რა უქმნის სტაბილურობას „პაშა ბანკის“ პიარმენეჯერს?

PR კლუბი

18 იანვარი 16:00, 2016 წელი
82

თავის სამსახურებრივ გამოცდილებაზე გვესაუბრება „პაშა ბანკის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ანანო ქორქია, რომელიც დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.


მაგისტრის ხარისხი სტამბოლის უნივერსიტეტში მივიღე
დავამთავრე  საქართველოს დიპლომატიური აკადემია და სწავლა თურქეთში, სტამბოლის უნივერსიტეტში გავაგრძელე. იქ გავიარე  მაგისტრატურა სოციალური მეცნიერებისა და საერთაშორისო  ურთიერთობის განხრით. პირველი სამუშაო გამოცდილება თურქეთში მქონდა. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ნახევარ განაკვეთზე თარჯიმნად ვმუშაობდი. როცა საქართველოში დავბრუნდი, მალევე დავიწყე მუშაობა სარეკლამო სააგენტო „სტრომბოლში“. შვიდი თვის შემდეგ „სილქნეტში“ მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტად გადავედი, სადაც წელიწადზე მეტი დავყავი,რის შემდეგაც  ბანკ „რესპუბლიკაში“  ჯერ მარკეტინგის სპეციალისტის, ხოლო შემდეგ მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე ვიმუშავე.ბანკ  „რეპუბლიკიდან“ პირდაპირ აქ გადმოვედი და  ახლა „პაშა ბანკის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ვარ.



სტაბილური გარემო
„პაშა ბანკი“ აზერბაიჯანული კორპორატიული  ბანკია, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს.  
ამა წლის 15 იანვარს ჩვენი წარმომადგენლობა სტამბოლშიც გაიხსნა. ჩემი ყველა სამსახური, სადაც აქამდე  ვმუშაობდი, საცალო ბიზნესს მოიცავდა. ის პროდუქტები, რასაც ვყიდდით, ფიზიკურ პირებზე იყო ორიენტირებული. ახლა კი მხოლოდ მსხვილ  კომპანიებთან ვურთიერთობთ. შესაბამისად, მუშაობის სპეციფიკაც განსხვავებულია. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი წინა სამსახურებისგან განსხვავებით, აქ ბევრად სტაბილური გარემოა. არ გვაქვს გადარბენა, სასწრაფოდ დასაგეგმი აქციები და ა.შ.


საყვარელი საქმიანობა - ცხენით ჯირითი
სამუშაო დღე 9:30 საათზე იწყება. ვსვამ ყავას და წერილების  კითხვას ვიწყებ. ყოველთვის ჩამოწერილი გვაქვს გეგმა, რაც უნდა გავაკეთოთ. რომ გითხრათ, ყოველი დღე ერთმანეთისგან განსხვავდება-თქო, მოგატყუებთ, თუმცა არის დღეები, როცა განსაკუთრებით ბევრი საქმე გვაქვს.
თავისუფალ დროს მიყვარს მეგობრებთან ერთად ყოფნა და ცხენით ჯირითი. ძირითადად ამ მიმართულებით ვაქტიურობ. გამორჩეულად მიყვარს მოგზაურობა და  როცა დრო მაქვს, აუცილებლად სადმე მივდივარ.