დიტო გოზალიშვილი: „არასდროს არაფერს ვაფუჭებ, უბრალოდ, ბუნებით ზედმეტად მხიარული ვარ!“

ნიჭიერი

22 ნოემბერი 15:30, 2016 წელი
80

„ნიჭიერის“  სცენაზე 10 წლის დიტო გოზალიშვილის გამოჩენამ გულგრილი არავინ დატოვა. დიტო ის იღბლიანი მონაწილე აღმოჩნდა, რომლისთვისაც პირველმა ლედიმ პირველი ოქროს ღილაკი გამოიყენა. საკუთარ გამოსვლას გუშინ Sky bar-ში, „ნიჭიერის“ სხვა მონაწილეებთან და შემოქმედებით გუნდთან ერთად, დიტოც ელოდა. ეკრანზე მის გამოჩენას ჟიურის წევრებისგან და უფრო მეტად მაკა ჩიჩუასგან კიდევ უფრო მეტი ემოცია მოჰყვა, ვიდრე ეს გადაცემის ჩაწერისას, ფილარმონიის დარბაზში მოხდა. დიტოს Funtime-მა რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

- დიტო, სიმღერა რა ასაკში დაიწყე?
- 4 წლის ვიყავი, როცა სიმღერა დავიწყე. ეს ნიჭი ჩემში დედამ აღმოაჩინა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. დღეს ნახევარფინალში რომ ვარ, სწორედ მისი დამსახურებაა. სტუდიაში რომ შემიყვანა, თავიდან არც ვფიქრობდი, სიმღერის ნიჭი თუ ნამდვილად მქონდა. სკოლაში სიმღერის კონკურსი გაიმართა, სადაც გავიმარჯვე და შემდეგ გამიჩნდა სურვილი, „ნიჭიერშიც“ მეცადა ბედი. უფრო სწორად, მინდოდა, საკუთარი თავი გამომეცადა.


- ელოდი იმ ემოციას, რაც შენს გამოსვლას მოჰყვა?
- არა, ამის მოლოდინი საერთოდ არ მქონია. ოქროს ღილაკს კი არა, იმასაც არ ველოდი, თუ ჟიურის რომელიმე წევრი „კი“-ს მეტყოდა. პირველმა ლედიმ პირველი ოქროს ღილაკი დამითმო! ჩემი ემოცია მაყურებელმა კარგად ნახა. ვერ მივხვდი, ჩემს თავს რა მოხდა! მაიმუნივით ტიპი ვარ და ამიტომაც შევასრულე მაიმუნის სიმღერა, რომელიც ასე მოეწონა ყველას.


- ნახევარფინალში ხარ. ალბათ, გამარჯვების იმედიც გაქვს...
- ვერ გეტყვით, რომ გამარჯვების იმედი მაქვს, რადგან კონკურენცია საკმაოდ დიდია. პროფესიონალი მომღერლების გვერდით მიწევს გამოსვლა და მგონია, რომ ამ პროექტს ბავშვი ვერ მოიგებს, თუმცა გეტყვით იმას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ!


- სიმღერის გარდა, რას საქმიანობ?
- რა თქმა უნდა, სკოლაში ვსწავლობ და ჯერჯერობით კარგად. ფეხბურთითაც ვარ გატაცებული, თუმცა არ დავდივარ. თავისუფალ დროს შემიძლია მარტო, მეგობრების გარეშეც ვითამაშო. გარდა ამისა, ვახმოვანებ მულტფილმებს, რაც ერთი წლის წინათ დავიწყე. პირველად „ჯუნგლების წიგნი“ გავახმოვანე და ეს საქმე ძალიან მომეწონა.


- ალბათ, ცელქიც ხარ...
- კი, ძალიან ცელქი ვარ! არაფერს ვაფუჭებ, უბრალოდ, ბუნებით ზედმეტად მხიარული ვარ, რაც სიცელქეში გადამდის. 18 წლის ძმა მყავს, რომელიც ამერიკაში გავუშვით სასწავლებლად. მეორე ძმას ველოდები, თუმცა ძალიან მინდოდა, და მყოლოდა.


- შეყვარებული ხომ არ გყავს?
- მყავდა და დავშორდით. ჩემზე გაცილებით უფროსი იყო, თუმცა გადავწყვიტეთ, მეგობრებად დავრჩენილიყავით. სხვა დეტალების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.