ეკატერინე აბულაძე: „მუსიკა ჩემი ცხოვრების წესია“

ნიჭიერი

6 დეკემბერი 12:00, 2016 წელი
62

 „ნიჭიერის“ ოქროს ღილაკის კიდევ ერთი მფლობელი და ნახევარფინალისტი ეკატერინე აბულაძე გახდა. მის მიერ შესრულებულმა Led Zeppelin-ის როკ-ენ-როლმა როგორც ჟიური, ისე მთელი დარბაზი მოხიბლა. „ძია ნოდარის ბენდის“ უნიჭიერეს ვოკალისტს Funtme-მა ბენდის რეპეტიციაზე მიაკითხა. ეკამ თავის საყვარელ საქმიანობასა და ცოტა პირადზეც ისაუბრა.


ეკატერინე აბულაძე:
პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა ამ კუთხით არასდროს მიმუშავია. ძალიან პატარა ვიყავი, სიმღერა რომ დავიწყე და მას შემდეგ მუსიკა ჩემს ცხოვრებაში მუდმივად არის. ხან აქტიურად ვარ ჩართული, ხან ვპასიურობ, თუმცა თავს მაინც არ ვანებებ. ვოკალის პედაგოგი არასდროს მყოლია. დედა მამეცადინებდა სახლში, რეპერტუარსაც ის მირჩევდა, თუმცა მუსიკოსი არ გახლავთ. 6 წლის ვიყავი, როცა ქალაქ რუსთავში სკოლებს შორის ფესტივალი გაიმართა და გავიმარჯვე. 12 წლამდე ფესტივალებში აქტიურად ვმონაწილეობდი. დღემდე ქალაქის კოლორიტ მომღერლად მივიჩნევი.


- ამ ხნის განმავლობაში ვოკალის პედაგოგთან მუშაობაზე არასდროს გიფიქრია?
- საკუთარ თავზე ყოველთვის ბევრს ვმუშაობდი და დღესაც ასეა. ჩემი ვოკალის პედაგოგები კი ის მომღერლები არიან, რომლებსაც გამუდმებით ვუსმენ.


- „ნიჭიერამდე“ კონკურსებში არ მიგიღია მონაწილეობა?
- იცით, კონკურსები დიდად არ მხიბლავს. მგონია, რომ ჩემი არ არის. ყოველთვის მირჩევნია, საყვარელი მსმენელისთვის ვიმღერო და არა ჟიურის წევრებისთვის. „ნიჭიერში“ ჩემი მეუღლის, ვახო ვაშაყმაძის, ძია ნოდარისა და მეგობრების რჩევით და თხოვნით ვმონაწილეობ.


- და ეს სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა - გამოსვლისთანავე ოქროს ღილაკი დაიმსახურე...
- ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ავტომატურად ნახევარფინალში მოვხვდი, რასაც მართლა ვერ წარმოვიდგენდი! ოქროს ღილაკს კი არა, „კი“-საც არ ველოდი, თუმცა რუსკას ასეთმა შეფასებამ დიდი სტიმული მომცა. „ნიჭიერზე“ დიდ იმედებს ვამყარებ.


- „ძია ნოდარის ბენდში“ როგორ აღმოჩნდი?
- „ძია ნოდარის ბენდი“ სამი წელია, არსებობს. ბატონმა ნოდარმა შეკრიბა გუნდი და დამირეკა. როგორც ვიცი, ინტერნეტში ნახა ჩემი ვიდეო. მანამდე არ ვიცნობდი. შევხვდით და მესამე წელია, აქტიურად ვმუშაობთ. ძირითადად, ბარებსა და პაბებში ვიკრიბებით.

- ბატონო ნოდარ, როგორ შეიქმნა „ძია ნოდარის ბენდი“ და როგორ აღმოაჩინეთ ეკა?
ნოდარ მანჩხაშვილი:
30 წელია, მუსიკოსი ვარ. ძალიან დიდხანს „Soft eject“-ში ვუკრავდი. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე, ისევ ამ სფეროში გამეგრძელებინა საქმიანობა. მაგარი მუსიკოსები შევკრიბე და ბენდი ჩამოვაყალიბე. ეკა სად აღმოვაჩინე, დღესაც არ მახსოვს. ამას წინათ ვიხსენებდი და ვერაფრით გავიხსენე. ალბათ, სოციალურ ქსელში ვიპოვე ან ვიღაცამ მირჩია. ხომ ხედავთ, როგორ გაამართლა? ეკა ძალიან ნიჭიერი მომღერალია, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო. იმედი მაქვს, დიდ გზას იპოვის და მარტო ბარებში სიმღერით არ შემოიფარგლება. მუდმივად იზრდება, როგორც მომღერალი, ისევე როგორც ბენდის სხვა წევრები. ბენდის შემადგენლობა არაერთხელ შევცვალე და ახლა ყველაზე კარგი წევრები მყავს: ბასისტი გიო მაჩაიძე, გიტარა-ვოკალი გოგა დიდებაშვილი და ვოკალი ეკა აბულაძე. მართალია, ეკას მეუღლე ვახო ჩვენი წევრი არ არის, მაგრამ ისიც ყოველთვის ესწრება ხოლმე ბენდის რეპეტიციებზე.


- ეკა, რას იტყვი შენს მეუღლეზე, რომელიც, როგორც ჩანს, შენი დიდი გულშემატკივარია?
- დიახ, ასეა - როგორც ცხოვრებაში, ასევე ამ პროექტშიც, ყველანაირად ხელს მიწყობს. დაოჯახებამდე 2 წელი ვიყავით შეყვარებულები. ერთხელ ბარში, სადაც ვმღეროდი, ლურჯი ვარდი მომართვა და გამომიცხადა, მიყვარხარო. ერთი ნახვით შეყვარების არ მჯეროდა და ამიტომ ძალიან ვაწვალე. კატეგორიულად არ მომწონდა! ბარში ყოველდღე მოდიოდა, ბოლოს გადავწყვიტე, იქ აღარ მემღერა, მაგრამ თვითონვე დამპირდა, რომ აღარ მოვიდოდა და პირობაც შეასრულა. ორი კვირა რომ გავიდა, ისე დამაკლდა, როგორც საყვარელი ადამიანი და არა როგორც მსმენელი. მივხვდი, რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი. დროთა განმავლობაში კი აღმოვაჩინე, რომ მიყვარდა. დაოჯახება მალევე გადავწყვიტეთ, თუმცა შესაბამისი პირობების მოწყობას ველოდებოდით, ბოლოს კი მივხვდით, რომ ამ ლოდინში ერთმანეთის გარეშე დავბერდებოდით და დავოჯახდით.


- დღეს რა როლი აქვს მუსიკას შენს ცხოვრებაში?
- მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი მომღერალი არ ვარ, სიმღერას ჰობის ვერ დავარქმევ. მუსიკა ჩემი ცხოვრების წესი და ჩემი ძირითადი საქმიანობაა.