„კასლეთილა“ - სვანი ქალბატონები კახეთიდან

ნიჭიერი

30 დეკემბერი 14:00, 2015 წელი
51

სვანური ფოლკლორული ანსამბლი „კასლეთილა“ ჟიურის რჩეული გახდა და ფინალში მოხვდა. ანსამბლი 11 ქალბატონისგან და ერთი მამაკაცისგან შედგება. ყველა მათგანი სვანეთიდან არის. მშობლიური კუთხის დატოვება სტიქიის გამო მოუწიათ.


ამჟამად საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ სიმღერის ნიჭი წინაპრებისგან გადმოეცათ და ამ ფორმით თავისი ფესვების შენარჩუნებას ცდილობენ;


ფიქრია მარგიანი, ანსამბლის ხელმძღვანელი:
- ჩვენი  ანსამბლი 2009 წლიდან არსებობს. ვცდილობთ, სვანური ფოლკლორი შევინარჩუნოთ, მით უმეტეს, რომ კახეთში ვცხოვრობთ. ისე, მესტიის რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან ვართ. 1987 წლის სტიქიის შემდეგ ჩამოვედით სვანეთიდან. არც ერთს არ გვაქვს მუსიკალური განათლება. ეს ნიჭი ყველას წინაპრებისგან მოგვდგამს. ძირითადად, ჩემთან სახლში ვმეცადინეობთ. ანსამბლში 11 ქალბატონი და ერთი მამაკაცია.


- როგორ მოხვდით „ნიჭიერში“?
- როდესაც ანსამბლი ჩამოყალიბდა, მივედი ფოლკლორის ცენტრში, სადაც ბატონ გიორგი უშიკიშვილს შევხვდი. მას გავაცანი ჩვენი ანსამბლი. შემდეგ უკვე „სხვა შუადღეში“ მოგვიწვია გიორგიმ. მას ვთხოვეთ, თუ იქნება საშუალება, რომ ჩვენი ნიჭი მთელ საქართველოს გავაცნოთ-თქო. ძალიან გვინდოდა „ნიჭიერში“ გამოსვლა და წელს, როგორც იქნა, გავრისკეთ.


- ელოდით ამ შედეგს?
- ნამდვილად არ ველოდით. ჩვენთვის ნახევარფინალიც გამარჯვება იყო. მთავარია, დიდ სცენაზე გამოვედით.



- ახლა ფინალში უკვე ორი ფოლკლორული ანსამბლი მოხვდით. „ჩხოროწყუ“ საკმაოდ ძლიერი კონკურენტია. როგორ ფიქრობთ, გაქვთ გამარჯვების შანსი?
- ვერაფერს გეტყვით. ისინი მამაკაცები არიან, ჩვენ - ქალები. ალბათ, განსხვავებული ნომრები იქნება. მთავარია, კარგი მოსასმენი იყოს.