მერაბ დუკაშვილი: „წლებთან ერთად, ბევრი რამ შეიცვალა“

ნიჭიერი

28 დეკემბერი 15:30, 2016 წელი
80

„შშმ პირები „ნიჭიერში“ მონაწილეობის სურვილს ყოველწლიურად გამოთქვამენ. ხშირ შემთხვევაში ფინალშიც ხვდებიან და ნახევარფინალშიც, რითიც ხალხს ვეუბნებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“, - ამბობს მერაბ დუკაშვილი, რომელიც პროექტის პირველ ნახევარფინალში, ლიკა ქორქიასთან ერთად, „ნიჭიერის“ გულშემატკივრების ოთახში გამოჩნდა.


- მერაბ, „ნიჭიერის“ შესარჩევ ტურებს თუ ადევნებდი თვალყურს?
- რა თქმა უნდა, რადგან ჩემი ბევრი მეგობარი მონაწილეობს. აჩიკო ლიხაშვილს, რომელსაც ნიკა გვარამიამ 10 000 ლარი გადასცა, კარგად ვიცნობ და ვმეგობრობთ კიდეც. იყო დრო, როცა ფეხსაცმლის მოდელირებაზე ერთად ვსწავლობდით. ასე რომ, აჩიკოს ვგულშემატკივრობ, მინდა, წარმატებები ვუსურვო, იმედი მაქვს, ფინალშიც გავა!


- პირადად შენ რა დამოკიდებულებას გრძნობ ადამიანებისგან?
- სხვათა შორის, წლებთან ერთად, ბევრი რამ შეიცვალა. მე და ჩემი მეგობრები უკვე არაერთ პრობლემაზე ხმას ვიმაღლებთ, რამაც შედეგი გამოიღო. ერთ-ერთი პრობლემა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ახალი ავტობუსების მძღოლებმა თავიდან არ იცოდნენ, რომ ბორდიურთან ახლოს უნდა გაჩერებულიყვნენ და ისე ავსულიყავით ეტლით. მსგავსი ტიპის პრობლემები ნელ-ნელა მცირდება.