„თბილისი მოლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - წარმატებული ქალბატონი და 5 შვილის დედა

PR კლუბი

28 დეკემბერი 16:00, 2015 წელი
104

ნატა გოგოლაძე „თბილისი მოლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. „საერთოდ არ მაქვს თავისუფალი დრო“, - ამბობს ის ჩვენთან საუბრისას. მუდმივი შეხვედრები და გადატვირთული სამუშაო გრაფიკი მისი ცხოვრების წესია.

მენეჯერი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილებით
საერთაშორისო  ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ სწავლა ამერიკაში განვაგრძე, სადაც სტაჟირება გაყიდვებსა და მარკეტინგში გავიარე. მაგისტრატურა კი კავკასიის ბიზნესსკოლაში დავამთავრე. ასევე, დამთავრებული მაქვს „ალიანს ფრანსეს“ ფრანგული ენის კურსები  და ჰოლანდიის მარკეტინგის ინსტიტუტი.
18 წლიდან ვმუშაობ. ჩემი პირველი სამსახური იყო პირველ ფერად პოლიგრაფიულ  გაზეთ „მაგნატში“, სადაც გაყიდვების მენეჯერი ვიყავი, მაშინ პირველ კურსზე ვსწავლობდი. ასევე, ვმუშაობდი „სალფორდ საქართველოში“ ერთ-ერთი პროექტის დირექტორად. ამის შემდეგ იყო „პოპული“, სადაც  ტექნიკური დირექტორი ვიყავი.


დიდი სავაჭრო ცენტრის მარკეტინგული სტრატეგია
„თბილისი მოლში“  მესამე წელია, ვმუშაობ. ეს საკმაოდ სპეციფიკური სამსახურია - 72 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია უნიკალური შესაძლებლობებით. გვაქვს 130-ზე მეტი ობიექტი და თითოეულს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. საჭიროა, მოამზადო მათზე მორგებული მარკეტინგული სტრატეგია. მომხმარებელი უნდა ამოძრაო, რათა ყველა ობიექტი ნახოს. პარალელურად ხუთ შვილს ვზრდი.



 


ზრდიდე 5 შვილს - ეს მეორე სამსახურია
ყოველდღე დილის 7 საათზე ვიღვიძებ. 8-ს რომ ათი აკლია ბავშვები უკვე სკოლაში მიდიან. ჩემი სამუშაო დღე 10-ის ნახევარზე იწყება,  ასე რომ, ამ დროს უკვე კარგად დაღლილი მოვდივარ სამსახურში.
ერთი საათი ვისვენებ და  მერე იწყება ძალიან დატვირთული რეჟიმი. 
ხშირად მეკითხებიან: რატომ არ პასუხობ უცხო ნომრებს? ფიზიკურად ვერ ვპასუხობ. ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, ჩემს ტელეფონზე უამრავი ზარი შემოდის. მუდმივად ამ რეჟიმში ვარ. მიწევს ივენთებზე სიარული, ეს ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. საღამოს კი ჩემი დრო ჩემს შვილებს სჭირდებათ - თითოეულ მათგანს თავისი დრო უნდა. ეს კი ჩემი მეორე სამსახურია.


მარკეტინგში ძნელად ჩანს, რას აკეთებ
ამ პროფესიით ამერიკაშიც მიმუშავია. ჩვენი და იქაური მუშაობის წესი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. უცხოეთში ყველაფერს თავისი ვიწრო ჩარჩო აქვს, აქ კი მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია ყველაფერს მოიაზრებს. თანაც მარკეტინგი არახელშესახები სფეროა და ძნელად ჩანს, რას აკეთებ, არადა რეალურად ამ დროს უამრავი საქმე გაქვს.
თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ მაქვს. სამსახურისა და ოჯახის გარდა, ლექციებსაც ვკითხულობ, მოწვეული ლექტორის სტატუსით. შეიძლება, შედარებით თავისუფალი ვიყო მაშინ, როცა, მაგალითად, რაღაც ივენთზე მივდივარ. ძალიან მიყვარს კითხვა და როცა დრო მაქვს, სულ ვკითხულობ. ჩემს შვილსაც სულ ვეუბნები, რომ მოასწროს და რაც შეიძლება მეტი იკითხოს. მიყვარს უცხო ენების შესწავლა. ამჟამად 6  ენაზე ვსაუბრობ. ჩემი ჰობია მოგზაურობა, ვცდილობ, წელიწადში ერთხელ მაინც რომელიმე ახალი ქვეყანა ვნახო.