ლანა ბლიაძე: „კარგი PR მენეჯერისთვის საუნივერსიტეტო განათლება არ კმარა“

PR კლუბი

14 მარტი 16:00, 2016 წელი
532

 „რომელ მუსიკალურ სკოლაში გინახავთ, ბავშვებს ასწავლიდნენ ვალერიან შიუკაშვილი, რომელიც უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, ნინო ქათამაძე, თამარ ლიჩელი, გიორგი უშიკიშვილი ...“ - დღეს PR კლუბის სტუმარია „საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის“ PR მენეჯერი ლანა ბლიაძე, რომელსაც სამი სამსახური და დაუშრეტელი ენერგია აქვს.

ჟურნალისტიკა, ცეკვა და PR - სამი ერთში
პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე და მეორადი სპეციალობა PR მენეჯერობა ავირჩიე. შემდეგ სწავლა გავაგრძელე „გაუს“ პიარსკოლაში. ვმუშაობ „საზოგადოებრივ რადიო 1-ში“ (FM 102.4), სადაც დილის პროგრამა „პიკის საათი“ მიმყავს. ასევე, მაქვს ნაციონალური ცეკვების შემსწავლელი სამოყვარულო სტუდია, სადაც მოყვარულებს ვასწავლი ცეკვას. პარალელურად კი „საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის“ PR მენეჯერი ვარ. ამჟამად სამივე პროფესიით ვმუშაობ და ვცდილობ, დრო სწორად გავანაწილო და ყველაფერი მოვასწრო. შესაბამისად, მოდუნების საშუალებაც აღარ მაქვს.

კარგი PR მენეჯერისთვის საუნივერსიტეტო განათლება არ კმარა
პიარი ისეთი სფეროა, რომ მოწოდებით უნდა იყო აქტიური, კრეატიული და სულ სიახლეებს ეძებდე. დაინტერესებული უნდა იყო, რომ შენი კომპანიის შესახებ გაიგოს ყველამ. ამ საქმეში წარმატებული რომ იყო, მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლება არ კმარა, ორგანიზების ნიჭიც უნდა გქონდეს. იდეალურ გარემოში ვმუშაობ და შემიძლია, თავისუფლად ვთქვა, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

უფრო მეტი საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემიის შესახებ
„საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია“ ცოტა სპეციფიკური სამუშაოა, თუ არ გაინტერესებს მუსიკა, კლასიკა და არ გიზიდავს ხელოვნება, არაფერი გამოვა. ჩემთვის კი პირიქით, ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. მეც ხომ ხელოვანი ვარ და ქორეოგრაფიასთან მაქვს შეხება. მუსიკალური განათლებაც მაქვს და, შესაბამისად, ეს გარემო ჩემთვის უცხო არ არის. თან ჟურნალისტიკასთანაც ახლოა.
მუსიკის აკადემია 2015 წლის მიწურულს დაარსდა და უკვე საკმაოდ წარმატებულია. ჩემთვის ძალიან საინტერესოა აქ მუშაობა. მაქსიმალურად ვცდილობ, უფრო მეტს მივაღწიოთ. ჩვენ მსოფლიო მასშტაბის წამყვანი მუსიკოსები გვყავს. მაგალითად, ვალერიან შიუკაშვილი, რომელიც მუსიკის აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორია და ფორტეპიანოს მიმართულებას უძღვება, ასევე, ნინო ქათამაძე, რომელიც ბავშვებს სიმღერას ასწავლის, გიორგი უშიკიშვილი, რომელიც ფოლკლორის მიმართულებას უძღვება, ასევე, თამარ ლიჩელი და მათი ასისტენტები. მუსიკის აკადემია UG სკოლის ბაზაზეა დაფუძნებული.

მიზანი და საშუალება
ჩვენი მიზანია, ადრეული ასაკიდან ხელი შევუწყოთ მოსწავლეების პიროვნულ განვითარებასა და მათი ნიჭის რეალიზაციას. ჩვენთან მიღება ხდება ძალიან მარტივად, ჩვენი ვებგვერდია ugmusic.ge, სადაც ყველა მსურველს შეუძლია, დარეგისტრირდეს.
გვაქვს ფეისბუკ გვერდიც ttps://www.facebook.com/U.G.MusicAcademy/?fref=ts, რომელსაც მე ვაკონტროლებ. ასევე, ვთანამშრომლობთ წამყვან ქართულ მედიასაშუალებებთან.
სულ ერთი თვეა, რაც ამ აკადემიაში პიარად ვმუშაობ. ვცდილობ, ჩემი პიარსტრატეგიით აკადემია მაქსიმალურად ცნობილი და უფრო მეტად წარმატებული გავხადო. ხშირად ვაწყობთ პრეზენტაციებს თბილისის სხვადასხვა სკოლებში და ვცდილობთ, ვაჩვენოთ მშობლებს, რომ არსებობს ისეთი მუსიკალური აკადემია, სადაც ხელმისაწვდომ ფასად შეუძლიათ, თავიანთ შვილებს მაღალი დონის მუსიკალური განათლება მისცენ.

რატომ „საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია“?
ამ კითხვაზე ძალიან კონკრეტული პასუხი მაქვს (იღიმის), რომელ მუსიკალურ სკოლაში გინახავთ, ბავშვებს ასწავლიდნენ ვალერიან შიუკაშვილი, რომელიც უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, 21-ე საუკუნის მსოფლიოს ვარსკვლავების სიაშია მოხვედრილი, ნინო ქათამაძე, თამარ ლიჩელი, გიორგი უშიკიშვილი... 
მუსიკის აკადემია ერთგვარი ხიდია საქართველოდან მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებამდე. მოსწავლეებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ, როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, შვედეთის, აშშ-ს, კანარის კუნძულების, ბულგარეთის, რუსეთის, თურქეთის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და საბერძნეთის საერთაშორისო კონკურსებსა თუ ფესტივალებზე.

აპრილში, ჩვენს აკადემიასა და არტ აკადემიას ერთობლივად გვაქვს დაგეგმილი „ბახისა“ და „სენაკის“ ფესტივალები, როლებმაც ტრადიციული სახე მიიღო და ყოველ წელს ტარდება.  
ივლისში კი იწყება მუსიკალური არდადეგები - 50 მოსწავლეს, ჩვენს პედაგოგებთან ერთად, საშუალება აქვს, ჩაერთოს ამ ტურნეში და მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღოს მონაწილეობა კონცერტებში.

ვიზაჟისტი ვიქტორია ბულისკერია-ბაკურია