ წუთში დავხარჯო :) სამაგიეროდ, მე ორგანიზების ნიჭი მაქვს. ზოგადად, იმდენად დაკავებულები ვართ, რომ წვრილმანებს აღარ ვუღრმავდებით და კონფლიქტიც არასოდეს გვაქვს. ერთგვარი ტრადიციაც შემოვიღეთ: საღამოობით ყოველთვის ერთად ვვახშმობთ, შემდეგ - ფილმს ვუყურებთ და თითქოს ამ ერთი შეხედვით მარტივი მოქმედებებით ერთობლიობას არ ვკარგავთ“.


 


ვახო კანდელაკი, ტელეწამყვანი. მეუღლე თაკო ასათიანი, ჟურნალისტი


ვახო: „სიყვარულის უპირველესი კომპონენტი, ჩემი აზრით, ურთიერთგაგებაა. ოჯახის შექმნამდე წყვილები უფრო არაპრაქტიკულები არიან, თანაცხოვრებისას კი სხვა დეტალებიც იკვეთება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლში, როცა დაღლილი, დასტრესილი, ყოველდღიური რუტინით დამძიმებული ბრუნდები, ადამიანი გეგულებოდეს, რომელსაც ამ ყველაფერს გაუზიარებ. ქალები ხშირად აღნიშნავენ, რომ, რაც არ უნდა შემდგარები იყვნენ, გვერდში მათზე ძლიერი მამაკაცი მაინც სჭირებათ და მინდა გითხრათ, ეს მამაკაცების შემთხვევაშიც ასეა.
ასევე, ისტორიულად, მამაკაცები ინიციატივებს ყოველთვის საკუთარ თავზე იღებდნენ და თითქოს ყველაფერს ქალის გარეშე აგვარებდნენ, მაგრამ 90-იან წლებს თუ გადავხედავთ, როდესაც ქალებმა ძალიან ბევრი ფუნქცია უკეთ შეასრულეს, დავრწმუნდებით, რომ გარკვეული სიძლიერე ქალსაც აქვს, რაც ყველა მამაკაცს სჭირდება. ამიტომაც, მიმაჩნია, რომ ჯანსაღად მოაზროვნე კაცს გვერდით ჭკვიანი და ძლიერი ქალი უნდა ჰყავდეს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას დაეხმარება. წარმატებული ვერასოდეს გავხდები, თუ გვერდით ის ადამიანი არ მეყოლება, რომელიც წარმატების მიღწევაში ხელს შემიწყობს. ჩემთვის ცოლს თოჯინის დატვირთვა არასოდეს ჰქონია, უფუნქციო არათუ მეუღლე, მეგობარიც არ მჭირდება. საჭიროებაში მატერიალურ სარგებელს კი არ ვგულისხმობ, არამედ ურთიერთგაგებასა და სულიერ სიახლოვეს.
ჩემს ოჯახში უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ და ვფიქრობ, მათ კარგად ვიცნობ. მამაკაცები მეტად ზედაპირულები ვართ, ქალები კი დეტალებს უღრმავდებიან. მიმაჩნია, ყველა მამაკაცმა ისეთი ქალი უნდა იპოვოს, რომელთანაც თანხმობა აქვს და შეუძლია, მოუსმინოს — მერწმუნეთ, ფაქტი, რომ ცოლის აზრს ითვალისწინებ, არ ნიშნავს, რომ მეგობრების წრეში დაცინვის ობიექტი უნდა გახდე. ყველა მამაკაცს ვურჩევდი, კარგად გაიაზროს ეს“.


თაკო: „ორივეს ერთნაირი პროფესია გვაქვს, რაც ძალიან გვეხმარება, თუმცა, არიან წყვილები, რომლებსაც ეს ხელს უშლის. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ტელევიზიაში ვმუშაობდით, გრაფიკის გამო ვერ ვიკვეთებოდით და მონატრების მომენტი მაინც იქმნებოდა. თანაც, მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთის სამუშაო სპეციფიკას კარგად ვიცნობთ და თუ სამსახურის გამო რომელიმეს სახლში გვაგვიანდება, ეს ფაქტი პრობლემას არ გვიქმნის.
ვფიქრობ, ურთიერთობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ წყვილი ინტელექტუალურად თანასწორად განვითარდეს და როდესაც შენი მეორე ნახევრის განვითარებაში წვლილი შეგაქვს, თავადაც ავტომატურად ვითარდები“.


ვახო: „ხომ არსებობენ წყვილები, რომელთა უკანაც ძალიან შეძლებული ოჯახები დგანან და, უბრალოდ, „სახლიდან გასასვლელად“ მუშაობენ. ჩვენ კი ყველაფერი მართლაც ნულიდან დავიწყეთ და მომავალს ერთად ვქმნით. საერთოდ, მომხრე ვარ, წყვილები რომ ერთ სფეროში არიან დასაქმებული. სხვა თუ არაფერი, ინფორმაციის გაცვლა ხდება — ერთმანეთს კარგ რჩევებს ვაძლევთ და წარმატებისთვისაც ერთად ვიბრძვით“.


