ლაშა გელაშვილი: „ფინალი კიდევ უფრო მაგარი, საინტერესო და გასაოცარი იქნება!“

ნიჭიერი

27 დეკემბერი 19:30, 2016 წელი
7

22 წლის ილუზიონისტმა ლაშა გელაშვილმა ნახევარფინალში ჟიურის წევრები და მაყურებელი კიდევ უფრო რთული ამოცანის წინაშე დააყენა. მისმა ფოკუსებმა ყველა გააოცა და აღაფრთოვანა... ახალგაზრდა ილუზიონისტი უკვე ფინალშია.

ლაშა გელაშვილი: ფინალისტის სტატუსი ჩემთვის იმხელა ბედნიერებაა, სიტყვებით როგორ გამოვხატო, არ ვიცი. პოზიტიურად ვიყავი განწყობილი, თუმცა იმდენად ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, ფინალში გადასვლის შანსი თითოეულს ჰქონდა. დიდ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც მგულშემატკივრობს. ჟიურის ემოციებსა და სახეებზე დიდად არ ვიყავი კონცენტრირებული. ჩემი მთავარი მიზანი იყო, გამართული ნომერი წარმომედგინა. ვფიქრობ, ჟიურის წევრებიც და მაყურებელიც საკმარისად გავაოცე. 


- როდის დაინტერესდი ილუზიონისტობით?
- ილუზიონისტობით 5 წლის წინათ დავინტერესდი, თუმცა ბოლო სამი წელია, განსაკუთრებულ ყურადღებასა და დროს ვუთმობ. პირველი მაყურებელი ჩემი ძმაა ხოლმე. გიორგი იყო ის ადამიანი, ვინც ფოკუსების კეთებისკენ მიბიძგა. ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები ოჯახის წევრები არიან.


- რას ჰპირდები გულშემატკივარს ფინალში?
- გულშემატკივარს ვპირდები, რომ საკუთარ არჩევანში ეჭვს ერთი წამითაც არ შეიტანენ და პირობას ვაძლევ, რომ ფინალი კიდევ უფრო მაგარი, საინტერესო და გასაოცარი იქნება!


- ლაშა, რა პროფესიის ხარ?
- ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა ჩემი პროფესიით ჯერჯერობით არ მიმუშავია.