ქილერ მენსონი: „ჩვენი იმიჯის მიღმა ბევრი საინტერესო იმალება!“

ნიჭიერი

20 დეკემბერი 14:30, 2016 წელი
69

„ვიცოდით, რომ მეორე ტურში გადასულები ვიყავით, თუმცა საბოლოოდ, რატომღაც, გადაწყვეტილება შეცვალეს“, - ამბობს Funtime-თან სანდრო გოგობერიშვილისა და თეონა კვირჭიშვილის წყვილი. მართლაც, გამორჩეული იმიჯის მქონე მუსიკოსებს „ნიჭიერის“ სცენაზე ჟიურის წევრები და მაყურებლები დიდი ოვაციებით შეხვდნენ, 4 „კი“-ც დაიმსახურეს, თუმცა საბოლოოდ პროექტსმიღმა აღმოჩნდნენ. „

თეონა: მე და სანდროს მსოფლმხედველობა, მეგობრობა და მუსიკა გვაერთიანებს. „ნიჭიერისთვის“ ძალიან ბევრი ვიშრომეთ.


სანდრო: ქილერ მენსონი ჩემი მუსიკალური ფსევდონიმია და ორივე ამ სახელით წარვდექით „ნიჭიერის“ სცენაზე. მე და თეომ ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით. წლებია, ვმღერი, თეო კი ვიოლინოზე უკრავს. ორივე გოთური სუბკულტურის მიმდევრები ვართ და ერთმანეთის კარგად გვესმის. გადავწყვიტეთ, „ნიჭიერის“ სცენაზე დუეტში გამოვსულიყავით. კომპოზიციის განსხვავებული, ჩვენ მიერ მოფიქრებული ვერსია შევთავაზეთ მაყურებელს, ვიოლინო დავამატეთ და ვფიქრობ, ქართველი მსმენელისთვის სიახლე იყო.


- წინასწარ თუ იფიქრეთ, როგორ მიიღებდა მაყურებელი თქვენს იმიჯს?
სანდრო:
ჩვენი იმიჯი ბევრისთვის შეიძლება სიახლე და ზოგისთვის მიუღებელიც არის, ამიტომ კრიტიკისთვისაც მზად ვიყავით, თუმცა მაყურებელიც და ჟიურის წევრებიც ოვაციებით შეგვხვდნენ. ქუჩაში ხალხისგან უცნაურ მზერასა და თვალის გაყოლებას ორივე ვგრძნობთ, მაგრამ 8 წელზე მეტია, ამ სუბკულტურაში ვართ და მივეჩვიეთ.

თეონა: ვერ გეტყვით, რომ ხალხისგან მძაფრ რეაქციებს ვგრძნობ. პირადად მე კრიტიკა იშვიათად მესმის. 20 წლის ვიყავი, როცა ასეთი იმიჯი მოვირგე. წინააღმდეგობა ოჯახის წევრებისგანაც არ მქონია.


სანდრო: როკმუსიკით 14 წლის ასაკში დავინტერესდი. შემდეგ კი საკუთარი თავი გოთურ სუბკულტურაში აღმოვაჩინე. ედგარ ალან პოს ნაწარმოებებმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ეტაპობრივად ჩემი სტილიც ჩამომიყალიბდა. ჩვენს პიროვნებას ვინც არ იცნობს, ისინი გვაკრიტიკებენ, რადგან ზედაპირულად გვაფასებენ. პირსინგი ჯერ კიდევ უკვირთ. ხალხს გოთები აგრესიულები ვგონივართ. ცხოველები ძალიან მიყვარს და მათი დაცვით აქტიურად ვარ დაკავებული. სახლში სამი ძაღლი, თუთიყუში და თევზებიც მყავს. ქუჩის ძაღლებსაც ხშირად ვკვებავ.

თეონა: ხალხი ფიქრობს, რომ კატებს ვატყავებთ და რიტუალებს ვატარებთ, რაც სრული აბსურდია!


სანდრო: სინამდვილეში, ჩვენი იმიჯის მიღმა ბევრი საინტერესო იმალება!


- მუსიკის გარდა, რა გატაცებები გაქვთ?
თეონა:
პროფესიით მევიოლინე ვარ. კონსერვატორია მაქვს დამთავრებული. გარდა ამისა, სამებაში ხელსაქმეს ვსწავლობ, ვკერავ, ვქსოვ... ჩემს ცხოვრებაში მუსიკა უმთავრეს როლს თამაშობს. მოსწავლეც მყავს. თავისუფალ დროს წიგნებს ვკითხულობ, თეატრში, ოპერასა და კინოში დავდივარ.


სანდრო: პროფესიით ფოტოგრაფი ვარ, რაშიც გოთიკა ჩემი შთაგონების წყაროა. ფესტივალებზეც დავდივართ და ფოტოსესიებსაც ხშირად ვაწყობთ. მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. ვოცნებობ, ამ სფეროში დიდ წარმატებას მივაღწიო და გრემის დაჯილდოებაზე მოვხვდე!


- „ნიჭიერმა“ რა როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში?
სანდრო:
 „ნიჭიერში“ ბოლო წუთამდე დიდი იმედებით ვიყავით, თუმცა გაგვიცრუვდა. ნიკა გვარამიამ და პირველმა ლედიმ გვითხრეს, რომ მომდევნო ტურისთვის ქართული სიმღერა მოგვემზადებინა, რაზეც საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მიზეზი ვიკითხეთ, მაგრამ ყველას ვერ გადავიყვანთ მომდევნო ტურშიო, გვითხრეს.


თეონა: ვიცოდით, რომ მეორე ტურში გადასულები ვიყავით, თუმცა საბოლოოდ რატომღაც გადაწყვეტილება შეცვალეს.