რა იყო მეღვინეობა „ხარებას“ პიარმენეჯერის აღმოჩენა?

PR კლუბი

16 ნოემბერი 16:00, 2015 წელი
49

ირინკა მაჩურიშვილი მეღვინოება „ხარებას“ პიარმენეჯერია. პოლიტიკური და საერთაშორისო პიარიდან კერძო კომპანიის პიარში გადასვლა ძალიან მოსწონს და აღნიშნავს, რომ სამუშაო პროცესი უფრო შემოქმედებითი გახდა.


გამოცდილება პიარის ყველა მიმართულებაში
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტი დავამთავრე, ხოლო მაგისტრატურა ჟურნალისტიკის განხრით გავიარე. პიარის სფეროში ტრენინგები სხვადასხვა ადგილას მაქვს გავლილი, მათ შორის - საქართველოს ფარგლებს გარეთაც. პირველი სამუშაო გამოცდილება საქართველოს პარლამენტს უკავშირდება. დავით გამყრელიძის პრესსამსახურში ვმუშაობდი, ეს იყო უდიდესი გამოცდილება ჩემთვის. პირველი ნაბიჯები პიარში სწორედ აქ გადავდგი. საკმაოდ საინტერესო სამუშაო პროცესები იყო. პოლიტიკური პიარიდან საერთაშორისო ორგანიზაციაში გადავედი. ეს იყო ადამიანის უფლებათა სახლი, რომლის ხელმძღვანელიც დღევანდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გახლდათ. აქაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვიყავი. შემდეგ რადიო „პალიტრაზე“  მქონდა გადაცემა „სამართალი და საზოგადოება“. ეს გადაცემა ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე გახლდათ. მე ვიყავი ავტორი და წამყვანი.  გარდა ამისა, მქონდა ჩემი პიარსააგენტო „პიარ-რუმი“, სადაც ვიღებდი სხვადასხვა ცნობილი პოლიტიკოსების საარჩევნო პიარკამპანიის დაგეგმვისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციისთვის პიარსტრატეგიის შემუშავების დაკვეთებს.


 


„ხარება“ - მეტი შემოქმედებითი გარემო
მეღვინეობა „ხარება“ პირველი კერძო კომპანიაა, სადაც ვმუშაობ. კომპანიაში გასაუბრებით მოვხვდი, რომელიც ესპანეთიდან მოწვეულმა სპეციალისტმა ჩაატარა. მეორე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ მათი თანამშრომელი გავხდი. აქ მეტი შემოქმედებითი გარემოა, უფრო თავისუფალი ხარ, რაც ჩემთვის აღმოჩენა იყო, რადგან პოლიტიკური და საერთაშორისო პიარი სულ სხვაა.



დატვირთული გრაფიკი, მაგრამ უგემრიელესი ღვინო
ყოველდღიურად ვეცნობი სიახლეებს ღვინის შესახებ, როგორც საერთაშორისო გამოცდილებას, ასევე, ადგილობრივ ბაზარზე მიმდინარე სიახლეებს. ვაკეთებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. ახლა, მაგალითად, ვიღებთ კლიპს ჩვენს კომპანიაზე, რომელიც დატვირთული იქნება სამედიცინო მიმართულებით. ჩვენი კომპანია ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოს ღვინის ინდუსტრიაში. გვაქვს 35-დან 40-მდე დასახელების ღვინო, როგორც ქვევრის, ასევე, ევროპული ტიპის, გვაქვს ტურისტული კომპლექსი „გვირაბი“, რომელიც ყვარელში მდებარეობს. ხშირად სხვადასხვა ღონისძიებებს იქ ვატარებთ, უცხოელი სტუმრებიც მიგვყავს. „ხარებას“ უამრავი საერთაშორისო ჯილდო აუღია. მე თვითონაც ძალიან მიყვარს ღვინო, მით უმეტეს, სხვა ალკოჰოლურ სასმელებთან შედარებით... გვაქვს უგემრიელესი ღვინის კოქტეილები, რომლებიც მხოლოდ „ხარებაში“ მზადდება.
პიარმენეჯერის პროფესია საკმაოდ რთულია. დატვირთული გრაფიკი მაქვს, შეიძლება  შაბათ-კვირასაც გადაბმულად მომიწიოს მუშაობა.
თავისუფალ დროს კი მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა და ეკლესია-მონასტრების მოლოცვა.