ია მოდებაძე: „არ მქონდა იმდენი ფული, რომ მეორადი ავტომობილი მეყიდა...“

PR კლუბი

30 მაისი 16:00, 2016 წელი
53

„მანქანა გაზიანი სასმელი არ არის და სულ ერთი არ გახლავთ, რეკლამას ვის შევთავაზებთ“, - გვითხრა „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა. მარკეტინგულ საქმიანობასა და აღნიშნულ სფეროში 7-წლიან გამოცდილებაზე 27 წლის ია მოდებაძე გვიყვება.

- ია, მარკეტინგის სფეროში რამდენად გამოცდილი მოხვედით?


მარკეტინგის სფეროში ყოველგვარი გამოცდილების გარეშე მოვედი. საფრანგეთში, ბიზნესსკოლაში ვსწავლობდი და იმისთვის, რომ დიპლომი ამეღო, სტაჟირება ფრანგულ კომპანიაში უნდა გამევლო. „რენო“ და „პეჟოც“ ჩვენს ჰოლდინგში ერთიანდებიან (ამ ეტაპზე არ ექვემდებარებიან „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მარკეტინგს), რის გამოც „იბერია ბიზნეს ჯგუფში“ მუშაობის დაწყება მომიწია და უკვე 7 წელია, მათთან ვთანამშრომლობ, რაც გულისხმობს იმას, რომ მეხება „ფოლკსვაგენის“, „აუდის“, „კიას“, „მიცუბიშისა“ და „შკოდას“ მარკეტინგული აქტივობები.


 


- თავიდანვე მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დაიკავეთ?


ორი თვე სტაჟიორად ვიმუშავე. შემდეგ კი საკმაოდ მრავალფეროვანი გზა გავიარე. ხან მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწე ვიყავი, ხანაც მე გახლდით უფროსი და დამხმარე მყავდა. ერთი პერიოდი ბრენდებში დავნაწილდით და მხოლოდ „კიას“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ვიყავი. შემდეგ კი რესტრუქტურიზაცია მოხდა და უფროსი გავხდი.


 


- რით არის თქვენთვის საინტერესო ავტომობილების გაყიდვის სფერო?


ეს ისეთი სფეროა, მგონია, რომ ყველს აინტერესებს. მანქანები ქალებსაც უყვართ, ბავშვებსაც და მამაკაცებსაც. ამიტომ მეც დიდი სიამოვნებით ვარ ამ სფეროში ჩართული. რაც ყველაზე საინტერესოა, იდეების განხორციელების საშუალება გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ „კია“ ავსტრალია ნოუპენის სპონსორია, გადავწყვიტეთ, ამ მარკის მომხმარებლებს შორის გასართობი ჩემპიონატი ჩაგვეტარებინა, რომელიც მოსაწყენი არ იქნებოდა. გამარჯვებული კი ავსტრალიაში წავიდოდა. ერთ-ერთ ავტომობილს უკან ორი ბორბალი დავუმაგრეთ, რაც ყინულზე სრიალის ეფექტს სძენდა და მოძრაობას ართულებდა. ასეთ გასართობ შეჯიბრებებს „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ ხშირად ვატარებთ. დედაჩემი, ლიზა ვადაჭკორია, ჟურნალისტი გახლავთ. მას ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ბრენდის კიას ავტომობილი ყავს და პიარში ყოველთვის გვეხმარება. ჟურნალისტიკა ის სფეროა, სადაც საკუთარი თავი ვერასდროს წარმომიდგენია.


 


- ახალგახსნილ „აუდის“ ცენტრს საუცხოო დიზაინი აქვს...


- კი, ასეა. „აუდის“ ცენტრი 2015 წლის გაზაფხულზე გავხსენით. ერთ-ერთი პირველია, რომელიც ახალი სტანდარტების მიხედვით გაკეთდა. „აუდის“ ცენტრი ბუტიკის სტილშია აშენებული. ავტომობილების გარდა, აქსესუარები და სხვადასხვა საჭირო ნივთები იყიდება. საბავშვო ავტომობილებიც გვაქვს ხოლმე, რომელთა დიზაინიც ისეთივე დახვეწილია, როგორც „აუდის“.


 


ამ ეტაპზე საავტომობილო ბაზარზე ყველაზე დიდი სირთულე რა არის?


- ჩემთვის, როგორც მარკეტინგის მენეჯერისთვის, ყველაზე დიდი სირთულე საჭირო სეგმენტზე გასვლაა, რადგან მანქანა გაზიანი სასმელი არ არის და სულ ერთი არ გახლავთ, რეკლამას ვის შევთავაზებთ. იპოვო სეგმენტი, რომელსაც სურვილი გაუჩნდება, თანხა ახალ ავტომობილზე დახარჯოს, ძალიან რთულია. 


 


„აუდის“ მარკით რა სეგმენტი ინტერესდება?


