ანნა იმედაშვილი: „ლოტუსის“ ყველა პროცედურა საკუთარ თავზე გამოვცადე“

PR კლუბი

1 თებერვალი 16:00, 2016 წელი
81

ანნა იმედაშვილს რამდენიმე პროფესია აქვს. ამბობს, რომ შეუძლებელი არაფერია. ფილმში თამაშისა და ტელეწამყვანის კარიერის შემდეგ მშვენიერი ანნა ესთეტიკური მედიცინის ცენტრ „ლოტუსის“ პიარმენეჯერი გახდა.

„ყველაფერი გამომივა“
პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ზოგადი ფსიქოლოგია დავამთავრე. მეგონა, ეს პროფესია ძალიან მინდოდა. მანამდე რაღაც პერიოდი ჟურნალისტიკაზეც ვსწავლობდი. საბოლოოდ ფსიქოლოგია დავამთავრე და მერე მარკეტინგის კურსები გავიარე. ამ სამმა სფერომ ერთმანეთი შეავსო. ფსიქოლოგად ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე. მართალია, ეს საინტერესო პროფესიაა, მაგრამ საქმე ემოციასთან გაქვს, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. ზოგადად, მჩვევია, რომ ყველაფერი მაინტერესებს და მინდა, ვიცოდე. ხშირად ვამბობ ხოლმე: „მე ყველაფერი გამომივა“. 

ფილმში თამაში - რაც გავაკეთე 26 წლამდე 
ბავშვობაში მქონდა სია: რა მინდოდა გამეკეთებინა 26 წლამდე. რადგან 26 წლის რომ გავხდებოდი, ოქროს დაბადების დღე მექნებოდა, მანამდე  კი სიაში ჩამოთვლილი პუნქტები უნდა მომესწრო. მათ შორის ფილმში თამაშიც იყო. ჩემს მეუღლეს სასტიკად არ უნდოდა, რომ „ოცნების ქალაქში“ მეთამაშა. ახლა ვხვდები, რატომაც. რთულია ოჯახის წევრთან მუშაობა. ამ დროს ასჯერ მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება. ქარაფშუტა გოგონას როლი მერგო  და შედარებით მარტივი იყო ამის შესრულება.
მერე წამყვანი ვიყავი „ახალ ქართულ ხმაში“. იქაც შემთხვევით მოვხვდი. ნული გამოცდილება მქონდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის სეზონი ყველაზე წარმატებული იყო.
ამას მოჰყვა ჩემი ფეხმძიმობა და ავტომატურად გამოვეთიშე საბავშვო „ვოისს“.
მაშინ „ლოტუსი“ ჩვენი სპონსორი იყო, მე კი - მათი მომხმარებელი.




ყველა  პროცედურა საკუთარ თავზე გამოვცადე
ვფლობთ ექვს ფილიალს. როცა კონკრეტული სერვისის ან პროდუქტის პიარს ცდილობ, კარგად უნდა იცნობდე ამ პროდუქტს. სასურველია, თუ პრაქტიკაშიც გამოიყენებ. ნებისმიერი პროცედურა, რომელიც „ლოტუსშია“ წარმოდგენილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ამიტომაც ვარ გულწრფელი. დეტალურად ვუყვები ყველას და ეს არის ყველაზე კარგი რეკლამა. მე ასე მგონია.
დილა ჩემი შვილით იწყება, მას ბაღში ვტოვებ და მე აქ მოვდივარ. ვხსნი ელექტრონულ ფოსტას და წერილებს ვამოწმებ. ესთეტიკური ცენტრის პიარმენეჯერობა ძალიან კომფორტული საქმეა, არ არის რუტინული, არ მოითხოვს კონკრეტულ გრაფიკს და საბუთებში ქექვას. მგონია, რომ ძალიან მიახლოებულია არტისტის პროფესიასთან, შეგიძლია აკეთო ყველაფერი, რაც კომპანიას ცნობადობაში დაეხმარება.
ჩემი სამსახური და თავისუფალი დრო ერთმანეთისგან ძალიან არ არის გამიჯნული. პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად დავდივარ „ივენთებზე“ და ხალხთან ვურთიერთობ, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დანარჩენი დრო მთლიანად ჩემს შვილს მიაქვს. მთელი დღე ერთმანეთს ვერ ვხედავთ, ამიტომაც, როცა ვნახულობ, ხშირად ვთამაშობთ და ვსეირნობთ.  
მოკლედ, საინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობ, მე კმაყოფილი ვარ (იცინის).