ჯიპისის მარკეტინგული პროექტების მენეჯერი - „მოთამაშე ბევრია, შენ კი ყოველთვის რაღაცით განსხვავებული უნდა იყო!“

PR კლუბი

30 ნოემბერი 16:00, 2015 წელი
52

„ჩვენი აფთიაქი მომხმარებელს ინოვაციას სთავაზობს“, - ამბობს აფთიაქების ქსელ ჯიპისი-ს მარკეტინგული პროექტების მენეჯერი კოტე გელაშვილი, რომელიც დღეს Funtime-ის PR-კლუბის სტუმარია.

კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობა მიზიდავს
მარკეტინგის სფეროში 2009 წლიდან ჩავერთე. განათლება ესპანეთში მივიღე, ინტერნაციონალური მარკეტინგის განხრით. როცა ჩამოვედი, მაშინვე დავიწყე მუშაობა „ელიტ ელექტრონიქსში“. 
იმ პერიოდში იქ მთლიანი მენეჯმენტი შეიცვალა. ვიყავი მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი, ერთ წელიწადში კი მარკეტინგის მენეჯერი გავხდი. ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ ამ სამსახურმა მომცა. ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. მიზიდავს კონკურენტუნარიან გარემოში მუშაობა და სწორედ ასეთია ჩემი დღევანდელი და მაშინდელი სამსახურები. იქ 4 წელი ვუმუშავე და შემდეგ „ჯიპისი“-ში გადმოვედი.


ერთი პრინციპი - ბევრი მოთამაშე 
მარკეტინგის პრინციპი ერთია: ბევრი მოთამაშე! შენ ყოველთვის უნდა იყო რაღაცით განსხვავებული. აქ სწორედ ამ კუთხით არის ჩემთვის საინტერესო მუშაობა.
„ჯიპისი“-ში, კონკურენტებისგან  განსხვავებით, საკმაოდ ინოვაციური გარემოა. მომხმარებელს ყოველთვის ვთავაზობთ საინტერესო სიახლეებს. ახლაც, უკვე მეორე კვირაა, დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც განვადებას ეხება. ჩვენს მომხმარებელს კი უკვე შეუძლია, „ჯიპისი“-ში განვადებით ისარგებლოს. რა თქმა უნდა, განვადება 20-ლარიან პროდუქტზე არ გაკეთდება, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ მედიკამენტები არ არის. აქ იყიდება საკმაოდ ძვირფასი კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, ბავშვთა ჰიგიენა. საერთო ჯამში, შეიძლება, ისეთი რაოდენობის თანხა შეიკრას, რომელზეც ღირს განვადების გაკეთება. რაღაც დანამატი განვადებას ყოველთვის აქვს, ჩვენთან კი არაფერი ემატება. რაც ღირს, ზუსტად იმას იხდი. 


 



მაქსიმალური კომფორტი მომხმარებელს
ამჟამად, ძირითადად, ამ საკითხზე ვმუშაობ. ამ პროექტში არ გვყავს განვადების მენეჯერი. ჩვენი მომხმარებლები მიჩვეულები არიან ფარმაცევტებს, მესამე პირის ჩართვა მათთვის დისკომფორტს გამოიწვევდა, ამიტომაც ფარმაცევტები დავატრენინგეთ და განვადებებსაც ისინი აკეთებენ. გარდა ამისა, ჩემი პროექტები მაქვს მობილურ აპლიკაციაზე, ვებსაიტზე, ლაით ბოქსებსა და ვიზუალებზე.


 


დაიჯერე საკუთარი თავის
ყველაფერი ინდივიდუალურია. ვერ იტყვი, რა დაგეხმარება ამა თუ იმ პროექტზე მუშაობისას. მივესალმები მუშაობის დემოკრატიულ სტილს. უნდა ენდობოდე შენს კოლექტივს და, პირველ რიგში, შენს თავს. უნდა დაიჯერო საკუთარი თავის. ჩემი გადმოსახედიდან სწორედ ეს არის ჩემი და კომპანიის წარმატების საწინდარი.
თავისუფალ დროს კი, ძირითადად, მოგზაურობას ვუთმობ. ეს ამ ბოლო დროს ჩემი გატაცება გახდა. ახლა, მაგალითად, ინდოეთის მონახულებას ვაპირებ.