 


დიტო დვალიშვილი, გაყიდვების აგენტი. მეუღლე ანუკი ბიწაძე, ჟურნალისტი 


დიტო: „ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილებისთვის მზად ვიყავი და მართალი რომ გითხრათ, ცვლილებებს არ ჩავღრმავებივარ. ისე მოხდა, რომ პატარა ასაკიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობდი, არავინ მზღუდავდა — ვმუშაობდი და ვერთობოდი. შემდეგ, ანუკი გავიცანი და დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ერთად ცხოვრება გვინდოდა, უფრო სწორად, ანუკიმ მიმახვედრა :) ხანდახან მამაკაცებს რაღაც გვინდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ და ქალები ამის გაცნობიერებაში გვეხმარებიან. ჩემს ცხოვრებაშიც ასე მოხდა: ცვლილება მჭირდებოდა, მაგრამ ბოლომდე გააზრებული არ მქონდა, კონკრეტულად რა სფეროში. ოჯახის შექმნის შემდეგ მივხვდი, რომ აქამდე ჩემ გარშემო სიცარიელე იყო, რომელიც ანუკიმ შეავსო“. 


ანუკი: „ეგონა, ცოლს რომ მოიყვანდა, გასუქდებოდა და მართლაც გასუქდა :)))) ვფიქრობ, ჩვენი თანაცხოვრების დამსახურებით დიტო უფრო წინდახედული და პრაქტიკული გახდა. ყველა ნაბიჯს იაზრებს, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ოჯახისთვის. ისე კი, ძალიან კეთილი ადამიანია და ვფიქრობ, ხანდახან ზედმეტადაც. ალბათ, ამ კუთხითაც ოდნავ შევცვალე — ადრე ძალიან მიმნდობი იყო, ახლა ვცდილობ, ავუხსნა, გარკვეულ მოვლენებს კრიტიკულად შეხედოს. ადრე ყველას მეგობრად მიიჩნევდა და ახალგაცნობილ ადამიანებს მარტივად ენდობოდა და თუ როდისმე მათ შესახებ ჩემი განსხვავებული აზრი გამომითქვამს, მომავალში ისე ხდებოდა, რომ მართალი აღმოვჩნდებოდი ხოლმე :)“


 


ირაკლი შავგულიძე, IT უსაფრთხოების ექსპერტი, ფოტოგრაფი. მეუღლე ნინა ლაბარტყავა: მხატვარი, გრაფიკული დიზაინერი


ირაკლი: „უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ 8 მარტი არა მხოლოდ ქალბატონების, არამედ ჩემი დღეცაა - დაბადების დღე მაქვს :) ასე რომ, მისი აღნიშვნის მიზეზიც ორმაგია. ზოგადად, შეკითხვა - „რა შეცვალა ნინამ ჩემს ცხოვრებაში“, საკმაოდ კომპლექსურია. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სიყვარული განვითარებისა და წინსვლის ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ამ მხრივ კი, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ ჭკვიან ქალს ენიჭება: ალბათ, ნებისმიერი კაცისთვის, ქალის სექსუალურობა არა მხოლოდ სხეულში, არამედ აზროვნებაშია. ასე რომ, „ტვინი კუნთია“ :) და, თანაც, საკმაოდ მნიშვნელოვანი, რადგანაც ჭკვიანი ქალი ბევრ სიტუაციაში ადეკვატურია და უკეთ შეუძლია, გაგიგოს. განსაკუთრებით ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო: კონფლიქტი ყველა წყვილს შორის ხდება, ეს გარდაუვალია. ჭკვიან ქალს კი უნარი აქვს, სიტუაცია განმუხტოს, შესაძლებელია, კონფლიქტი მაინც მოხდეს, მაგრამ უფრო მარტივად შერიგდებით. ეს, ალბათ, გარკვეულწილად გამოცდილების დამსახურებაცაა, მაგრამ ვფიქრობ, უმეტესად მაინც ქალის ინტელექტზეა დამოკიდებული.
სიყვარული გარკვეული დროის შემდეგ მეგობრობაში გადადის და ეს ეტაპი უფრო მყუდრო, სულიერ ურთიერთობასთან ასოცირდება. თუ ამ დროს ადამიანთან საერთოს ვეღარ პოულობ და კონტაქტსაც ვერ ამყარებ, სიყვარულიც ქრება. ურთიერთობის დასაწყისში, ადამიანის გარეგნული ელემენტების ხარჯზე, მისადმი ვნება გიჩნდება, რომელიც დროსთან ერთად აუცილებლად ნელდება. თანაც, ვნებას ერთი მინუსი აქვს — როდესაც კონკრეტული ადამიანისადმი ამ გრძნობას განიცდი, რეალურად გარკვეულ ილუზიას ქმნი და ის ადამიანი ისეთი გიყვარდება, როგორიც, რეალურად არ არის. შემდეგ, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი უკეთ გაცნობის საშუალება გაქვს და ხვდები, რომ შენ მიერ შექმნილი ილუზიისგან რადიკალურად განსხვავდება. ამიტომაც, ვფიქრობ, სიყვარულის ძირითად პრინციპი ისაა, რომ რეალური პიროვნება შეგიყვარდეს და არა ის, რომელიც შენს ილუზიებში შექმენი“.


ნინა: „ირაკლისნაირ ადამიანს ძალიან დიდხანს ვეძებდი და ბედნიერი ვარ, რომ გაგვიმართლა და ერთმანეთი ვიპოვეთ“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?