ტატა ხვედელიანი - ბევრი კომპანიის ერთი პიარმენეჯერი

PR კლუბი

7 დეკემბერი 16:00, 2015 წელი
97

მას, მართალია, ბევრი სამსახური და ბევრი გასაპიარებელი კომპანია აქვს, მაგრამ ამბობს, რომ, თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. სამედიცინო უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე აღმოაჩინა, რომ პიარის სფეროში უფრო საჭირო იყო...

შეცვლილი პროფესია
პროფესიით ექიმი გახლავართ, სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. 8 წელი ვისწავლე. ორი წლის განმავლობაში მაგისტრატურა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გავიარე.მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებით ექიმი ვიყავი და მართლაც ძალიან მინდოდა ეს პროფესია, დაახლოებით, მეოთხე კურსიდან პიარის სფერომ გამიტაცა. რამდენიმე ივენთი გავაკეთე და მივხვდი, რომ ამ სფეროში უფრო მეტად გამოვადგებოდი საზოგადოებას, ვიდრე ექიმის პროფესიით. პიარის სასწავლო კურსი „ჯიპაში“ გავიარე და ამ სფეროში გადავედი.


ბევრი კომპანიის ერთი პიარმენეჯერი
ივენთმენეჯმენტში პირველი სამუშაო გამოცდილება სტუდენტობის დროს მივიღე. ახლა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომელი ვარ. სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების გაკეთება მევალება, ასევე გახლავართ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროგრამის კოორდინატორი. კონკრეტულად პიარის  სფეროს რაც შეეხება, მაქვს რამდენიმე ობიექტი, რომლებსაც პიარს ვუკეთებ. ესენია: „სექტორ 26“ ბათუმში, ჯუნიორ ინვაიების  ლაბორატორია, რომელიც 5-დან 17 წლამდე ბავშვების განათლებასა და დამატებითი უნარჩვევების შეძენაზე  ზრუნავს, რესტორანი „სორმონი“, რომელიც ორი კვირაა, რაც გაიხსნა, და  სილამაზის სალონი „ალექსანდრა“.



 


კლუბური შაბათ-კვირა დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ
ჩემი საქმიანობის ძირითად დროს სამინისტროში სამსახური იკავებს, შემდეგ უკვე მიმდინარეობს მუშაობა კომპანიებზე, რომლებიც ჩამოვთვალე. რა თქმა უნდა, ყოველდღე ყველგან მისვლას ვერ ვასწრებ, მაგრამ ამ სამსახურების სპეციფიკაც ის არის, რომ შემიძლია, დისტანციურად ვმართო.მთავარია მოგწონდეს ის რასაც აკეთებ. 
ამ სფეროში წარმატებისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია შესაბამისი განათლება, მონდომება და კონტაქტები... ალბათ, ჩემს შემთხვევაში პირველ ადგილზე კონტაქტებს დავაყენებდი. ეს არის ის, რაც ძალიან მეხმარება საქმეში.
თავისუფალ დროს მიყვარს კლუბური გართობა, ღამის ცხოვრება, პარასკევსა და შაბათს მეგობრებთან ერთად, აუცილებლად კლუბში ვატარებ, ასევე პრეზენტაციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე სიარული..