ლამარას როკ-ენ-როლი - ახლა უკვე „ნიჭიერის“ სცენაზე

ნიჭიერი

31 ოქტომბერი 16:30, 2016 წელი
79

 „ნიჭიერის“ ბოლო შესარჩევ ტურზე ფილარმონიის სცენაზე ლამარა ხოროიშვილის გამოჩენამ მაყურებელი კიდევ ერთხელ გაახალისა. ქალმა, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელმა როკ-ენ-როლის ცეკვით გაიცნო და რომელმაც ერთ დღეში მოიპოვა პოპულარობა, 30 ოქტომბერს „ნიჭიერის“ მაყურებლისთვისაც იცეკვა. დარბაზში ტაში და ოვაციები ნომრის დასრულების შემდეგაც არ წყდებოდა.

ლამარა ხოროიშვილმა საკუთარ თავზე ცოტა რამ Funtime-საც უამბო:
ქობულეთში, სოფელ ხალაში ვცხოვრობ და მეხუთე წელია, შშმ ბიჭს ვუვლი. ამ ადამიანს მშობლები არ ჰყავს და მინდოდა, მის მოვლაში წვლილი შემეტანა. მყავს მეუღლე, რევაზ კახიძე, რომელიც ძალიან მიყვარს. 23 წელია, ოჯახი გვაქვს და ჩვენს შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა. ვიცი, რომ უშვილობის გამო არაერთი ოჯახი ინგრევა, მაგრამ მინდა, ყველა ქალს მოვუწოდო, თუ ქმართან დიდი სიყვარული აკავშირებთ, ამის გამო ეს ნაბიჯი არასდროს გადადგან. 


- გვიამბეთ ვიდეოზე, რომლის საშუალებითაც ერთ დღეში გახდით პოპულარული...
- როკ-ენ-როლი ძალიან მიყვარს და ცეკვა დამოუკიდებლად ვისწავლე. ნათესავის ქორწილი იქნება თუ დაბადების დღე, ყველამ იცის, რომ მუსიკოსებს ცეკვის შეკვეთა უნდა მისცენ და მე ვიცეკვო. ჩემი ცეკვა მობილურით ნათესავის მეგობარმა გადაიღო და ინტერნეტში განათავსა. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი და მეგობრებისგან გავიგე. ყოველ წუთს მირეკავდნენ და ჩემს ვიდეოზე მიყვებოდნენ. გაოგნებული დავრჩი! სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე ჩემი ცეკვა, არავის დავუჯერე!


- მეუღლემ რა გითხრათ, როცა ვიდეო ნახა?
- არაფერი უთქვამს. სადმე დღესასწაულზე ერთად რომ მოვხვდებით, მუსიკოსებს თვითონ აძლევს როკ-ენ-როლის შეკვეთას და მერე ჩემს ცეკვას სიამოვნებით უყურებს. „ნიჭიერზე“ ვერ გამომყვა, რადგან იმ ბიჭთან დავტოვე, რომელსაც ვუვლი.


- ამ ვიდეომ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?
- ხალხი მცნობს. ვიდეოს გავრცელების მერე მაღაზიაში შევედი, ფეხი არ მქონდა შედგმული, როცა ჯერ ერთმა მკითხა, თქვენ ის ქალი არ ხართ, როკ-ენ-როლს რომ ცეკვავსო და მერე ყველამ მიცნო. სიმართლე გითხრათ, მსიამოვნებს ხალხი სითბოს რომ გამოხატავს. „ნიჭიერში“ სხვების ნომრები, რომლებიც კარგად ცეკვავენ, მომწონს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ შეიძლება დახვეწილად არ ვცეკვავ.


- „ნიჭიერში“ რატომ მოხვედით?
- „ნიჭიერში“ იმის გამო არ მოვსულვარ, რომ ჩემი ცეკვა ვინმეს შეეფასებინა. მინდოდა ყველა ქალისთვის, რომლებსაც შვილი არ ჰყავს, მომეწოდებინა, რომ საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებიან და ცხოვრება გაიხალისონ.


- „ნიჭიერის“ სცენაზე აღნიშნეთ, რომ ბავშვებს ხშირად ეხმარებით. კონკრეტულად რა იგულისხმეთ?
- 100 ლარს თუ ავიღებ ხელფასს, შემიძლია, ბავშვებზე გადავანაწილო. იქნება ეს სკოლის მოსწავლე თუ პატარა, ყოველთვის მაქვს სურვილი, რაღაცით დავეხმარო და ღვთის წყალობით გამომდის კიდეც. მინდა ყველა გაჭირვებულს ვცე პატივი. ამით მე ბედნიერი ვარ და შეიძლება ხალხის სიყვარულიც იმიტომ მოვიპოვე ასე იოლად.