როგორ კეთდება „ემბავუდი“?!

PR კლუბი

4 აპრილი 16:00, 2016 წელი
79

ხმამაღლა ვიტყვი, რომ „ემბავუდში“ ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და მომსახურების დახვეწილი სერვისი გელით. სამწუხაროა, როდესაც მომხმარებელი ავეჯის ეკოლოგიურობას ყურადღებას არ აქცევს, რადგან ამაზეც არის დამოკიდებული მათი ჯანმრთელობა“, - გვიხსნის ჩვენი დღევანდელი სტუმარი, საერთაშორისო ბრენდ „ემბავუდის“ მარკეტინგის მენეჯერი დიმიტრი გრაჩევი.


საწყისი
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემი მიზანი ყოველთვის მარკეტინგის სფეროში მუშაობა იყო და აი, უკვე ოთხი წელია, 20-წლიანი გამოცდილების მქონე ავეჯის სახლ „ემბავუდში“ ვმუშაობ. თავიდან მერჩენდაიზერი ვიყავი, შემდეგ კი მარკეტინგის მენეჯერი გავხდი. სხვათა შორის, ფიზიკა და მარკეტინგი ერთმანეთს ავსებს. ფიზიკა, მათემატიკა, გეომეტრია არა მარტო მშრალი ციფრები, არამედ დიდი მოცულობის, ძალიან საინტერესო ინფორმაციაა. ფიზიკა ყველაფრის შესწავლაში მეხმარება. მაგალითად; მარკეტინგის მენეჯერის შესაბამისი განათლება არ მქონდა, მაგრამ მარტივად ავითვისე. რისკიანი ვარ და არ მეშინია ბარიერების. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ხშირად, სხვადასხვა პროფესიების მორგებაც მიწევს ხოლმე: ხან კონსულტანტი ვარ და მომხმარებლებს უშუალოდ მე ვესაუბრები, ხან - დიზაინერი...



გზა წარმატებისკენ
წარმატებულია ის ადამიანი, ვინც მუდმივად მუშაობს საკუთარი თავის განვითარებაზე. ერთი ადგილი არ ტკეპნოთ, მუდამ სიახლეების ძიებაში იყავით. იკითხეთ წიგნები, ეს ახალი უნარების შეძენაში ძალიან დაგეხმარებათ. მარკეტინგი არ ჩერდება, ის მოძრავია და სწრაფად ვითარდება. ამ სფეროში, ადამიანის ფსიქოლოგიის ცოდნაც მნიშვნელოვანია. ასევე, დიზაინშიც კარგად უნდა ერკვეოდეთ. იცოდეთ, როგორ უნდა საუბრობდნენ ქოლცენტრში. მარკეტინგის მენეჯერი თითქმის ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, როგორსაც დირექტორი. ნებისმიერ მარკეტინგის მენეჯერს მომავალში საკუთარი ბიზნესის შექმნა თავისუფლად შეუძლია. მარკეტინგი არა მხოლოდ გაყიდვა, არამედ ხელოვნებაცაა. დიდი მნიშვნელობა აქვს, მომხმარებელს შენი რეკლამით როგორ შეტყობინებას გაუგზავნი. ყველაფერი უნდა იყოს ლამაზი, ხარისხიანი და კომფორტული, რომ კარგად გაიყიდოს.


მარკეტინგული გათვლები
მე ვთანამშრომლობ მასმედიასთან. ვაკონტროლებ სოციალურ ქსელს, მაღაზიის ექსტერიერს, ინტერიერს... ვწყვეტ, მაღაზიაში როგორ, რა თანმიმდევრობით დალაგდება ავეჯი. აქ მნიშვნელოვანია ფერების შეხამება, ფასები და, რაღა თქმა უნდა, ფუნქციონალურობა. მოკლედ, ძალიან ბევრი ხრიკია (იღიმის), რომლებიც მომავალში ბიზნესზე წარმატებით აისახება. როგორც ბილ გეითსმა თქვა: „მე მირჩევნია, ოროსანი, მაგრამ ნიჭიერი ავიყვანო სამსახურში, რომელიც მოძებნის მარტივ ხერხს საქმის უკეთ წარმოებისთვის, ხუთოსანს კი ამავე საქმისთვის ბევრად მეტი დრო დასჭირდება“. მეც ვცდილობ, ის ბალანსი ვიპოვო, რომელიც დიდ დროს არ დამაკარგვინებს და ჩემი მუშაობა ეფექტური იქნება.


„ემბავუდის“ უპირატესობები
ხმამაღლა ვიტყვი, რომ „ემბავუდში“ ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია და მომსახურების დახვეწილი სერვისი გელით. სამწუხაროა, როდესაც მომხმარებელი ავეჯის ეკოლოგიურობას ყურადღებას არ აქცევს, რადგან ამაზეც არის დამოკიდებული მათი ჯანმრთელობა. ჩვენ ყველა მყიდველს ინდივიდუალურად ვუდგებით და ვითვალისწინებთ მათ სურვილებს. იმის საშუალებაც გვაქვს, კლიენტს დაზიანებული ნივთი შევუცვალოთ. აქ ვაწარმოებთ ევროპულ დანადგარებზე, ევროპულ პროდუქციას. ჩვენი პროდუქტი გადის ექსპორტზე უკრაინაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და რუსეთში.
ოჯახი და სამსახური
დრო პირადი ცხოვრებისთვისაც მრჩება. ორი შვილი მყავს და ვცდილობ, თავისუფალი დრო მთლიანად ოჯახს დავუთმო. კარგია, როდესაც სახლში მიდიხარ და ისვენებ. მთავარია, შეძლო და სამსახურის პრობლემები შინ არ მიიტანო. სამსახური და სახლი ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს. მეც ვცდილობ, მაგრამ ხანდახან არ გამომდის (იღიმის).