- არ ვიცი, ამ შეკითხვას რომელიმე სფერო თუ პასუხობს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ „აუდის“ გამოხატული სეგმენტი ჰყავს. მისი მყიდველი არ არის 18 წლის ადამიანი. ამ მარკას ყიდულობენ ისინი, ვისაც პროგრესულ, სპორტულ და ძალიან მაგარი დიზაინის ავტომობილებზე აქვთ მოთხოვნა. „აუდის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი კვადროსისტემაა, რითიც ძირითადად მაღალი გამავლობის ავტომობილები ხასიათდებიან, თუმცა აღნიშნული ბრენდის შემთხვევაში, ეს უპირატესობა სედანსაც აქვს, რაც საოცარ სპორტულობასა და მოჭიდებას უზრუნველყოფს. ჭკვიანი სისტემა სიმძლავრეს თავისით ანაწილებს, ეს კიდევ დამატებითი კომფორტია. გარდა ამისა, გადაცემათა კოლოფის დახვეწილობა სიჩქარიდან სიჩქარეში რბილად გადასვლის გარანტიაა.


 


„აუდი“ საკმაოდ ძვირად ღირებული მარკაა. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მისი შენახვა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამაზე რას იტყვით?


- ამბობენ, რომ „აუდის“ ნაწილები ძალიან ძვირია. ამ მოსაზრების გამო არაერთხელ მიკამათია. რა ჯდება ამ მარკის შენახვა, სპეციალურად დავითვალე და მინდა გითხრათ, რომ მკვეთრი სხვაობა არ არის. ავტომობილი მაშინაა მწყობრში, როცა ავტონაწილები წესრიგში აქვს. მომხმარებელმა ავტონაწილებში შეიძლება ხარჯი გაწიოს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად აღნიშნავს, რომ „აუდით“ გადაადგილება კომფორტულია.


 


რამდენი მოდელი გაქვთ გასაყიდად გამოტანილი?


- ავტომობილების ზუსტი რაოდენობის დასახელება რთულია. განსაზღვრული სტანდარტების მიხედვით, შოუ რუმში 5 მანქანა დგას. განლაგება და განათებაც კი საყურადღებოა. ყველაზე დიდი სიხშირით Q 7“ იყიდება. „Q 7“ - მაღალი გამავლობის ავტომობილია, რომელიც ტევადობითაც გამოირჩევა და მომხმარებელში საკმაოდ პოპულარულია, ისევე როგორც „Q 5“ და „Q 3“, რომელთან დაკავშირებითაც საინტერესო გეგმები გვაქვს. ამას კი ჩვენს მომხმარებელს სიურპრიზად დავუტოვებ.


 


ქალები ძირითადად რომელი მოდელით ინტერესდებიან?


- „Q 3“, „Q 5“, „Q 7“ - ქალებისთვის ძალიან მიმზიდველი და საინტერესოა. „A 3„ ძალიან მაგარი მოდელია. უბრალოდ, ისეთ სეგმენტზეა გათვლილი, საქართველოში არც ისე დიდია მოთხოვნა. ამიტომ ვერ გეტყვით, რომ მისი გაყიდვების მაჩვენებელი გამორჩეულია.


 


ამ ეტაპზე გაყიდვებით რამდენად კმაყოფილი ხართ?


- „აუდის“ ახალმა ცენტრმა გაყიდვები ძალიან წაახალისა. კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გეტყვით, რომ გაყიდვებით კმაყოფილი ვართ. ავტომობილები ევროში იყიდება. დოლარისა და ევროს კურსი ერთმანეთთან მიახლოებამ, „აუდის“ ცენტრში მანქანის შეძენა შედარებით ხელმისაწვდომი გახადა.


 


შეძენის პირობები როგორია?


- ავტომობილის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის განვადების სერვისით და ლიზინგითაც, რომლის შემთხვევაშიც მანქანა კომპანიაზე ფორმდება და გადახდის პირობებიც უფრო მოქნილია. „აუდის“ ორწლიანი გარანტია მოჰყვება, თუმცა თანხის დამატების შემთხვევაში 5-წლიანი გარანტიის შეძენაც შესაძლებელია, რაც აპრობირებული მეთოდია.


 


თქვენ რა მარკის ავტომობილზე შეაჩერეთ არჩევანი?


- „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ ჰოლდინგში რაც ერთიანდება, ყველა ბრენდი შვილივით მიყვარს. არჩევანი „კიაზე“ შევაჩერე, რომელიც ცენტრიდან შევიძინე. როცა მეკითხებიან, ახალი ავტომობილი რატომ ვიყიდე, ჩემი პასუხია, - არ მქონდა იმდენი ფული, რომ მეორადი ავტომობილი მეყიდა-მეთქი. ამ სიტყვებით ახალი ავტომობილების შეძენას პროპაგანდას არ ვახდენ. 5-წლიანი გარანტია აქვს, ისევე როგორც „აუდის“.


 


სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?


- „Q 7“-ის ტესტ-დრაივს ვგეგმავთ. შეჯიბრება ზაფხულში გაიმართება. კონცეფცია კი ახლა იგეგმება.