ავღანეთში საშუალო სქესის ადამიანი შექმნეს!

  • 7 მარტი 15:00, 2017 წელი

ავღანეთში, ისევე, როგორც აზიის ბევრ ქვეყანაში, მამაკაცის სქესი უფრო დაფასებულია, ვიდრე ქალის, ამიტომ ოჯახები, სადაც მხოლოდ გოგონები იზრდებიან, სოციალური სტატუსის ასამაღლებლად ეშმაკურ ხერხს მიმართავენ და გოგონებიდან ერთ-ერთს ბაჩა პოშად ზრდიან...

„ბაჩა პოში“ ავღანურიდან ითარგმნება, როგორც ბიჭივით ჩაცმული, რაც ნიშნავს, რომ გოგონა მხოლოდ მამაკაცურ ტანსაცმელში უნდა იყოს გამოწყობილი და ბიჭივით იზრდებოდეს.


ბაჩა პოშებად ქცეული გოგონები ავღანურ საზოგადოებაში მამაკაცისთვის დაწესებული ყველა თავისუფლებითა და პრივილეგიით სარგებლობენ. 
ხშირად მამაკაცების საზოგადოებაში ძნელი გასარჩევია, რომელია მათ შორის ნამდვილი მამაკაცი და რომელი ბაჩა პოში, თუმცა სქესობრივი მომწიფების მოახლოებისთანავე მშობლების საიდუმლო ცხადდება.


შესაბამისად, სქესობრივად მომწიფებული ბაჩა პოში მამაკაცისთვის მინიჭებულ ყველა პრივილეგიას კარგავს და ჩვეულებრივი გოგონა ხდება.
ყოფილი ბაჩა პოშები სინანულით იხსენებენ, როგორი ძნელი იყო ავღანელი მამაკაცის თავისუფლების ავღანელი გოგონას მოკრძალებულ და უსახურ ცხოვრებაში გაცვლა.
ქალურ საწყისებთან დაბრუნებისთანავე მათ ეკრძალებათ საზოგადოებაში თავისუფლად  გამოჩენა და მამაკაცისთვის მზერის გასწორება.


დასავლური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილი ბაჩა აღიარებს, რომ მამაკაცურ ცხოვრებაში დაბრუნებისთვის ყველაფერს დათმობდა: ავღანეთში ქალებს სასტიკად ექცევიან. ქუჩაში უყვირიან და შეურაცხმყოფელი გამოთქმებით მიმართავენ. როცა ბიჭი ვიყავი, ყველა პატივისცემით მექცეოდა, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. იძულებული გავხდი, ქალად ყოფნა მესწავლა, მაგრამ ყველაფერი, რაც ამჟამად ჩემს თავს ხდება, სასტიკად არ მომწონს. მინდა, მამაკაცურ ცხოვრებას დავუბრუნდე“.


ავღანეთში იციან, რომ ბაჩა პოში ვერასოდეს იქნება კარგი ცოლი, რადგან მათთვის სანიმუშო ცოლის ქცევის წესები, რომლებსაც ავღანელ გოგონებს პატარაობიდან ასწავლიან, უცნობია. მათ არ ეხერხებათ საჭმლის მომზადება, მაგრამ შეუძლიათ, უყვირონ ან სცემონ ქმარს, ამიტომ მათზე დაქორწინებას ყველა მამაკაცი ერიდება.


ოფიციალურად, ბაჩა პოში სახელმწიფოს მიერ აღიარებული არაა და მათ უფლებებს არავინ იცავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ. თანამედროვე ავღანეთში ეს პრაქტიკა დღემდე ხშირია.