ქართველი ძალოსანი - „იყო საშიშროება, რომ გემს ჩავეთრიე“

ნიჭიერი

25 დეკემბერი 18:00, 2015 წელი
44

ქუთაისელმა ძალოსანმა დავით ჭოხონელიძემ „ნიჭიერის" ნახევარფინალში წარმოუდგენელი ნომერი შეასრულა. მან 1000-ტონიანი გემი ხელით რამდენიმე მეტრზე გაწია. წვიმამ და ძლიერმა ქარმა ნომერი კიდევ უფრო სახიფათო გახადა. მართალია, დავითი ფინალში ვერ მოხვდა, მაგრამ საქართველოში ყველაზე ძლიერი მამაკაცის ტიტული დაიმსახურა და „რუსთავი 2“-ის ფულადი ჯილდოც მიიღო.

- ის, რაც მე გავაკეთე, სპორტის სახეობაა, რომელსაც უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია აერთიანებს. ეს სპორტის არაოლიმპიური სახეობაა, ამიტომაც მინდოდა, მის შესახებ ფართო საზოგადოებას გაეგო. ჩვენი სპორტსმენები წინა სეზონის „ნიჭიერშიც“ გამოდიოდნენ, მაგრამ მე გადავწყვიტე, განსხვავებული ნომერი შემესრულებინა.


- პირველ ტურში ავტობუსი რამდენიმე მეტრზე გაწიეთ, მეორე ტურში - გემი. ნომრების იდეა თქვენ გეკუთვნით?
- გემის გაწევა საქართველოში არავის უცდია. სიახლე იყო. თან ამას წვიმა და ქარიც დაერთო, რამაც ნომერი უფრო სახიფათო გახადა.


- ალბათ, განსაკუთრებული მომზადება დაგჭირდათ.
- ჩვენი სპორტი განსხვავებულ ვარჯიშებს მოიცავს. ყოველდღიურად სხვადასხვა ვარჯიშს ვასრულებთ ჰანტელებზე, მძიმე და მოუხერხებელ საგნებს ვწევთ, მძიმე უღელებზე ვვარჯიშობთ. შესაბამისად, ფიზიკურად კარგად ვიყავი მომზადებული.


- რამდენი ხანია, ამ სპორტს მისდევთ?
- ეს ფედერაცია 7-8 წელია, ჩამოყალიბდა და მე 6 წელია, რაც აქ ვვარჯიშობ.


- თქვენ 1000-ტონიანი გემი ხელებით გაწიეთ. არ ღელავდით, გაუძლებდა თუ არა თქვენი ორგანიზმი ამხელა დატვირთვას?
- ვღელავდი, ამინდიდან გამომდინარე. ცუდმა ამინდმა ნომერი რისკის ქვეშ დააყენა. შესაძლოა, შტორმისა და ღელვის გამო გემს დავექაჩე და უკან, ზღვაში გადავეგდე. ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ ჩემი მეგობრები და ახლობლები ჩემ გვერდით იყვნენ და ყველანაირად მამხნევებდნენ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. 


- ნომრის დროს რაღაც ეპიზოდში შევამჩნიეთ, რომ, მგონი, ნიშადურიც იყნოსეთ...
- დიახ, ეს ნიშადური იყო. მძიმე წონის ან საგნის აწევის დროს ძალოსნები ნიშადურს ყნოსავენ, რათა არ გაბრუვდნენ და არ გაითიშონ.


- მართალია, ფინალში ვერ მოხვდით, მაგრამ „რუსთავი 2“-ისგან 5000 ლარი მიიღეთ საჩუქრად. ფინალისთვის რა გქონდათ დაგეგმილი?
- შეიძლებოდა, ხალხი უფრო გემეკვირვებინა. ფინალში რომ გადავსულიყავი, ჩაფიქრებული მქონდა ნახევარკილომეტრიანი პატარა მანქანების კოლონის ჩაბმა და გაწევა ან მატარებლის ვაგონის გაწევა. იდეები იყო, თუმცა, სამწუხაროდ, პროექტში აღარ ვარ.


„ნიჭიერმა“ რა მოგიტანათ?
- პირველ რიგში, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა. მიუხედავად ამდენი წინააღმდეგობისა, მაინც შევძელი ამის გაკეთება. ახლა ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება.