„ჰუმანას“ მარკეტინგის მენეჯერის საინტერესო ჰობი

PR კლუბი

21 დეკემბერი 16:00, 2015 წელი
49

გერმანული კომპანია „ჰუმანას“ ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში შპს „ჰუმანა ჯორჯია“ ბავშვთა კვების ასორტიმენტის ფართო სპექტრს წარმოადგენს. „ჰუმანას“ მარკეტინგის მენეჯერი ალექსანდრე ბალავაძე დღეს პიარკლუბის სტუმარია.

საქმით ცხოვრებას ვიხალისებ
პროფესიით მარკეტოლოგი ვარ. ეს საქმე  ჩემთვის, პროფესიის გარდა, ერთგვარი ჰობია. ამით ცხოვრებას ვიხალისებ, ამიტომაც ჩემი პროფესიით ორმაგად კმაყოფილი ვარ.  პირველი სამუშაო გამოცდილება 2005 წელს შპს „ნიკორაში“ მივიღე, რომელიც  მაშინ საკმაოდ პატარა კომპანია იყო. სულ რამდენიმე მაღაზიას წარმოადგენდა. უნივერსიტეტიდან სტაჟირებაზე გამიშვეს, საქმე საკმაოდ საინტერესო იყო და გარკვეული პერიოდი ვიმუშავე.  
„ნიკორას“ შემდეგ იყო „საქართველოს ბანკი“, სადაც კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტში ვმუშაობდი, იქ საკმაოდ კარგად დავეუფლე გაყიდვების ტექნიკას. ურთიერთობა  მიწევდა სხვადასხვა კომპანიასთან. შემდეგ სამშენებლო კომპანიაში ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე ვმუშაობდი.



„ჰუმანა“ კომფორტს მიქმნის 
რაც შეეხება „ჰუმანას“, შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ყველაზე წარმატებული სამსახურია. აქ უკვე წელიწადზე მეტია, ვმუშაობ. აქ მუშაობა იმის გამო გადავწყვიტე, რომ ეს ბრენდი სრულიად  იმეორებს გერმანული კომპანიის მუშაობის სტილს ქართულ ბაზარზე. მთავარია ხარისხი. ქართულ ბაზარზე არ არის ბევრი ხარისხიანი ბრენდი. იმპორტიორები აქცენტს, ძირითადად, დაბალფასიან პროდუქციაზე აკეთებენ. „ჰუმანას“ საკმაოდ კარგი ტოპ-მენეჯმენტი ჰყავს, არის გუნდური სამუშაო გარემო, რაც კომფორტს მიქმნის. კომპანია ყოველდღიურად იზრდება, ეს კი ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა.


ეს არის პროდუქტი, რომელიც ჩემს შვილებს სჭირდებათ
ყველა დღე მხიარული, საინტერესო და განსხვავებულია, ალბათ, იმიტომ, რომ ეს საქმე ძალიან მიყვარს. როგორც წესი, დილა წინა დღის  შედეგების შეჯამებით იწყება, ამის მერე უკვე კონკრეტულ პროექტებს ვგეგმავთ.
სამწუხაროდ, ქართული ბიზნესი ახლა გადის განვითარების იმ საფეხურებს, რაც ევროპამ და ამერიკამ დიდი ხნის წინათ გაიარეს. მენეჯერი არ ნიშნავს უფროსს, ქართულ რეალობაში კი ხშირად ასე ესმით.
კარგი მენეჯერი მოქნილი უნდა იყოს და პასუხისმგებლობას სრულად იღებდეს თავის საქმეზე.
თავისუფალ დროს, ძირითადად, ოჯახთან ერთად ვატარებ. მეუღლე და ორი შვილი მყავს. მათთან ურთიერთობა ჩემთვის ყველაფერია. ჩვენს ოჯახში უყვართ „ჰუმანა“, ვიცი ხარისხი და ვიცი, რომ ეს არის პროდუქტი, რომელიც ჩემს შვილებს სჭირდებათ.