დიკო ჯოჯუა: „20 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და 10 წელია, „კურიერში“ გვერდით მიზის!“

ნიჭიერი

22 ნოემბერი 17:30, 2016 წელი
64

„ნიჭიერის“ შემოქმედებითი გუნდი და მონაწილეები წუხელ პროექტის პირველი გადაცემის საყურებლად Sky bar-ში შეიკრიბნენ. ჟიურის წევრი, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი ბარში თანაწამყვან დიკო ჯოჯუასთან ერთად, პირდაპირ „კურიერის“ ეთერიდან მოვიდა. 


დიკო ჯოჯუა:
 „ნიჭიერის“ გულშემატკივარი მხოლოდ იმიტომ კი არ ვარ, რომ ის ჩვენი პროდუქტია. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, თუმცა გარდა ამისა, ეს არის შოუ, რომელიც ყოველ სეზონზე თავისი სიახლეებითა და სხვადასხვა დეტალით იმდენად საინტერესოა, შეუძლებელია, არ უყურო! ამ შოუზე იმდენად მაგარი გუნდი მუშაობს, რომ სხვანაირი ვერც წარმომიდგენია! შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ!


- ამ სეზონზე კონკრეტულად ვინმეს ხომ არ გულშემატკივრობთ?
- სხვათა შორის, გადაცემის ჩაწერებს ვესწრებოდი და ჩემი ფავორიტი უკვე მყავს. მის გარდა, იყო რამდენიმე მონაწილე, რომლებსაც ბოლომდე ვუგულშემატკივრებ. პირველი გადაცემიდანაც მყავს რჩეული - იტალიიდან ჩამოსული მოცეკვავე წყვილი.



- ზალიკო როგორ მოგწონთ ჟიურის ამპლუაში?
- ამ შემთხვევაში სუბიექტური ვიქნები, რადგან ზალიკოსთან ძალიან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. 20 წელია, ერთმანეთს ვიცნობთ და 10 წელია, „კურიერში“ გვერდით მიზის. ზალიკო ყველა ამპლუაში ძალიან კარგია და ახალი იმიჯიც ძალიან მოუხდა!