გიორგი ხაბურზანია: „ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ეს სეზონი შარშანდელზე უკეთესი ყოფილიყო“

ნიჭიერი

24 ოქტომბერი 14:30, 2016 წელი
40

 „ნიჭიერის“ ახალი სეზონის შესახებ Funtime-ს გადაცემის პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია ესაუბრება...

გიორგი ხაბურზანია: „ნიჭიერის“ მე-7 სეზონს ვამზადებთ. წლებია, რაც ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი შოუა. ამაზე კი ის გამოხმაურებები მეტყველებს, რაც პროექტის მსვლელობისას გვაქვს ხოლმე. ერთ ადგილზე გაჩერება არ გვინდა, ამიტომ წელსაც ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, რომ ეს სეზონი შარშანდელზე უკეთესი ყოფილიყო. ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ჟიურის შემადგენლობა გახლავთ. არც მეტი არც ნაკლები, ჟიურიში პირველი ლედი გვყავს, რაც შოუსთვის კარგი პრეცედენტია.


- ჟიურის ახალმა წევრებმა როგორ მოირგეს ამპლუა?
- ჯერ მესამე გადაცემა ჩავწერეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქალბატონ მაკას მუშაობით მთელი შემოქმედებითი გუნდი აღფრთოვანებულები ვართ. მაკამ ჟიურის შემადგენლობა გაამდიდრა, პროექტში სულ სხვა კლასი და რაკურსი შემოიტანა. ზაალ უდუმაშვილმა შარშანწინ საახალწლო შოუ ისე წაიყვანა, იქიდან მოყოლებული ვფიქრობდით, „კურიერიდან“ გასართობ სივრცეშიც გადმოგვეყვანა და გაამართლა კიდეც. „ნიჭიერში“ თავისი მუხტი შემოიტანა და დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ჟიურის ახალი წევრების მონაწილეობით პროექტს მოგვიწონებს.


- შოუს კონკურსანტებზე რას გვეტყვით?
-
ყოველ წელს ვცდილობთ, მაყურებელს ახალი რამ შევთავაზოთ, ამიტომ წელსაც ბევრ ისეთ ნომერზე ვთქვით უარი, რომელიც შეიძლება, სანახაობრივად კარგი იყო, თუმცა წინა სეზონისგან - არაფრით განსხვავებული. გასულ წელს უპრეცედენტო რამ მოხდა - უკრაინელი არტისტი ქართული „ნიჭიერის“ შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა. მის ვიდეოებს 78 მილიონამდე ნახვა ჰქონდა. არაერთი უცხოელი მონაწილის გამოსვლა აღმოჩნდა წარმატებული და წელსაც ბევრმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. აქაც სელექციურები ვიყავით და შევეცადეთ, ისეთი უცხოელები შეგვერჩია, რომლებიც მაყურებლისთვის რაიმე ახალს წარმოადგენდნენ. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ასეთი ნაკადი ჯერ არ გვყოლია. ჩემს სიტყვებში მაყურებელი სულ მალე დარწმუნდება.