გიორგი ცისკაძე: „ვოცნებობ, გამოვჯანმრთელდე!“

ნიჭიერი

14 დეკემბერი 19:30, 2016 წელი
10

12 წლის სენაკელი გიორგი ცისკაძის შესრულებამ „ნიჭიერის“ მაყურებელი გააოცა. „დედა ბევრს მამეცადინებდა. მეც კარგ შეფასებებს ველოდი ჟიურისგან და ხალხისგან. ძალიან მიხარია, ასე რომ მოხდა“, - ამბობს გიორგი, რომელიც ცხოვრებაში დიდ წარმატებებს ელოდება და Funtime-ს თავის საოცარ ოცნებასაც უმხელს... 

- რა არის შენი ოცნება?
- ვოცნებობ, გამოვჯანმრთელდე! ეს ჩემი უპირველესი ოცნებაა... და მინდა, დიდ წარმატებას მივაღწიო! ხატვაც მიყვარს და სპორტის რამდენიმე სახეობაც, მაგრამ ჯერ არსად დავდივარ.


Funtime-ს რამდენიმე შეკითხვაზე გიორგის დედამ, სალომე ბერიშვილმაც უპასუხა.


- გადაცემის ჩაწერაზე აღნიშნეთ, რომ გიორგიმ „ნიჭიერში“ მონაწილეობა არაერთხელ გთხოვათ. აქამდე რატომ იკავებდით თავს?
- მუსიკალური ოჯახი გვაქვს. „ნიჭიერი“ ქასთინგებისთვის რეგიონში რომ ჩამოდიოდა, შესარჩევი ტური რამდენჯერმე ოჯახთან ერთად გავიარე. დადებითი ემოციების მიუხედავად, აღარ დაგვირეკეს. ამიტომ ვიკავებდი თავს, რომ პროექტში გიორგის დამოუკიდებლად მიეღო მონაწილეობა. არ მინდოდა, ჩემს შვილს იმედები გაცრუებოდა. წელს კი გიორგის დაჟინებული მოთხოვნითა თუ თხოვნით, უარი ვეღარ ვუთხარი.


- გქონდათ გიორგის იმედი?
- იმედი კი მქონდა, მაგრამ ამხელა ემოციასა და შეფასებებს მართლა არ ველოდი. უცხოეთიდან ვინ აღარ გვეკონტაქტება და ისეთი გულთბილი მოლოცვებით თუ სურვილებით გვეხმიანებიან, ყოველდღე ახლიდან ვიბადები. გიორგის უფროსი, 16 წლის და ჰყავს, რომელიც გიტარაზე, ჩონგურზე, ფანდურსა და პიანინოზე ძალიან კარგად უკრავს და მღერის, ლექსებსაც წერს.


- გიორგის დაავადება რა ასაკში გამოუვლინდა?
- წლისა და ათი თვის იყო, პირველად ცუდად რომ გახდა და ექიმმა ცისტიტის დიაგნოზი დაუსვა. როცა მთლიანად შეშუპდა, დედაჩემი მიხვდა, რომ ჩემს შვილს თირკმლის პრობლემა ჰქონდა და მაშინვე საავადმყოფოში წავიყვანე. ლიპოიდური ნეფროზული სინდრომი დაუდგინეს. იმ დღიდან პრეპარატზეა დამოკიდებული. წამალი რომ არ მივცეთ, თირკმელი სათანადოდ ვერ მუშაობს და გამუდმებით მკურნალობა სჭირდება. გიორგი დღეს ავად რომ არის, ეს ჩემი დიდი დანაშაულია.


- გიორგის ავადმყოფობაში საკუთარ თავს რატომ იდანაშაულებთ?
- სენაკელი ვარ, მაგრამ რუსთავში ვიყავი გათხოვილი. გიორგი 3 წლის იყო, ქმარს რომ გავშორდი. მართალია, ჩვენი ურთიერთობა მეორე შვილის დაბადებისთანავე ცუდად აეწყო, მაგრამ მაშინვე ვერ შევძელი ორი პატარა შვილით ქმართან დაშორება. არადა, გიორგი მალევე რომ გამომერიდებინა იმ გარემოს, იქნებ ამ დონემდე არ მისულიყო.


- მეუღლესთან გაშორება გიორგის დაავადებაში რას შეცვლიდა?
- დაავადების გამომწვევ მიზეზებზე დიდი ბჭობა მიმდინარეობდა. იქნებ შიშის ფაქტორმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩემი შვილი ცუდად არის. ბევრჯერ მძინარე ბავშვებისთვის დამივლია ხელი და სახლიდან გავქცეულვარ, რათა ჩემს ყოფილ მეუღლეს გავრიდებოდით. ის იმ პერიოდში ნარკოტიკის მომხმარებელი გახდა და არალეგალურად იარაღსაც ატარებდა. ამ ყველაფრის მომსწრეები ჩემი შვილები იყვნენ. საკუთარ თავს ამიტომ ვადანაშაულებ. ამაზე ასე საჯაროდ არასდროს მისაუბრია, რადგან შვილებს ძალიან ვუფრთხილდები. 


- გიორგიმ სიმღერა რა ასაკში დაიწყო?
- სამი წლის გახდა თუ არა, ლაპარაკთან ერთად სიმღერაც დაიწყო. ვოკალის პედაგოგი გახლავართ და პატარაობიდანვე მე ვამეცადინებ. სენაკში მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ვმუშაობ. გასულ წელს ნინო ქათამაძე იყო ჩამოსული. აკომპანიმენტს ვუწევდი. მოხდა ისე, რომ კონცერტის დროს დარბაზში ჩავიდა და ხალხი სიმღერაში აიყოლია. მიკროფონში ბავშვის ხმა გავიგე და აღმოჩნდა, რომ ჩემი შვილი მღეროდა. რას ჩამოგყავდით, როცა ასეთი ბავშვი გყავდათ სენაკშიო, თქვა ნინომ და ისიც დაამატა, გიორგი ჩემთვის აღმოჩენააო. ამ განცხადების შემდეგ ძალიან ამაყი ვარ და მინდა, ეს სიტყვები მკითხველმა სწორად გამიგოს. გიორგის ცხოვრებაში სიმღერას ყველაზე დიდი ადგილი უჭირავს. ცუდად რომ არის, მაშინაც კი მღერის.


- გიორგიზე გვიამბეთ. როგორი ბიჭია?
- ძალიან თბილი და მისიყვარულე. იუმორის საოცარი გრძნობა აქვს! პატარა, უმნიშვნელო ამბავიც კი ისე შეუძლია მოყვეს, ყველა გააცინოს.


- თავის ცხოვრების რეჟიმს არ აპროტესტებს?
- ხან დაიწუწუნებს ხოლმე და მეტყვის, ერთი სული მაქვს, როდის განვიკურნები, რომ ვითამაშო და ვირბინოო. დაბადების დღეზე ჩემმა მეგობრებმა ველოსიპედი აჩუქეს, მაგრამ როგორც მიუყვანეს, ისე დგას. იცის, რომ არ უნდა გაცივდეს და მიჯერებს კიდეც. 


- რა სჭირდება გიორგის იმისთვის, რომ განიკურნოს?
- გარდატეხის პერიოდს ველოდებით. იქამდე უმტკივნეულოდ უნდა მივიდეთ, რათა სხვა დაავადებაც არ დაემატოს. როგორც ექიმი გვეუბნება, გარდატეხის ასაკში გიორგი განიკურნება.