„ცხოვრება ახლა იწყება!“ - „ნიჭიერის“ ემოციური ფინალი

ნიჭიერი

14 იანვარი 12:00, 2016 წელი
50

„ნიჭიერის“ მეექვსე სეზონი დასრულდა. ფინალური შოუ ზოგიერთი მონაწილისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მაყურებელმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო:
შემოსული 115 615 ზარიდან ხმათა 48,6 პროცენტი ბარაბარა სამხარაძეს ერგო.
ის პროექტის გამარჯვებული და საქართველოს ყველაზე ნიჭიერი ადამიანის ტიტულის მფლობელი გახდა.
თავად ბარბარასთვის გამარჯვება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ემოციებს ვერ მოერია და სცენაზე ატირდა. ამავე მდგომარეობაში იყო მისი დედაც.
2016 წლის ძველი ახალი წლის ღამე ამ ოჯახს სამუდამოდ ემახსოვრება.  


ბარბარა სამხარაძე: - ვერ დავიჯერე, რა მოხდა, ამიტომაც ბედნიერებისგან ტირილი დავიწყე. ვერც ის დავიჯერე, ასეთი საჩუქრებით რომ დამაჯილდოვეს. ეს იყო ჩემთვის არაამქვეყნიურობა. არ ველოდი, ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. ცოტა მრცხვენოდა, ჩემს სახელს რომ აცხადებდნენ. ძალიან ბევრი კარგი ნომერი იყო და როცა ყველა მეუბნებდა, შენ გაიმარჯვებო, ვფიქრობდი: მე რატომ, განა რას ვაკეთებ განსაკუთრებულს მეთქი. ახლაც თავი ბრუის... ცხოვრება ახლა იწყება!


ვალიდა დათეშიძე, ბარბარას დედა: - ხალხის მადლობელი ვარ, მათ იყოჩაღეს და ივაჟკაცეს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ერთი ზარი მაინც გამოუშვა. ვერ წარმოვიდგენდი, არ მიოცნებია იმაზე, რაც მოხდა. ეს ჩემთვის მიუწვდომელი იყო.


ნიკა გვარამია, ჟიურის წევრი: - ძალიან მიხარია, რომ ჩემმა ოქროს ღილაკმა გაიმარჯვა, მაგრამ მიუხედავად იმისა, იქნებოდა თუ არა ეს ოქროს ღილაკი, ეს იყო სამართლიანი გამარჯვება.
ბარბარა გამოკვეთილად არის თვითნაბადი ნიჭიერება.


ლევან წულაძე, ჟიურის წევრი: - აბსოლუტურად ვეთანხმები ხალხის გადაწყვეტილებას, ეს იყო ყველაზე ბედნიერი ფინალი. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ ბარბარა არაჩვეულებრივი გოგოა და ამას იმსახურებდა.


ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟიურის წევრი: - ეს იყო აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება. მიუხედავად პრეტენზიებისა, რომლებსაც სოციალურ ქსელში ვეცნობოდი, რომ თითქოს პროექტში ბევრი მომღერალი იყო, მე მაინც მგონია, რომ ერთ-ერთი ძალიან მრავალფეროვანი ფინალი  ვნახეთ, თავისი ექსტრემალური თუ საცეკვაო ნომრებით. მაყურებელმა ძალიან სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი მაყურებელი ჰყავს „რუსთავი 2“-ს.