მეცნიერებიდან მარკეტინგის მენეჯერობამდე

PR კლუბი

25 იანვარი 16:00, 2016 წელი
46

 Arttime პირველი კომპანიაა, რომელმაც  საქართველოში ცნობილი შვეიცარიული საათების ბრენდები შემოიტანა. ნინა თალაკვაძე Arttime-ში დაარსების დღიდან მუშაობს და უკვე 12 წელია, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია.


ამ სფეროში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი
პროფესიით ბიოფიზიკოსი ვარ, ბიოლოგიური მაქვს დამთავრებული. სრულიად შემთხვევით მეცნიერებიდან  მარკეტინგის სფეროში აღმოვჩნდი. ამ მიმართულებით სპეციალური განათლება არ მიმიღია, მაგრამ ინტერნეტმა იმდენად გაამარტივა ყველაფერი, რომ შეგიძლია, ნებისმიერი წიგნი ჩამოტვირთო და განათლება თვითონ მიიღო. უნივერსიტეტში ბიოფიზიკის კათედრაზე ვმუშაობდი. ჩემმა ახლობელმა მითხრა, რომ მარკეტინგის მენეჯერი სჭირდებოდათ. მოვედი გასაუბრებაზე და  ჩემი დატოვება გადაწყვიტეს. ეს კომპანია მაშინ სულ ახალი შექმნილი იყო. „სვოჩის“ მხოლოდ ერთი მაღაზია არსებობდა. მას შემდეგ ერთად მოვდივართ. უკვე ძალიან დიდი გამოცდილება დამიგროვდა. Arttime-ის პირველი და ჯერჯერობით ერთი მარკეტინგის მენეჯერი ვარ (იცინის).

სწავლას თავიდან რომ ვიწყებდე, მარკეტინგს ავირჩევდი
ეს სფერო ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ჩემს დროს უფრო ნაკლებად იყო ეს დარგი განვითარებული. ახლა რომ ვიწყებდე სწავლას, ნამდვილად მარკეტინგს ავირჩევდი. მიყვარს კომუნიკაცია და ხალხთან ურთიერთობა. გარდა ამისა, „ართთაიმის“ პროდუქცია ისეთია, არ შეიძლება, აქ მუშაობა არ მოგწონდეს.



პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოში შვეიცარიული საათები შემოიტანა 
ყოველდღიურად მილიონი ახალი გამოწვევა გვაქვს. გუნდურად ვმუშაობთ. ახალი ბრენდები გვემატება. კომპანია „ართთაიმი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ცნობილი შვეიცარიული საათების ბრენდები შემოიტანა. ერთი-ორით დაიწყეს და ახლა 20-ზე მეტი ბრენდია. გვაქვს შვიდი მაღაზია, მათ შორის ერთი - ბათუმში. ახლა გვინდა, ქუთაისშიც გავხსნათ. მალე ჩვენი სერვისცენტრიც გვექნება. ასე ნელ- ნელა ვიზრდებით.
რაც შეეხება ჩემს თავისუფალ დროს, აქამდე მთლიანად ჩემს შვილს ეკუთვნოდა, მაგრამ უკვე ორი წელია, ამერიკაში სწავლობს, მე კი  ჩემს საყვარელ საქმიანობას  დავუბრუნდი - წიგნი, მუსიკა... რამდენიმე ხნის წინ ახალი გატაცება - იოგა აღმოვაჩინე. ფეხი მოვიტეხე, მივედი და დავრჩი.  იოგა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.