„ლუტეციას“ მარკეტინგის მენეჯერის დიდი გამოწვევა

PR კლუბი

14 დეკემბერი 16:00, 2015 წელი
87

მარიამ რობიტაშვილი პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციას“ მარკეტინგის მენეჯერია. „ლუტეციაში“ შესულები, ბუნებრივია, პოზიტივით ივსებით. ასეთივე პოზიტივით ავივსეთ ჩვენ მარიამთან ურთიერთობისას. დღეს ის PR კლუბის სტუმარია.

ვცდილობ, სხვისი ცხოვრება უკეთესი გავხადო
საზღვარგარეთ ვსწავლობდი, მაგრამ მერე სწავლის მიტოვება მომიწია. ავად გავხდი, ამან ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. ახლა ყველაფერი კარგადაა. ხშირად ვუყვები ადამიანებს ჩემს ამბავს. მინდა, მათ ვუთხრა, რომ თავის ოცნებებსა და მიზნებს მისდიონ. ეს ჩემთვის გამოწვევა იყო, რომელიც გადავლახე. მგონი, ცოტა უკეთესი გავხდი და ვცდილობ, ცხოვრება სხვისთვისაც უკეთესი გავხადო.
საქართველოში დავამთავრე „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი“ ბიზნესის ადმინისტრირებისა და მარკეტინგის განხრით. თავიდანვე ვიცოდი, რა მინდოდა. სკოლის ასაკიდან ძალიან აქტიური ვიყავი. გადავწყვიტე, რომ მარკეტინგი იყო ის, რითაც მომავალში დავკავდებოდი.



სურნელოვანი, არარუტინული სამსახური
მქონდა სტაჟირებები, რამდენიმე საგანმანათლებლო  დაწესებულებაში ვმუშაობდი, ვეხმარებოდით მათ, ვისაც საზღვარგარეთ უნდოდა სწავლის გაგრძელება.
„ლუტეციაში“ მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯი  იყო.
თავიდან თითოეულ პროექტზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი, თუმცა მალევე მოვახერხე ადაპტირება.
ჩემთვის ყოველი პროექტი გამოწვევაა, რომელიც ბევრ შრომას მოითხოვს.
სამუშაო პროცესი ძალიან შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნოა, რადგან საინტერესო და საყვარელ საქმეს ვაკეთებ. 
ძალიან მაგარი გუნდი გვყავს. „ლუტეცია“ - ეს არის ძალიან თბილი, მზრუნველი ადამიანების მეგობრული და, რა თქმა უნდა, სურნელოვანი ატმოსფერო (იცინის).
ყოველი დილა სხვადასხვანაირად იწყება. რუტინული სამსახური არ მაქვს, თუმცა ერთი ჭიქა ყავის დალევას ვახერხებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მქონდეს იდეების განხორციელების შესაძლებლობა.
„ლუტეციაში“ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მაქვს საკუთარი თავის გამოვლენის საშუალება და ამავდროულად, პროფესიულად სულ უფრო მეტად ვიზრდები. 



მხოლოდ ლამაზ ბოთლებში ჩამოსხმულ სუნამოებს არ ვყიდით
„ლუტეციის“ ყველა პროდუქტი ძალიან მიყვარს, ვერც ერთს ვერ გამოვყოფ.
ჩვენს ქსელში არსებული ყველა ბრენდი განსაკუთრებულია.
ჩვენ მხოლოდ ლამაზ ბოთლებში ჩამოსხმულ სუნამოებს არ ვყიდით, ჩვენ ვყიდით ემოციას, რომელიც ადამიანებს აბედნიერებს. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებლისთვის ჩვენთან მოსვლა დღესასწაულთან ასოცირდებოდეს.  
ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს, ახალი ბრენდები, რომელთა გამოჩენაც ჩვენს მომხმარებლებს ძალიან უხარიათ. საახალწლოდ  კი, რა თქმა უნდა, „ლუტეციაში“ ფასდაკლება და სიურპრიზები გელით.
თავისუფალი დრო ჩემს ოჯახსა და მეგობრებს მიაქვთ. ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა.
ერთხელ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა მითხრა: „რა არის ადამიანის დანიშნულება - ხის დარგვა, სახლის აშენება? შენ იცი, როგორ იყო ბედნიერი და ეს არის მთავარი...“  
არ ვიცი, ასეა თუ არა, მაგრამ ვცდილობ, დადებითი ემოციები გარშემომყოფებსაც გადავდო და ყველა ბედნიერი იყოს.