Red Bull-ის კომუნიკაციების მენეჯერი: ვივარჯიშოთ და ვირბინოთ მსოფლიოსთან ერთად

PR კლუბი

12 ოქტომბერი 16:00, 2015 წელი
68

„რედ ბულში პიარი არ არის პიარი პირდაპირი გაგებით. კომპანიაზე ჩვენ არასდროს ვსაუბრობთ და არც არსად ვჩანვართ“, - ამბობს „რედ ბულის“ კომუნიკაციების  მეჯერი ნათია ამირიძე, რომელიც დღეს ჩვენი PR კლუბის სტუმარია. 


საქართველოში თითქმის არ მიცხოვრია
სკოლა სანკტ-პეტერბურგში დავამთავრე და სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით.
ბოლო კურსებზე უცხოეთში ვსწავლობდი - წელიწად-ნახევარი გერმანიაში, დორტმუნდის უნივერსიტეტში, ერთი წელი კი საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ  უნივერსიტეტში. საქართველოში ბავშვობის შემდეგ თითქმის არ მიცხოვრია, მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდიოდი.
როდესაც საქმიანობას ვიწყებდი, პიარი რუსეთშიც ახალი იყო. სანკტ-პეტერბურგში სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი. მერე გადავედი „ოგილვიში“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიარსააგენტოა მსოფლიოში. ვმუშაობდი მოსკოვის ფილიალში, შემდეგ პეტერბურგის ფილიალში ალკოჰოლურ  ბრენდებს ვკურირებდი. ერთი წელი ჰოლანდიაში ვმუშაობდი მარკეტინგული კვლევების კომპანიაში. საქართველოში 2008 წელს დავბრუნდი.


ბევრი ეტაპი Red Bull-მდე
საქართველოში მუშაობა თავიდან საკმაოდ გამიჭირდა, რადგან სულ სხვა სტილს ვიყავი შეჩვეული, მაგრამ მალევე გავიარე ადაპტაცია. სხვადასხვა სარეკლამო და კრეატიულ სააგენტოებში ვმუშაობდი პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, თუმცა ყველგან ძალიან ცოტა ხანს. რაც შეეხება რედბულს, „ჰედჰანთინგის“ მსხვერპლი ვარ. გავიარე 7 ეტაპი, ძალიან ბევრი გასაუბრება და სხვადასხვა ტესტირებები, რის შედეგადაც მოვხვდი აქ - ეს იყო ხუთი წლის წინათ. ვარ კომუნიკაციების მენეჯერი კავკასიაში - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით.


არამხოლოდ სასმელი
როდესაც აქ მოვედი, სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით. ძალიან კარგი გუნდი შეიკრა. მაშინვე დავიწყეთ მასშტაბური ღონისძიებების კეთება და გიჟური იდეების განხორციელება. პირადად მე მაბარია კომუნიკაციები, რაც მოიცავს მედიასთან ურთიერთობას და „ფროდაქშენს“  ზემოდასახელებულ სამ ქვეყანაში.
„რედბული“ არ არის მხოლოდ ენერგეტიკული სასმელი, ეს ასევე უზარმაზარი მედიაჰოლდინგია, რომლის საიდუმლო აგენტი ვარ კავკასიაში (იცინის). მუდმივად საინტერესო თემების, ამბების, გმირებს ძიებაში ვართ, რომელთა შესახებაც სუპერხარისხის ფოტო და ვიდეოისტორიებს ვიღებთ.
ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ივენთია საქველმოქმედო პროექტი Wings for Life - მსოფლიო რბენა, რომელსაც წელს საქართველოში უკვე მესამედ ჩავატარებთ. ძალიან მეამაყება, რომ იმ გუნდის წევრი ვარ, რომელმაც კახეთში ხუთი ათასი კაცი არბენინა. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და იმედია, წელს კიდევ უფრო მეტი მონაწილე გვეყოლება.
თუ ივენთის დღე არ არის, დილა ჩვეულებრივად, ოფისურად იწყება - ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს, ვატარებთ შეხვედრებს, თათბირებს. ხშირად მიწევს აზერბაიჯანში ჩასვლა. ივენთებთან ერთად, მოგზაურობა ჩემი სამსახურის ყველაზე საინტერესო შტრიხია. ახლაც, მაგალითად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტები გვყავდა მედიატურით საბერძნეთში პარკურის ჩემპიონატის მსოფლიო ფინალზე.




ყველა ადამიანს თავის ენაზე ვესაუბრები
ჩემს საქმიანობაში ძალიან მეხმარება ენების ცოდნა. ოთხი ენა ვიცი: რუსული, ინგლისური, გერმანული და ფრანგული. როცა თითოეულ ადამიანს თავის ენაზე ელაპარაკები, ეს ძალიან აადვილებს ურთიერთობებს. მყავს ორი შვილი და ვცდილობ, თავისუფალი დრო მათთან გავატარო.
სპორტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ვვარჯიშობ, ვცურავ ან ჩოგბურთს ვთამაშობ - რაც უფრო ხშირად და მეტს, მით მეტ ენერგიას ვიღებ. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია.
რაც  შეეხება „რედბულს“, მიყვარს, ვსვამ მაშინ, როცა დამატებითი ენერგია მჭირდება - უძილობისას, გადაღლილობისას  ან სადილის შემდეგ გამოსაფხიზლებლად.