„ჰოუმმარტი“ და ქალები, რომლებსაც შეუძლიათ, რამდენიმე საქმე ერთად აკეთონ

PR კლუბი

2 ნოემბერი 16:00, 2015 წელი
58

სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“ აერთიანებს ყველაფერს, რაც თქვენს სახლს სჭირდება. „ჰოუმმარტის“ პიარმენეჯრი თამუნა ჭავჭანიძე  დღეს ჩვენი პიარკლუბის სტუმარია და თავის გამოცდილებაზე გვესაუბრება.

პროფესია თარჯიმანი
დავამთავრე ილიას უნივერსიტეტის მთარგმნელობითი ფაკულტეტი. პროფესიით თარჯიმანი ვარ, თუმცა ახლაც ვსწავლობ „ჯიპას“ საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე.
მე-4 კურსიდან ჩართული ვიყავი გარკვეულ პროექტებში, ვმუშაობდი თარჯიმნად.
პირველი სამსახური, სწავლის დასრულების შემდეგ, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში დავიწყე, შემდგომ გადავედი სოფლის მეურნეობის კორპორაციაში, სადაც კადრების მართვის კოორდინატორად ვმუშაობდი. ამავე თანამდებობაზე ვიყავი კომპანია „ოპტიმუსში“. ამის შემდეგ სამშენებლო კომპანია „იბერკომპანიში“ დავიწყე მუშაობა, ასევე კადრების მართვის მიმართულებით. სწორედ შპს „იბერკომპანის“ პროექტია „ჰოუმმარტი“. სავაჭრო ცენტრის მშენებლობის მანძილზე ჩართული ვიყავი ადმინისტრაციულ პროცესებში. როდესაც კომპანიამ მშენებლობა დაასრულა, ნელ-ნელა გადმოვედი პიარის სფეროში, რომელიც ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა.



ყველაფერი სახლისთვის
მშენებლობის დასრულების შემდეგ სავაჭრო ცენტრის ძირითადი კონცეფციაც მალე გამოიკვეთა.  
მასში არსებული მაღაზიების  ძირითადი მიმართულება სახლის თემას უკავშირდება და „ჰოუმმარტის“ სახელი, ლოგო და სლოგანი - „ყველაფერი სახლისთვის“ ამის გათვალისწინებით შეირჩა.
მეორე სართული ძირითადად ცნობილი ბრენდების მაღაზიებითა და ფიტნესით არის დაკომპლექტებული, პირველ სართულზე უკვე მეორე წელია, წარმატებით ოპერირებს სუპერმარკეტი „სმარტი“ და სწრაფი კვების ობიექტები, ასევე, სხვადასხვა ტიპის სერვისები.
ოქტომბრის დასაწყისში „ჰოუმმარტის“ ორგანიზებით ჩატარდა პირველი ყავის და ჩაის ფესტივალი საქართველოში, რომელმაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია. ზოგადად, ფესტივალის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი ყავისა და ჩაის ობიექტია, ჭურჭელი და სახლის დეკორაცია ძალიან თემატურია მსგავსი ღონისძიებისთვის. ვგეგმავთ, რომ ფესტივალმა ყოველწლიური სახე მიიღოს, უფრო მეტი კომპანია ჩაერთოს და, რაც მთავარია, ისევ „ჰოუმმარტი“ იყოს ორგანიზატორი.


პიარში მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე მამაკაცი
ჩემი სამუშაო დილა ყავით და მოსული შეტყობინებების შემოწმებით იწყება. შემდეგ დღის გეგმას ვეცნობი, თუმცა ხშირად ბევრი დაუგეგმავი საქმე და შეხვედრაც იყრის თავს.  
საქართველოში პიარის ცნება ბევრისთვის გაუგებარია, ხშირად მარკეტინგს მიაწერენ ან გაყიდვების სპეციალისტი ჰგონიათ. მინდა აღვნიშნო, რომ  სამივე განსხვავებული მიმართულებაა.
რაც შეეხება პიარმენეჯერის პროფესიას, კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიო მასშტაბით პროცენტულად გაცილებით მეტი ქალია დასაქმებული ამ სფეროში, ვიდრე მამაკაცი, რაც, ჩემი აზრით, იმაზე მიუთითებს რომ სწორედ ქალებს აქვთ უნარი, ხარისხიანად აკეთონ რამდენიმე საქმე ერთად, თან იყონ დეტალებზე ორიენტირებულები, რაც პიარმენეჯერის პროფესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  
თავისუფალ დროს ოჯახთან ვატარებ. მყავს ორი შვილი და მეუღლე. როცა დრო მრჩება, ვცდილობ, კითხვას დავუთმო, ასევე, ძალიან მიყვარს კინო და ყოველთვის თვალს ვადევნებ სიახლეებს ამ სფეროში.