სტიქაროსანი ბიჭის ისტორია - ვინ არის ალექსანდრე ზაზარაშვილი რუისიდან?

ნიჭიერი
13.12.2016 12:30
5395

„ყინწვისის მამათა მონასტერში სტიქაროსანი ვარ. ყოველთვის მინდოდა, რაღაც სიკეთე გამეკეთებინა. დედას ვთხოვე, მიუსაფარ ბავშვებს დავხმრებოდით და უარი არ უთქვამს,“ - ამბობს „ნიჭიერის“ 10 წლის კონკურსანტი, რუისელი ალექსანდრე ზაზარაშვილი, რომელსაც დღეს Funtime უფრო ახლოს გაგაცნობთ...

- ალექსანდრე, ვინ აღმოჩინა შენში სიმღერის ნიჭი?
- საბავშვო ბაღში სულ ვმღეროდი. დედას რუისში მუსიკალური წრეზე ჩემი და დაჰყავდა. ნაიკოს გაკვეთილებს მეც ვესწრებოდი ხოლმე და სიმღერაში ვყვებოდი. მასწავლებელმა დედას უთხრა, ძალიან განსხვავებული ხმის ტემბრი აქვსო და 3 წლის ვიყავი, მეც რომ დავიწყე მუსიკალურ წრეზე სიარული. „ნიჭიერში“ მონაწილეობა პატარობიდანვე ოცნებად მქონდა და ავიხდინე კიდეც!

- ელოდი, ასეთ მოწონებას თუ დაიმსახურებდი?
- ვიცოდი, რომ ჟიურის წევრებსა და მაყურებელში ემოციას გამოვიწვევდი, თუმცა ასე თუ მოვეწონებოდი, არ მიფიქრია. ჩემი ვოკალის პედაგოგი ნანა სამხარაძე გახლავთ. სხვადასხვა კონკურსებსა და ფესტივალებშიც ვმონაწილეობ. აგვისტოში, ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალიდან პირველი ადგილი და გრან-პრიც ჩამოვიტანე.

- „ნიჭიერშიც“ გაქვთ გამარჯვების იმედი?
- თუ გავიმარჯვებ, ეს ღირსეული გამარჯვება იქნება. მართალია, პროექტში დიდი კონკურენციაა, მაგრამ გამარჯვების იმედი მაინც მაქვს.

- სიმღერის გარდა, რა არის შენი გატაცება?
- მუსიკის მსგავსად სხვა არაფერი მაინტერესებს, თუმცა სკოლაში კარგად ვსწავლობ. მასწავლებლები ისე მგულშემატკივრობენ, რომ რამოდენიმე მათგანი გადაცემის ჩაწერასაც დაესწრო. სადაც არ უნდა მოვხვდე, ყველგან ვმღერი. ჩემი სოფელი, რუისი ძალიან მიყვარს. ყინწვისის მამათა მონასტერში სტიქაროსანი ვარ. ყოველთვის მინდოდა, რაღაც სიკეთე გამეკეთებინა. დედას ვთხოვე, მიუსაფარ ბავშვებს დავხმრებოდით და უარი არ უთქვამს. ოჯახში 4 დედ-მამიშვილი მოვიყვანეთ: უფროსი 11 წლის გახლავთ, მეორე 9-ის, მესამე 7-ის, მეოთხე კი 4-ის. უკვე მეოთხე წელია, ჩემთან ცხოვრობენ და ერთმანეთი ძალიან შეგვიყვარდა. დედას მათ აღზრდაში ვეხმარები კიდეც. ბავშვებს ვამეცადინებ და ვართობ.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
ავტორი: სოფიო ბოჭორიძე